16 სექტემბერი 17 სექტემბერი

ჩანაწერი #5 ლაშა დადიანი

დღეს ნაბიჭვარი ბუკია არ მოეთრა სკოლაში. როგორ გამეპარა ეგ თესლი ბავშვი. ძალიან მაინტერესებს როდემდე გააცდენს, ხო მოვა ოდესმე. ისედაც გამწარებული ვიყავი და სახლში რომ მოვედი და დედაჩემი დამხვდა ნამტირალევი. სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. საფერფლე სავსე იყო, ხმა არ ამომიღია, ავიღე, ნაგვის ვერდოში ჩავცალე და დავუდე ისევ.

— გშია? — მკითხა აკანკალებული ხმით.
— გვაქვს რამე?
— ბორშია მაცივარში, გაგიცხელებ.
— არ მინდა მინდა ბორში, სხვა რამე არ გვაქვს?
— არა! არ გვაქვს სხვა რამე. აღარ გვაქვს არაფერი და ეგეც რომ გვაქვს მადლობა თქვი მაგაზე.
— რა მოხდა? კიდე იჩხუბეთ. სადაა მამა?
— მაკლერის მოსაყვანად წავიდა.
— ვის მოსაყვანად?
— ბინას ვყიდით.
— რატომ?
— ბანკიდან დარეკეს დღეს თუ დროზე არ დაფარავთ ყადაღას დავადებთ ყველაფერსო.
— რატომ?
— რატომ და ვეღარ ვიხდი შვილო მე ამხელა გადასახადს. ერთი ადამიანი ვმუშაობ. მამაშენი ვერ შოულობს ვერაფერს და მე რამდენ რამეს უნდა გავწვდე ჩემი ხელფასით? ჭამა-სამა, ჩაცმა-დახურვა, შუქი, წყალი და კიდევ ეს ბანკი. რა გავაკეთო მე?
— და ბინას რო გაყიდით მერე ჩვენ სად უნდა ვიცხოვროთ?
— არ ვიცი. ბებიაშენთან გადავალთ ცოტა ხნით.
— არ მინდა ბებიაჩემთან.
— არც მე არ მინდა ბევრი რამე, მაგრამ…
— და სხვა ბინა რო ვიყიდოთ?
— არ ვიცი. ჯერ ეს რამდენად გაიყიდება, რა დარჩება იქიდან. რომც გვეყოს სანამ ახალ ბინას ვიყიდით ხო უნდა ვიყოთ სადმე?
— არ მინდა ბებიაჩემთან.
— არ გინდა და სად გინდა იქ მიბრძანდი, მაშინ, რა გიყო აბა?

მამაჩემი უკვე მესამე წელია უმუშევარია. ნუ, არც არსად უმუშავია დიდხანს, სულ რაღაცებს ჩალიჩობს თავის პონტში, ვითომ ბიზნესები და რაღაცები, მაგრამ არ გამოსდის. ამ ბოლო დროს თან ცოტა სმაც დაიწყო და ეგ და დედა სულ ჩხუბობენ. მე და ჩემი ძმა ჩვენი ოთახიდან არც გამოვდივართ ხოლმე. მეზიზღება სახლში მოსვლა, ძირითადად სულ გარეთ ვაგდივარ, შებინდებისას შემოვდივარ ხოლმე, თორე დედაჩემი მაგაზე ცალკე იწყებს ჩხუბს, მერე მამას ეუბნება, რომ შენი ბრალია, შენს გამოა ბავშვი დასტრესილი და სულ იმიტომ აგდია ქუჩაშიო. ამაზე მამაჩემი ბრაზდება, ჯერ მე მეჩხუბება და ლექციებს მიკითხავს სწავლაზე, მომავალზე და ქუჩის ცხოვრებაზე. მერე ჩემზე კარგად რომ აკრიფავს დედაჩემს უტრიალდება და ახლიდან იწყებენ ყვირილს. მთელ ეზოს ესმის ამათი წივილ-კივილი. ერთხელ ნერვები მომეშალა და სირცხვილია, ხალხს ესმის-თქო, ფანჯრებიც დავხურე. მამაჩემი გადაირია, შენ შენი ოჯახს გრცხვენიაო? ვისი რა საქმეა ჩვენ რას ვიტყვით და რა ხმაზე ვილაპარაკებთო. შენ თუ იმის გეშინია, რომ მეზობლები რამეს იტყვიან, მაგას ახლავე მოვაგვარებო. გამოაღო ფანჯრები გადადგა და მთელ ხმაზე გაჰყვიროდა და აგინებდა მეზობრებს. ძლივს შემოვათრიეთ მე და დედაჩემმა. ჩემს ძმას ძალიან შეეშინდა, ნორმალურად ვერც მიხვდა რა მოხდა, იჯდა თავისთვის და ტიროდა. ძლივს დავაწყნარეთ. მერე მამაჩემა რომ დაინახა, ირაკლი ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგაზე ცალკე გადაირია, ბავშვებს რას ვუშვებიო და მთელი საღამო მუხლებზე დაჩოქილი გვიხდიდა ბოდიშებს, ჩვენც და დედაჩემსაც. იმის მერე რამდენიმე დღე აღარ დაულევია, მაგრამ მერე ისევ ახლიდან დაიწყო.

დღეს ისევ მთვრალი მოვიდა. მაკლერს რა უყო არ ვიცი, მაგრამ სახლში რომ შემოვიდა ფეხზე ძლივს იდგა. ჩხუბის და გინების თავიც არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში იყო. დედაჩემს ჩამოეკიდა მხრებზე და საძინებლისკენ წავიდნენ. მარა დედაჩემი ვერ მოერია, მეც მივეხმარე და იქვე ტახტზე დავაწვინეთ. აბაზანიდან ტაშტი გამოვიტან და თავთან დავუდე.
— რად გინდა ეს?
— რო არწყიოს?
— არ უნდა.
— კაი, მარა ისევ შენი ასაწმენდი გახდება. — არაფერი უპასუხია, სამზარეულოში გავიდა. ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, რასაც გარეცხდა ხმაურით, თითქმის ლეწვით დგამდა ხოლმე გვერდით. ასე იცის, როცა რამეზეა გაბრაზებული ჩუმად რეცხავს ჭურჭელს და თეფშებისა და ჭიქების რახარუხით გვეჩხუბება.

მე მამაჩემთან ვიჯექი. ასეთი მთვრალი არასოდეს მინახავს. შემეშინდა რამე არ მოუვიდესო. თან ჩვენი ნათესავი გარდაიცვალა ადრე, ბევრი დალია, მერე ძილში გული აერია და გაიგუდა. ცოტახანი ვეჯექი, რომ ვნახე, რომ გული არ ერეოდა და ცუდადაც არ იყო ჩემს ოთახში გავედი. ყოველ 15 წუთში ერთხელ გამოვდიოდი და ვნახულობდი როგორ იყო. ერთი ორჯერ მომეჩვენა, რომ არ სუნთქავდა და ცხვირთან თითი მივუტანე, რომ შემემოწმებინა, ხომ არ გაიგუდა-თქო. ცოტახანში ხვრინვაც ამოუშვა და თავი დავანებე.

— დე, რა ფული გაქვს შენ? — დედაჩემი ისევ სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ამ ბოლო დროს მოუმატა. წვრილ სიგარეტს ეწევა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გამოსდის. ადრე თუ ერთი კოლოფი 3-4 დღე ჰყოფინდა, ახლა ერთ კოლოფს ეწევა დღეში.
— რად გინდა?
— ხვალ ვარჯიში მაქვს და ის კეტები სულ დამეხა, აღარ ვარგა არაფრად და უკვე მცხვენია მაგით სიარული. ახალი მინდა ვიყიდო.
— რამდენი გინდა?
— არ ვიცი. 50 ლარი ალბათ? არ ვიცი.
— ეხლა არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანს იარე მაგეებით და ვიყიდოთ მერე. ძალიან დახეულია?
— ძალიან არა, ჩაცმა შეიძლება, მაგრამ თითები გამოვარდნაზე მაქვს უკვე.
— გიყიდი ცოტა ხანში.
— კარგი.
— თუ ძალიან სირცხვილია ან საერთოდ ვეღარ ვარჯიშობ გააცდინე რამდენიმე ვარჯიში, არაუშავს.
— არა, ვერ გავაცდენ, მერე სასტავში აღარ ჩამსვავს.
დედაჩემმი ადგა, კარადიდან საფულე ამოიღო და ათლარიანი გამომიწოდა.
— მიდი ჩადი მაღაზიაში. სიგარეტი ამომიტანე და ამასაც წამოუღე რამე, რო გაიღვიძებს პახმელიისთვის.
— დედა, ძაან ბევრს ეწევი.
— პურიც წამოიღე ერთი.

ეზოში ცოტა დაძაბული გავედი, მართალია დღეს მამაჩემს არავისთვის უგინებია და არც ყვირილის ხმა გასულა ჩვენგან, მაგრამ სულ მეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ მითხრას ან დამცინოს. არავის არაფერი უთქვამს, ბიჭები ვნახე, მივესალმე და მაღაზიისკენ გავაგრძელე გზა.

სახლისკენ მოვდიოდი, ვიღაცამ რომ დამიძახა.
— დადიანი. — მოვტრიალდი და ხელში ბუკია შემრჩა.
— ვა, ვა, გამარჯობა, ბუკია.
— გამარჯობა!
— რა იყო, დამიპადიეზდე?
— არა, რა დაგიპადიეზდე.
— აბა? ბოდიშის მოსახდელად მოხვედი?
— რავი, მაქვს ბოდიში მოსახდელი?
— ვა… მოდი აბა, ერთი აქეთ შემოიწიე.
იქვე ქუჩაზე, მოფარებულში შევედით.
— ესეიგი არ გაქვს ბოდიში მოსახდელი, ხო?
— რატო?
— აბა სად მომიტყდი, შე ნაბიჭვარო ბავშვო?
— არ მოგიტყდი.
— აბა რა ქენი?
— ფულზე საჩალიჩოდ წავედი.
— რა ფულზე საჩალიჩოდ წახვედი, შენ შიგ ხო არ გაქვს?
— აი, რო მითხარი მჭირდებაო?
— და რა ქენი 100 ლარი იჩალიჩე?
— არა, 20. დანარჩენს ნელ-ნელა მოგცემ.
— მეღადავები?
— არ გეღადავები, არ უნდა მომეტანა?
— რავი. კი, მამენტ. მომე აბა?! — ჯიბიდან ოცლარიანი ამოიღო და გამომიწოდა.
— საიდან იჩალიჩე, სახლში გამოართვი? რამე ხო არ უთხარი ბიჭო, ხო არ გამიბოზდი?
— არა, 5 ლარი მე მგონდა ნაწილი ბიჭებმა შემიგროვეს უბანში, თავანი მაქვს-თქო ვუთხარი და ცოტა ვიღაც ყლებავშვებს გავუწიეთ.
— ყლებავშვებს გაუწიე? — გამეცინა.
— ჰო.
— ვა, საღოლ, შენ, ბუკია!
— კაი, წადი ახლა და დანარჩენიც იჩალიჩე, ოღონდ რადგან ასე მალე გააძრე ოცი ლარი, დანარჩენ 80-ზე არ იჩქარო, ნელ-ნელა ქენი.
— კარგი. წავედი.
— დავაი. ხვალ ხო მოხვალ სკოლაში.
— კი.
— კარგი.
სახლში რომ მივედი მამაჩემს ისევ ისე ეძინა. დედაჩემი ხვალის საჭმელს აკეთებდა.
— მოვიტანე.
— სად იყავი ამდენ ხანს.
— აქ დაკეტილი იყო და ზემოთ ავედი. და ფული ვიპოვე.
— რა ფული იპოვე?
— ოცი ლარი. აი!
— სად იპოვე?
— ქუჩაში ეგდო, მაღაზიასთან, ეტყობა ვიღაცას ამოუვარდა.
— კარგი, ჩადე ჩემს საფულეში.
— აუ, დე, მე შევინახავ რა ამას და შენ მერე რაც გექნება ის დამიმატე და ვიყიდოთ კეტები რა. თორე შენ დაგეხარჯება.
— კარგი. შეინახე.

კომენტარები
19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი