16 სექტემბერი 17 სექტემბერი

ჩანაწერი #4 რატი კაჭარავა

ბექასთან ასვლა ძალიან მიყვარს. ბებიამისი სულ გემრიელ საჭმელს გვახვედრებს ხოლმე. თავიდან მრცხვენოდა მაგათთან ჭამა, მაგრამ ერთხელ ძალიან მშიოდა და ვეღარ მოვითმინე სახლამდე და იმის მერე გამეხსნა. ძალიან საყვარელი ქალია, მე და ბექაც დიდი ხანია ვმეგობრობთ და არც იმის მეშინია, რომ შეიძლება წამომაყვედრონ. თუმცა, მაინც ზომიერად ვჭამ ხოლმე. ბებიამისი რო გადის, ბექა თვითონ მიმატებს ხოლმე კიდე ერთ ულუფას. იცის, რომ თვითონ არ ვთხოვ და მითუმეტეს სხვისი თანდასწრებით.

დღეს ქათმის ბულიონი ჰქონდათ. დედაჩემის გაკეთებულიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბექას ბებია რაღაც სხვანაირად აკეთებს მაინც. ნანა ბებიამ ორივეს დაგვისხა, პური და ყველი დაგვიდო, სალათაც დაგვიჭრა და თვითონ გავიდა, სერიალს უნდა ვუყუროო. მე ოდნავ ჩქარა ვჭამდი, ვფიქრობდი, იქნება მეორე ულუფაც მოვასწრო ვიდრე შემობრუნდებაო.

— ნელა ჭამე, ბიჭო, სად გეჩქარება? — სიცილით მითხრა ბექამ. — რო მორჩები დაგისხამ კიდე, კი არ მენანება.
— არა, მაგიტო კი არა…
— ჰო, კაი, კაი!
— ბიჭო, ისე ბუკიამ როგორი ჩაატარა, ნახე? — სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.
— მაგრად დაენძრევა მაგ უბედურს. სად გაიქცევა, აღარ უნდა სკოლაში მოსვლა? გააუბედურებს დადიანი. მაგარი ათხრილი იყო დღეს.
— ჰო. ბიჭო, ისე მეცოდება ძაან.
— ვინ?
ბუკია, ვინ.
— ჰო, ცოდოა. მარა არაა ცოდო, უზრდელია. მერამდენედ ამბობს ეგეთ რამეს. იყოს ჩუმად და არავინ არაფერს ეტყვის.
— ეგ, ჰო, მარა ბერიძეც მაგრა პროჭულად ექცევა.
— მე რა ვუყო მერე, თვითონ ეძმაკაცება და… აუ, მკიდია კაროჩე რა, რაც უნდათ ის უქნიათ.
— ჩვენში დარჩეს და მე მაგრად მიტყდება ხოლმე ტვინს რო ვუტყნავთ ხოლმე!
— ვის?
— რავი ყველას… ნუ ბუკიას განსაკუთრებით, ეგ იმენა გაგდებული გვყავს და ძაან ცოდოა. მარა მერე ესენი ტყნავენ ტვინს, ვერ ნახე გუშინ კინაღამ თავი მაცემინა დადიანმა.
— შენ მართლა ყველას მამიდა ხარ, შეჩემა.
— რა შუაშია მამიდა!
— ო, კაი, დაიკიდე რა. გინდა კიდე? დაგისხა? — თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემი თეფში აიღო და ორი ჩამჩა დამისხა.
— შენ?
— რა, მე?
— არ ისხამ?
— არა, აღარ მინდა.
— ო, მაშინ აღარც მე მინდა.
— ძაანაც გინდა.
— არ მინდა, ვა!
— ჭამე, თორე დავუძახებ ბებიაჩემს და ვეტყვი, რომ კიდე გინდა და გრცხვენია.
— აუ, მაგარი პროჭი ბიჭი ხარ რა.
ბოლო ლუკმა რომ შევჭამე, ზუსტად მაგ დროს შემოვიდა ბექას დედა.
— გამარჯობა, ელზა დეიდა!
— ოჰ, გამარჯობა, როგორ ხარ, ბიჭო? — ფეხზე ავდექი და გადავკოცნე.
— კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ბრძანდებით?
— მადლობა, რა მიშავს, ამის ხელში კიდე კარგად ვარ. დედა როგორ არის?
— კარგად, გმადლობთ.
— მორჩით უკვე თქვენ?
— დიახ.
— წამო, ჩემთან გავიდეთ. — ბექა სამზარეულოდან გავიდა და მანიშნა წავყოლოდი.
— მოიცადე ბიჭო, რა უჟმური ხარ, მაცადე ადამიანთან ლაპარაკი, სამი თვეა არ მინახავს ეს ბავშვი, არც დედამისი, მოვიკითხო ნორმალურად.
— აუ, კარგი რა, დედა, რა, არ გვცალია, ცოტა უნდა ვითამაშოთ და მერე სამეცადინო გვაქვს. — ბექა წუწუნით შემობრუნდა.
— როდის მერე იგიჟებ თავს მეცადინეობაზე?
— აუ, ჩემი…
— მორჩი ახლა! ჰოდა, როგორ ხართ სახლში, აბა? — მომიტრიალდა ელზა დეიდა.
— რა ვიცი, კარგად. ძველებურად.
— ლონდონი როგორ მოიარე?
— ლონდონი?
— არ ყოფილხარ?
— რავი… არა. სოფელში ვიყავი მთელი ზაფხული და მერე ბოლო ერთი კვირა ზღვაზე.
— რატო? ვერ წახვედი? ჩაიშალა?
— არა! არც ვაპირებდი, რა მინდა ლონდონში?
— ჰო, მეშლება ეტყობა რაღაც. დედა და მამა როგორ არიან?
— კარგად, კარგად, მუშაობენ, ძველებურად.
— ძალიან კარგი.
— აუ, დედა კარგი, რა! გაგვიშვი, რა!
— მიბრძანდით, ბატონო.

ბექასთან კიდევ ერთი საათი დავრჩი, სანამ დედაჩემი რეკვას ატეხდა და ქვეყანას შეყრიდა წამოვედი. სახლში მაწვნის სუპი დამახვედრა.
— სად იყავი?
რაზმაძესთან.
— რა გინდოდა რაზმაძესთან?
— არაფერი, ვითამაშეთ ცოტა ხანი და წამოვედი.
— კარგი, მოდი ჭამე და დაჯექი მერე სამეცადინოდ.
— არ მშია. მამა სადაა?
— გასულია. რატო არ გშია?
ბექასთან ვჭამე.
— რატო ჭამე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ნუ ჭამ სხვასთან და მითუმეტეს მაგასთან.
— მშიოდა და ბებიამისი კარგ საჭმელებს აკეთებს.
— ჩემი გაკეთებული რით არ მოგწონთ, ბატონო? თქვენი მოსაწონი და დასაკმაყოფილებელი ხო არაფერი არაა საერთოდ. ორივე მამა-შვილი დაწანწალებთ ქუჩა-ქუჩა, სად ჭამთ, სად სვამთ კაცმა არ იცის.
— აუ, დაიწყო…
— დავიწყე! დავიწყე! ერთხელაც იქნება დავამთავრებ და მერე რას იზამთ მაგასაც ვნახავ.
— და რა მოხდა ვერ გავიგე?
— ის მოხდა, რომ სირცხვილია და უპატრონოსავით რო დაეთრევი იქ საჭმელად, არ შეიძლება ეგრე. რას იტყვის ის ხალხი?
— არაფერს არ იტყვის. ბექა რო მოვიდეს და ჩვენთან ჭამოს შენ იტყვი რამეს?
— მე სხვა ვარ.
— ისინიც სხვები არიან. — გამოვტრიალდი და ჩემი ოთახისკენ წავედი — ელზა დეიდამ მოგიკითხა. — მივაძახე გამოსვლისას.
— მადლობა-თქო. რაო, რამე ხო არ გკითხა?
— კი.
— რაო?
— ლონდონი როგორ მოიარეო?
— უყურე, როგორი გაიძვერა ქალია! რა უპასუხე მერე?
— არ ვყოფილვარ-თქო, რა უნდა მეპასუხა.
— დედა, ჩემი სიკვდილი. რატომ არ ვიყავიო, რა უთხარი?
— არც ვაპირებდი წასვლას, მთელი ზაფხული სოფელში ვიყავი-თქო.
— და რატომ უთხარი მასე?
— ვიყავი ლონდონში?
— არა, მაგრამ…
— აბა რა გინდა? როდის უნდა მოეშვა ამ ტყუილებს?
— ანუ მიხვდი, რომ მე ვუთხარი, ლონდონში ვუშვებ-თქო, ზაფხულში-თქო.
— დიახაც.
— და რატომ არ უთხარი, რომ ვიყავი-თქო?
— იმიტომ, რომ უკვე მეათასედ იტყუები ეგეთ რაღაცას და თან არც მეუბნები, ვინმეს რამე ეგეთს რომ ეუბნები და მერე მრცხვენია ხოლმე, ვიღაცა რაღას რო მეკითხება და თან ტყუილის თქმას მაიძულებ.
— და რაში გიშლის შენ ხელს?
— იმაში მიშლის, რომ მრცხვენია ამდენი ტყუილები, რომელსაც ყველა ხვდება, რომ იტყუები და მეც მატყუებინებ ხალხს.
— შენ გგონია სხვა არ იტყუება, შვილო?
— არ მაინტერესებს ვინ იტყუება. ან საიდან მოთხრი ხოლმე… რა მინდოდა ლონდონში?
— შენ ახლა ტონს დაუწიე და თავს ნუ გახვედი სულ! რომ გეუბნები, რომ ასეა საჭირო, ესეიგი ასეა საჭირო.
— რისთვის?
— არაა ეგ შენი საქმე! რომ გეუბნები ესეიგი მე უკეთ ვიცი!
— არ მაინტერესებს. რაც არ უნდა მოიგონო მე მაინც სიმართლეს ვიტყვი!
— ნერვებს ნუ მიშლი, რატი! ისედაც წნევა მაქვს მთელი დღეა!

ჩემს ოთახში შევედი. აღარ შემიძლია ამ ქალის ტყუილები. შარშან მოიგონა, ამერიკის საელჩოს სტიპენდია აიღო ბავშვებისთვისო, ყოველ თვე 100 დოლარს ურიცხავენო და ამერიკის პრეზიდენტის მადლობის წერილიც გადასცესო. არადა ინგლისური საერთოდ არ ვიცი.

— ელზა გამარჯობა! — მომესმა დედაჩემის ხმა მეორე ოთახიდან. მაშინვე გავედი, მაინტერესებდა რას ეტყოდა, რა ახალ ტყუილს მოიფიქრებდა. — როგორ ხარ, გენაცვალე? რა ვიცი, ჩვენც ვართ ნელ-ნელა. — რომ დამინახა თვალები დამიბრიალა და მანიშნა ხმა არ ამოიღოო. — დღეს თქვენთან ყოფილა რატი, მადლობა მინდოდა მეთქვა და ბოდიში, გოგო. ვერ ვასწავლე, რომ არ შეიძლება სხვისი ასე შეწუხება… ჰო, აი ვერც ლონდონმა უშველა გენაცვალე და ვერც ჭკუის დარიგებამ გაჭრა… ვიცი, ვიცი, ასე მეუბნებოდა, რომ არ მინდაო ბექას ვუთხრაო, რომ ვიყავი წასულიო, იმასაც ძალიან უნდოდაო და გული დაწყდაო, რომ ვერ მოდისო. საჩუქრებიც ჩამოუტანა, მაგრამ გადაწყვიტა, არ ვაჩუქებო ჯერო, ცოტა დრო გავიდესო, თორე გული დაწყდებაო… ჰო, გოგო, რა გულები აქვთ და როგორ უყვართ ერთანეთი ვგიჟდები პირდაპირ. კარგი, კარგი აღარ მოგაცდენ გენაცვალე, მიდი, კარგად.

ტელეფონი გათიშა და ნიშნის მოგებით გადმომხედა.
— ხვალ მე რაღაც ლონდონურ რაღაცებს ვიყიდი და ზეგ წაუღებ ბექას საჩუქრად და ნერვები არ მომიშალო იცოდე! გასაგებია?!

ხმა არ ამომიღია, ჩემს ოთახში შევედი და კარგი მოვუჯახუნე.

კომენტარები
19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი