16 სექტემბერი 17 სექტემბერი

ჩანაწერი #6 ანანო ჩანტლაძე

დილით ჩაიდნის სასტვენის ხმამ გამაღვიძა. მამაჩემი იქნება, ყოველთვის ყველაზე ადრე იღვიძებს და სამსახურში მიდის. სულ ჩაიდნის ხმა მაღვიძებს, ან იმის ხმა, როგორ წმენდს თავის ჩექმებს. ყოველ დილით აიღებს ჩოთქს, ორი აქვს, შავი და ყავისფერი, შავი ჩექმების და შავი ფეხსაცმლის არის, ყავისფერი — ყავისფერი ფეხსაცმლის. ფეხს ჩამოდებს დერეფანში ტრილიაჟზე და ჩოთქავს თავის ფეხსაცმელს. სამხედროა, მხრებზე ბევრი ვარსკვლავები აქვს. ადრე მიდის ხოლმე და გვიან მოდის. ზოგჯერ საერთოდ არ მოდის, ბებიაჩემს დაურეკავს დღეს არ მოვალო და ეს ნერვიულობას იწყებს, ხო მშვიდობაა ავთო, ხო არაფერი ხდება. სულ საქმე აქვს, როცა საქმე არ აქვს სახლში რაღაცებს აკეთებს, ტელევიზორის დასადგამი ააწყო ამას წინათ, ხეები მოიტანა, ეზოში ხერხავდა მერე გამოთალა, შეღება, საშინელი სუნი იდგა მთელ სახლში. ტელევიზორის ყურება უყვარს მამას, სულ ინფორმაციას უყურებს და ვიღაცებს აგინებს ხანდახან, სახელები არ მახსოვს. ერთხელ დამიძახა, მე მგონი ცოტა ნასვამიც იყო.

— ანა, რომელი საგანი გიყვარს სკოლაში?
— ფიზკულტურა!
— ფიზკულტურა? რატომ?
— იმიტო რო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და გოგოები არაფერს არ ვაკეთებთ, ბოლო გაკვეთილი თუა კიდე გვიშვებს მასწავლებელი და გვიცდება ხშირად.
— აჰა, გასაგებია. და რომელი საგანი არ გიყვარს ყველაზე მეტად?
— მათემატიკა..
— რატომ?
— იმიტო რო ვერ ვიგებ ვერაფერს. ფორმულებია და ძნელია.
— ანა, შენი აზრით რომელი საგანი გამოგადგება ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
— უმმ. არ ვიცი მამა.
— აბა დაფიქრდი. — დავფიქრდი. მართლა არ ვიცი რომელი საგანი გამომადგება ცხოვრებაში. ალბათ ფიზკულტურა, იმიტომ რომ ვინმე თუ გამომეკიდება გავიქცევი, გოგოებში ყველაზე სწრაფად დავრბივარ კლასში, ერთხელ ბიჭებმა მოიფიქრეს შეჯიბრება, კლასში ყველაზე ნელა რომელი ბიჭიც დარბის, ის ბიჭი შეეჯიბროს ყველაზე სწრაფად რომელი გოგოც დარბის იმას და მაინც ბიჭი მოიგებსო, თუ არადა ყველა გოგოს ნაყინებს გიყიდითო, ჰოდა…
— ანა!
— ჰო
— მოიფიქრე რომელი საგანი გამოგადგება ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
— ვერა. არ ვიცი..
— ყველა! ფიზკულტურის გარდა! გაიგე?
— კი.
— განსაკუთრებით კი მათემატიკა.
— კაი.
— მათემატიკაში რა ნიშნები გყავს?
— რვები. — მოვატყუე. შვიდები მყავს, ექვსსაც ვიღებ ხოლმე, ერთხელ მივიღე რვიანი, მეკოსგან გადავიწერე დამოუკიდებელი სამუშაო.
— რვები?!
— ჰო.
— მოუმატე სწავლას, ამ თვის ბოლოს შემოვივლი სკოლაში, ნიშნების ჟურნალს ჩავხედავ.
— კარგი. — ვუთხარი მე და ტუალეტში გავიქეცი. რა მეშველება მართლა რომ მოვიდეს სკოლაში? შემეშინდა, არ მოსულა აქამდე არასდროს, არ ეცლება ალბათ, როგორ მოვა? სულ სამსახურშია.

ტყუილად მეშინოდა, არ მოსულა სკოლაში, მათემატიკაში ისევ შვიდიანებს ვიღებ, ერთი-ორჯერ რვაც დამიწერა.

— ანაა, გაიღვიძეე, ისაუზმეე! დაგაგვიანდება! — ყვირის ბებიაჩემი. ვერ ვიტან ჩაის და კარაქიან პურს. განსაკუთრებით კარაქიან და თაფლიან პურს, მაგრამ ბებიაჩემი დიდის ამბით მატენის ყოველ დილით, სასარგებლოაო. არ გამიგია სასარგებლო და თან ეგეთი უგემური, ფუ. ჩემი მეზობელი ლაშა თურმე 6 ცალ კარაქიან პურს ჭამს ყოველ დილით, არადა ჩემნაირი გამხდარია. ერთ ცალსაც ძლივს ვჭამ.
— მღვიძავს! — ჩავიბურტყუნე მე და საბნის ქვეშ შევძვერი, მეზარება, როგორ მეზარება სკოლაში, არ შეიძლება ავად ვიყო და არ მივდიოდე?

ერთხელ, შარშან ზამთარში, საკონტროლო წერა გვქონდა რუსულში და მუცელი მტკივა მეთქი მოვიგონე დილით, საწოლიდან ვერ ვდგები და ვერ წავალ სკოლაში მეთქი. მამაჩემი სახლში არ იყო, ბებიაჩემს გული გაუსკდა რა გჭირს ბებოო, ის ხომ არ დაგეწყოო მკითხა. რა ის მეთქი, ვერ გავიგე. არაფერი ბებო არაფერიო, იწექი და ფეხები თბილად გქონდესო მითხრა და გავიდა თვითონ თავის ოთახში იფათურა, ცოტა ხანში ვხედავ მოდის ხელში უჭირავს რაღაც ნაჭრები შეხვეული ბინტში, აი ეს ჩაიფინე ბებოო ტრუსიკშიო. გული გამისკდა, რა მჭირს ბებო მეთქი ვკითხე.

— დიდი გოგო ხარ უკვე ანა. — მითხრა, საბანი შემომიკეცა და გავიდა. ვერაფერი ვერ გავიგე, ცოტა ხანი მქონდა ჩაფენილი ის ნაჭერი და ვიწექი, მერე მომბეზრდა ასე წოლა და მეორე გაკვეთილზე მივალ თქო. წამოვხტი და გავიქეცი სკოლაში.

დასვენებაზე თეას მოვუყევი ყველაფერი ბებიაჩემზე და ვერ გავიგე რა უნდოდა მეთქი, გაკვირვებულმა შემომხედა.

— მოიცა ის არ გაქვს შენ ჯერ?
— რა ის? არა, არ ვიცი.
— თვიური გოგო… — ძალიან ხმადაბლა ჩამიჩურჩულა და ნინის გადასძახა ჩუმად, ანანოს ჯერ არ დაწყებიაო.
— უი მართლაა? — ნინიმაც გაიკვირვა, — ბედნიეროო.
— ბედნიერი რატო ვარ?
— აუ იცი რა საშინელებაა? ძაან მტკივა, თან ყოველთვე, — რაღაცნაირად უცნაურად თქვა ნინიმ, ვერ გავიგე სწყინდა თუ უხაროდა.
— ჰო? მაშინ ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ მე არ მაქვს ჯერ. — ვუპასუხე და მეწყინა. მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ ის, ნინის თუ აქვს, თან საერთოდ არ არის ჩემზე ლამაზი. თან ისე გაიკვირვეს მე მგონი დროა უკვე. რამე მჭირს? ალბათ მატყუებენ და თვითონაც არ აქვთ ჯერ.
— აუ, წინა თვეში კედლებზე გავედი პროსტა ისე მტკიოდა, — ამაყად განაცხადა თეამ, — დეიდაჩემმა მასწავლა კვერცხი უნდა გაიგორო მაგ დროს მუცელზე, ნაზად ისვა, ისვა და გაგივლის ტკივილები.
— წამალი რო დალიო? — გამიკვირდა მე.
— ოო, ზოგს არ უყუჩებს ეგეც. აი, ეკა იმ დღეს ყვებოდა, თურმე ძაან ცუდად ხდება ხოლმე.
— ეკასაც აქვს?
— ჰო აბა?! მთელ კლასში მე მგონი მარტო შენ და მეკო ხართ ჩამორჩენილები, — გაიღრიჭა თეა.
— ჩამორჩენილი თავი გაბია!
— კაი ნუ გწყინს მოგივა შენც. ნეტა მეც არ მქონდეს რა. საშინელებაა. მართლა.

უფ, მეც მექნება და მე თვითონ ვნახავ საშინელებაა თუ არა, გავიფიქრე და აღარ მიპასუხია არაფერი. გამახსენდა მაგ ლაპარაკის მერე ერთ თვეში სკოლის ტუალეტში შევედი და ტრუსიკზე რომ დავიხედე წითელი ლაქები მქონდა. ისე გამიხარდა ისე გამიხარდა! ვსო! მეც მაქვს ის! სახლში გავიქეცი და ამაყად ჩავწექი საწოლში, ბებიაჩემს ვუთხარი რაც ხდებოდა და უიი ბებოო, ფეხები თბილად გქონდესო, ახლავე ამოვალო. მაღაზიაში ჩავიდა, შავ პარკში გახვეული ოლვეისი ამომიტანა. ცოტა კი მტკიოდა მაგრამ სულაც არ იყო საშინელება. ოლვეისს ეხატა ტრუსიკზე როგორ უნდა დააკრა და მაგის მიხედვით დავაკარი. ცოტა უცნაური კი იყო რაღაც რომ მქონდა ჩაფენილი მაგრამ მივეჩვიე მალე.

ბებომ მასწავლა ოლვეისი აფთიაქში იყიდე ხოლმეო, თუ კაცი იქნება მაგ დროს შემოსული, დაელოდე სანამ გავა და მერე იყიდე, და აუცილებლად შავ პარკში ჩაადებინეო. მას მერე თვეში ერთხელ ვყიდულობ ხოლმე, გამყიდველი უკვე მცნობს, მოვიდა ჩვენი პატარა ქალიო, ისე შევუყვარდი რომ ოლვეისს ორ ცალ შავ პარკში მიდებს და პარკში ზედმეტს არ მახდევინებს ხოლმე.

დღეს მეკომ დამინახა ტუალეტში რომ შევდიოდი ოლვეისით და ეგ რა არისო. როგორ არ იცი მეთქი, შენ არ გჭირდება? გამიკვირდა.

— რა არის?
— საფენია.
— და რად გინდა?
— ის მაქვს და უნდა გამოვიცვალო.
— უი დაგეწყო უკვე? მე ჯერ არა, — რაღაცნაირად სევდიანად შემომხედა.
— ბედნიერო… იცი რა საშინელებაა? — ვუპასუხე მე და თან ცოტა გამიხარდა.

 

კომენტარები
19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი