16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი

ჩანაწერი #7 ქეთი კაპანაძე

— მათემატიკის დავალება გიწერია?
— ჰო, აბა?
— აუუ მათხოვე რა, — შემეხვეწა თორნიკე.
— აჰა, აიღე. კიდე არ დაწერე?
— აუ, ვთამაშობდით და მერე მამაჩემს ვეხმარებოდით და კაროჩე რა, მომე რა უცბად გადავწერ.
— ყველაფერი სწორად არ დაწერო, მიხვდება ნუნუ მასწი, — გავაფრთხილე მე.
— აუ ნუ მასწავლი სულ, ვიცი როგორც უნდა დავწერო გოგო. — გამომგლიჯა რვეული და თავისი მერხისკენ წავიდა.

არც მახსოვს რომელი კლასიდან მომწონს თორნიკე. მე მგონი მეოთხე კლასში ვიყავით, საახალწლო ზეიმზე ის თოვლის პაპა იყო, მე კიდევ ფიფქია და ერთად ვიცეკვეთ ნაძვის ხის გარშემო, ძალიან ლამაზი და გრძელი თეთრი კაბა მეცვა, დედამ შეაკერინა. მერე საჩუქრებიც დავურიგეთ ბავშვებს. დამრიგებელმა მოიტანა ზეიმის დაწყებამდე, პარკებში ელაგა, მანდარინები, შოკოლადები და ჩურჩხელის ნახევარი. საღამოს გავიგონე დედა ეუბნებოდა მამას ამაში გადავიხადეთ 30 ლარიო? ვერ გავიგე მაგან რატომ გადაიხადა საჩუქრებში? მასწავლებელმა არ მოიტანა?

ბერიძე რას წერ ამდენს? — ნუნუ მასწავლებელი! როდის შემოვიდა კლასში? თავზე ადგას თორნიკეს.
— საშინაო დავალებას მასწ.
— საშინაო დავალებას რატომ ჰქვია საშინაო დავალება, ბერიძე? ანუ რაო, რა იგულისხმება, სად უნდა დავწეროთო?
— რვეულში მასწ, — ეღრიჭება თორნიკე.
— კლოუნი ხარ. მომეცი აბა ვისგან იხატავ, ჩავხედოთ ერთი ვინ არის ასეთი გულმოწყალე, ოჰ, კაპანაძის ქალს გამოუჩენია თავი, გამომართვი გოგო ეს, — გამომიქანა რვეული ნუნუ მასწმა და ძლივს დავიჭირე, — მეორედ კიდევ წაგასწრებთ მაიმუნობაში და ორივეს ორიანებს გაგიფორმებთ მთელი კვირის განმავლობაში, გასაგებია?! — გადმომხედა სათვალის ზემოდან და თავისი მაგიდისკენ დაიძრა.
— აუ კაი რაა ნუნუ მასწ, თქვენ ხო ჯიგარი მასწი ხართ, თან ქეთის ბრალი არ არის მე ვთხოვე და ტვინი ვუ…ბურღე დილიდან. — წამოხტა თორნიკე და გაეკიდა, — ნუნუ მასწ…
ბერიძე, შენს ადგილს დაუბრუნდი და ხმა არ გავიგო შენი. ქეთი შენ თავში ჭკუა არ გაქვს? როდემდე უნდა აწერინებდე ამ ოროსნებს დავალებებს შვილო? გიფასებს მაინც ვინმე? რაც თავი მახსოვს ბერიძის დავალებების წერაში ხარ, გიყვარს გოგო?

გავშრი. ამოვილუღლუღე, არა მასწ, თორნიკე ჩემი მეგობარია მეთქი. დავჯექი და მათემატიკის წიგნი გადავშალე. რა? რა? რაო? რა მიყვარს? რას იფიქრებს თორნიკე, აუ როგორ დამცინის ალბათ. აუუ. ვერ გავიხედავ. იხუმრა ალბათ ნუნუმ, რა იცის მიყვარს თუ არა. თორნიკეც იცინის? ვიღაცები ფხუკუნებენ? დაიწყებენ ახლა ჭორაობას. არ მიყვარს! უბრალოდ ჩემი მეგობარია და ვეხმარები, არ შეიძლება? საერთოდ არავის საქმე არ არის მე ვინ მიყვარს და ვინ არა! აუუ! მეზიზღება ეს ქალი!

— საჭირო ოთახში გავალ მასწ, — შევეხვეწე ნუნუ მასწავლებელს.
— ახლა არ დაიწყო გაკვეთილი?
— დიახ მასწ, მაგრამ ვერ მოვასწარი გასვლა.
— რას მოასწრებდა მასწ, დავალებებს უწერდა შეყვარებულს, — ვიღაცამ დაიყვირა უკანა მერხიდან, ალბათ გოგოლაძე იყო, ფუ როგორ მეზიზღები! შენ თუ დაგეხმარო რამეში!
— ენა ჩაიგდე ბიჭო! — თორნიკემ რვეული ესროლა გოგოლაძეს და წამოხტა.
— ახლავე დაეყარეთ ადგილებზე ყვე-ლა-ნი!!!!!!

იკივლა ნუნუ მასწავლებელმა. ყველა გაჩუმდა, დავინახე თორნიკე დაემუქრა გოგოლაძეს დასვენებაზე ნახე რა მოგივაო, იმას შეეშინდა და წიგნში ჩაძვრა. მე გამოვიხედე სასწრაფოდ, თორნიკეს რომ არ დავენახე. როგორ მრცხვენია. ეხლა დაიწყებენ ჩემზე კაიფს. აუ ნეტა დაავიწყდეთ დასვენებამდე.

თორნიკეს შეყვარებული ჰყავს. ის გოგო ჩვენს პარალელურ კლასში სწავლობს, მერი ჰქვია, მეკოს ეძახიან. ლამაზი გოგოა, გრძელი თმა აქვს და ლამაზი. და გამხდარია. მე პუტკუნა ვარ. თორნიკეს გამხდარი გოგოები მოსწონს. გავიგონე ერთხელ ლაპარაკობდნენ ბიჭები. მაშინ თქვა მსუქან გოგოებს ვერ ვიტანო, რო უნდა ჩაეხუტო და ქონი მოგხვდება ხელშიო. იმ ღამეს სულ ვტიროდი. ვცდილობ, რომ გავხდე მაგრამ არ გამომდის. დედას ვთხოვე ექიმთან წამიყვანე მეთქი და რად გინდა ექიმიო, გიხდება პუტკუნა რომ ხარო, პირიქით სულ საჭმელს მატენის და მეუბნება, ბავშვი მსუქანი უნდა იყოსო, ეგ ნიშნავს რომ კარგად ვცხოვრობთ და არ გვიჭირსო.

სკოლაშიც სულ მატანენ ფულს და მეუბნებიან რომ მშიერი არ ვიყო, ბუფეტის ქალს დაუმეგობრდა და უთხრა თუ შეამჩნევ რომ არ ჩამოვა საჭმელად, მაშინვე დამირეკეო. თავიდან ჩავდიოდი ყოველდღე და ძალით ვჭამდი ხაჭაპურს. მერე მოვიფიქრე, ვყიდულობ და მომაქვს, ვითომ დავალება მაქვს დასაწერი და არ მცალია ბუფეტში დასაჯდომად, უკვე ერთი თვეა ხან რომელ მშიერ ბავშვს ვჩუქნი, ხან რომელს. ზოგჯერ ნაგავშიც ვაგდებ ხოლმე. ერთხელ ჩხიკვაძემ დამინახა ნაგავში რო ვაგდებდი ხაჭაპურს და დამცინა, ქეთი ისეთი მსუქანია ერთი თვე რო არ ჭამოს მაინც არაფერი მოაკლდებაო, და არ ჭამს მაგიტოო.

მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე. მერე მოვიდა და ბოდიში მომიხადა, ვიხუმრეო, სინამდვილეში არ მინდოდა. ყურები ჰქონდა აწითლებული. ალბათ თორნიკე ეჩხუბა. არა უშავს მეთქი ვუთხარი მაგრამ ვიცი რომ მსუქანი ვარ. და არ მიყვარს ჩხიკვაძე. და არც ჩემი თავი არ მომწონს. ყოველ დილით სკოლასთან 20 თეთრად ვიწონები ხოლმე, ორი კილოგრამი მოვიკელი და ძალიან მიხარია. მაგრამ ჯერ მაინც მსუქანი ვარ. სახლში დილით მაჭმევს დედა ბევრს. და მერე საღამოსაც სულ მაიძულებს რომ ვჭამო. მაგრამ საღამოობით ზოგჯერ ტელეფონზე ლაპარაკობს და ყურადღებას არ მაქცევს, მაგ დროს ვიპარები და ტუალეტში ვასხამ საჭმელს. რომ დამიჭიროს ალბათ ძალით გამასუქებს ისევ. მაგრამ ძალიან მინდა გახდომა. ინტერნეტში ვნახე თუ ჭამის მერე ეგრევე არწყევ, ძალიან ხდები და თან ძალიან მალეო. მინდა ვცადო მაგრამ მეშინია რწყევის.

ზარი დაირეკა თუ არა წამოვხტი და კლასიდან გავვარდი. გავგორდი. მე ხო მსუქანი ვარ. თორნიკე გამომეკიდა.

— ქეთი, ქეთი, დამელოდე, ქეთი!
— რა იყო? — ვკითხე ჩვეულებრივად.
— დაიკიდე რა ეს ყლექალა, კაი? იღადავა მაგის ჭკუით.
— კაი ტეხავს, ნუ იძახი ეგეთ სიტყვებს.
— ერთი მაგის დედაც მოვტყან, დაიკიდე კაი? და ნუ ხარ გაბუტული, ხო იცი რო მეგობრები ვართ? ჰა? ხო ვძმაკაცობთ? — შემანჯღრია თორნიკემ მხიარულად.
— ჰო, ვძმაკაცობთ, აბა რა! — გავუცინე მე.
— ჯიგარი ხარ, აუ წამო რა რუსული დამაწერინე გეხვეწები, მაგრად გაუტყდება დედაჩემს დავპირდი არ მივიღებ ორიანს რუსულში თქო, შემცა ამ რუსკაიზიჩნი ბებია გყავს და ოროსანი ხარ რუსულში და რა სირცხვილია და კაროჩე რაა.
— წამო.
— აუ ანდა მოგცემ რვეულს და შენ დამიწერე რა გთხოოვ, მე ჯერ გოგოლაძეს უნდა წამოვარტყა კეფაში მაიმუნობისთვის და მერე მეკოსთან ჩასვლაც მოვასწრო, მიდი რა გთხოოვ, — შემეხვეწა.
— მომე რვეული და დაგიწერ.
— აუუ რა ჯიგარი ხარ ქეთო! შენ რო არ მყავდე არ ვიცი რა, გამაგდებდნენ კაი ხნის წინ და ჩემებს ინფარქტი დაარტყამდათ კიდეც. ჩემი ძმა ხარ რა! ბოზიშვილივიყო ბევრ ბიჭს თუ არ ჯობდე ისეთი ჯიგარი ხარ. — მხარეზე მუშტი მომარტყა და გაიქცა.

წავედი, თორნიკეს ჩანთაში რვეული უნდა ვიპოვო, და დავალება უნდა დავუწერო მარცხენა ხელით. მახსოვს, მაგის რუსულის რვეულს მანქანები ახატია, The Cars მულტფილმიდან, და უკანა ფურცლებზე ბიჭების ნათამაშები ჯოკრებია ჩამოწერილი. გაკვეთილზე თამაშობენ ხოლმე ჩუმად.

კომენტარები
20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი