16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი

ჩანაწერი #34 გუგა ბუკია: დასასრული

ერთი ორი წლის წინ დამესიზმრა, რომ ვიღაცა მოვკალი და გავრბოდი. თვითონ მკვლელობის მომენტი სიზმარში არ იყო. პირდაპირ იმ ადგილიდან დაიწყო, ქუჩაში რომ ვიმალებოდი. ყველაფერი შავი იყო, ცა, შენობები, შავი ნისლი იდგა და მთელი ქალაქი მე მეძებდა, ჩემი დასჯა უნდოდათ. ძალიან მეშინოდა, ხან რომელი ქუჩის კუთხეში ვიმალებოდი და ხან რომელის. არც ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, ვისთვის მეთხოვა დახმარება, ან რო ჩავბარებულიყავი, მომკლავდნენ თუ ციხეში გამიშვებდნენ. მაგრამ უფრო ციხეში წასვლის მეშინოდა მგონი. სასამართლოზე გასვლის, მთელი ცხოვრება შერცხვენილი ვიქნებოდი და მკვლელის სახელს ვატარებდი. მგონი ყველაზე მეტად სირცხვილის მეშინოდა.

Star Wars-ი მიყვარს ძაან. იქ არის ერთი მომენტი, როცა იოდა ამბობს, გზა ბნელი მხარისკენ შიშიდან იწყებაო. ჩემს შემთხვევაში სირცხვილიდან დაიწყო. ოღონდ დართ ვეიდერი ვერ გავხვდი.

რაზმაძის ამბავი რომ გავიგე, იმის მერე ზუსტად ეგეთი შიშები დამეწყო. მეშინოდა, რომ დამიჭერდნენ. სირცხვილი უკვე აღარ მაწუხებდა, ისე გამოვიდა, თითქოს ეგ გრძნობა გადავლახე და დავამარცხე, ოღონდ საკუთარ თავთან ბრძოლაში არა, ვიღაცები შევწირე მაგ ყველაფერს. ახლა უბრალოდ ციხის მეშინოდა. და შეიძლება იქ შერცხვენის.

უბანში ყვებოდა ერთი ტიპი ჩვენთან. როგორი მაგარი ძველი ბიჭიც არ უნდა იყო, კარს რო მოგიხურავს ნადძზორი ეგრევე ხვდები, რომ მაგარი დანძრეული გაქვსო. მერე თუ ტრაკი და საძმო გყავს კაი პონტში იქნებიო, მარა აი, ის პირველი ერთი წუთი არის ყველაზე მძიმეო. მერე პირველი ღამე, როცა დაძინების წინ საკუთარ თავთან მარტო რჩები და ორმაგი სიმძაფრით აღიქვამ, რომ ის კარები, რომელიც წეღან მოგიკეტეს დიდი ხანი არ გაიღება შენთვისო.

მე რომ იქ შევიდე მაგრად რომ დამეძნრევა და ეგ უეჭველი ვიცი. ალბათ მოვკვდები კიდეც. ჰოდა, რო გავიგე, რომ დადიანი და ბაკურაძე დაიჭირესო გულზე მომეშვა. იმ ღამეს ვერ მოვითმინე და ძილის წინ ვიტირე კიდეც, თან ნამუსი მაწუხებდა, თან რაზმაძის ამბავს განვიცდიდი და თანაც გულზე მომეშვა. მალევე ჩამეძინა და დილას რომ გავიღვიძე ცოტა უკეთ ვიყავი. მაგრამ კარზე თუ ვინმე დააკაკუნებდა ან ტელეფონზე დარეკავდა მაშინვე ნერვიულობა მეწყებოდა. მუცელში მეღუტუნებოდა და გული მიჩქარდებოდა. მეშინოდა, რომ ვიღაცა გაიგებდა, გამოიძიებდა, ბაკურაძეს და დადიანს გამოუშვებდნენ და მე დამიჭერდნენ.

მეშინოდა, რომ ყველა ყველაფერს გაიგებდა, როგორ მაჩმორებდნენ სკოლაში, მერე როგორ დავიბოღმე და როგორ გადავწყვიტე შური მეძია, როგორ წავართვი ვიდეო შოთას და მერე როგორ ატვირთეს ვიღაცებმა, სანამ მე დაბოლილს მეძნა. ერთი კი ვიფიქრე, მამაჩემთან მივალ და ყველაფერს მოვუყვები-თქო. არ ვიცი რას იზამდა, შეიძლება მოეკიდა ხელი და პოლიციაში წავეთრიე, რომ ყველაფერი მეღიარებინა, შეიძლება გავექციე სადმე, არ ვიცი. მაგრამ ვერ გავბედე. ისედაც განერვიულებული იყო. ეგრე იცის ხოლმე, რაღაცას რომ გაიგებს, ეგრევე ჩემთან აკავშირებს. ის ჩხუბი გაახსენდა, დათო რომ გალახეს. მაშინვე უნდა გვცოდნოდა, რომ მაგ კლასში შენი გაჩერება არ შეიძლებოდა, რატომ დავუჯერეთ იმ შენს დედამოტყნულ დამრიგებელსო. ლეილას აგინა და ლანძღა. მერე გინდა თუ არა უნდა დავურეკო და ვაგინოო. დედაჩემმა გააჩერა. მერე განათლების სამინისტროში უნდა მივიდე და ვუთხრა, რომ ეგეთი ხალხი ჰყავთ სკოლებში და საქმეს მიხედონ, მაგ დედამოტყნულებმა, ღირსებას და ქართველობას რო იცავენო. ძლივს დააწყნარა დედაჩემმა. მაინც არაფერი ეშველება და მოდი სხვა სკოლაში გადავიყვანოთო. მაგ ამბების მერე ისედაც დაშლიან მაგ კლასს და დროა დავიწყოთ მაგ საქმის მოგვარებაო. ბოლოს გადაწყდა, რომ დათოსთან გადამიყვანდნენ. დედაჩემმა დაურეკა დედამისს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ჯერ გამოვკითხავ როგორი სკოლაა, იქნება არც იქ ღირს გადასვლაო.

დათო დიდი ხანი არ მენახა. ეს ამბები არც მომიყოლია მისთვის. ტელევიზორში რაც უნახავს ის იცოდა მარტო. მე კი მწერდა ხოლმე და მეკითხებოდა, მარა არაფერი მომიყოლია, ისე ვეუბნებოდი, ზოგადად რაღაცებს. რაც ისედაც იცოდა თვითონ.

მის ოთახში შევედით.

— რას შვები? — მკითხა დათომ, როგორც კი დავსხედით.
— რავი, რა უნდა ვქნა. მაგარი დაძაბული ვარ, შენს ძმობას ვფიცავარ.
— რაზე? შენ რატო ხარ დაძაბული?
— აუ, რავი, ბიჭო…
— ანუ ის ორი ყლე მოგშორდა. ის ძაან მეცოდება, მარა იდეაში შენ აღარ შეგეხება და რა გძაბავს? ჰო გითხარი ერთმანეთს დაჭამენ-თქო. დედამოტყნულები არიან, ბიჭო, რა გაუჩალიჩეს ტიპს იკაიფე, თავი მოაკვლევინეს იმინა. ეგეთი რაღაცა როგორ უნა გააკეთო.
— იქნებ შემთხვევით მოუვიდათ… — თავი ისევ დამნაშავედ ვიგრძენი, თან რა იცოდა ამან რო სინამდვილეში მე მაგინებდა და მლანძღავდა.
— რა შემთხვევით ბიჭო? ეგეთი რამე შემთხვევით როგორ უნდა მოგივიდეს? შეიძლება ვიღაცამ შემთხვევით გადაიღო და მერე ამ თესლაკემა წაართვეს და დადეს რა. ბოლომდე გავაფარჩაკებთო იფიქრეს.
— შენ სკოლაში გადმოსვლაზე ჩალიჩობენ ჩემები — თემის შეცვლა ვცადე.
— კაია. გადმოდი და მოგხედავ ნორმალურად, მანდ რა გინდა? იმ პირველი ამბების მერე უნდა გადმოსულიყავი.
— ჰო, მეც მინდოდა, მარა ლეილამ დედა მოიტყნა იმინა, არაო, კლასს ნუ დავშლითო, ყველამ ჭკუა ისწავლა და თან ჩვენი ბავშვების ბრალი არ იყოო. შენ არ დაგაბრალა?
— მაგის დედაც მოვტყან ხოდა. აუ, ძაან გავბრაზდი ბიჭო, იმინა ყოველ ჯერზე ვბრაზდები, რო მახსენდება რა გააკეთეს იმ თესლმა ბავშვებმა. შენზეც ჰო არ გადაუღიათ რამე?
— არა… რავი, მგონი არა.
— ჰო, ნუ, ახლა რაც არ უნდა ჰქონდეთ მაინც ჩემს ფეხებს იზამენ. ფუ, ახვრები, ბიჭო. იმინა მეზიზღებიან.
თვალები ცრემლებით ამევსო. ძაან მომაწვა ის ყველაფერი რაც გულში მქონდა ჩარჩენილი, შიში, სირცხვილი ბრაზი, კინაღამ ქვითინი წამსკდა, მარა თავი შევიკავე.

— ბიჭო, რაღაცას გეტყვი და ძმობას გაფიცებ, არ გამიჭედო რა.
— რა იყო? — სახეზე შევატყე, რომ თითქოს მიხვდა რაც უნდა მეთქვა და თვალებში თითქოს ის ეწერა, რომ მეხვეწებოდა, ოღონდ ეგ არ მითხრა რის თქმასაც აპირებ და რაც გინდა ის მითხარიო.
— ჩემგან გაბაზრდა ეგ ვიდეო. — თავი დახრილი მქონდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. უფრო მაგისი არა, საკუთარი თავის მეშინოდა, ეგეთი რამე არც მქონდა დაგეგმილი. პროსტა, იმ ყლე ბავშვის, დაშანტაჟება მინდოდა, რო მეთქი ჩემკენ გადმოვიბირებ, მე რა ვიცოდი, ის ყლეები თუ ატვირთავდნენ იმ ვიდეოს. იმათაც პროსტა ვანახე. მართლა ეგეთი ბოროტი კი არ ვარ.
— შენ შიგ ხო არ გაქვს ბიჭო?
— შემთხვევით მოხდა. ვიღაც ყლეებთან ვიყავით ასულები ბიჭები და მოსაწევი მოვწიეთ და პრიკოლის პონტში ვანახე ის ვიდეო და მე ჩამეძინა და ამ ყლეებმა ატვირთეს, მე ვაბშე არ მინდოდა მაგის გაბაზრება. რაზმაძე მინდოდა, რო ჩემსკენ გადმომებირებინა და დადიანი და ბაკურაძე გვეცემა მერე.
— შენ გადაიღე?
— არა. შოთამ. ჩემთან მოვიდა და მაჩვენა. ჰოდა, გადმოვიწერე, მეთქი რამე რო მოუვიდეს შენს ტელეფონს მე მქონდეს-თქო და შევინახე რა. არავის ვაჩვენებდი, პროსტა, დაბოლილზე გავიღადავე და მე რა ვიცოდი თუ ატვითავდნენ.
— რაზმაძეს როგორ უპირებდი გადმობირებას.
— ვნახე და ვაჩვენე ეს ვიდეო. და მეთქი, ახლა არ გინდა არაფერი, პროსტა, ჭკვიანად მოიქეცი და როცა დრო მოვა დამეხმარე მაგათ ცემაში-თქო და კაიო.
— მოიცა ერთი წამი.

სახე ხელებში ჩარგო და ერთი ათი წუთი არ განძრეულა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა. მე ცოტა გულზე მომეშვა, ვიღაცას რო მოვუყევი ეს ამბავი. შოთამ კი იცოდა, მაგრამ შოთა ჩემი მეგობარი არაა და მაგასთან ასე ვერ ვილაპარაკებდი. თან ამის იმედიც მქონდა, რომ გამიგებდა და დამამშვიდებდა, რო მეტყოდა, არაუშავს, შეცდომა ვის არ მოსვლია, აწი ყველაფერი კარგად იქნებაო. თან იმათაც დიდი ხნით არ გაუშვებდნენ ციხეში, ჰა-ჰა და პირობითი მიეცათ და ეგ იქნებოდა, ბავშვები არიან. რავი, მამაჩემმა მასე თქვა. კი არიან ღირსები ჩაალპო ციხეში, მარა არ ეკუთვნით ჯერ კანონითო.

— შენ ვაბშე აზრზე ხარ რა გააკეთე? — თავი არ აუწევია ისე მკითხა.
— ძალით არ მიქნია ბოზისშვილი ვიყო.
— რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭო! — მიყვირა. მიხვდა რო ხმამაღლა მოუვიდა და ანერვიულდა, არ უნდოდა რო ჩვენებს გაეგოთ და შემოსულიყვნენ.
— ჰო, გითხარი…
— რა მითხარი, შენ შიგ ხო არ გაქვს? ვაბშე რა ქენი, აზრზე ხარ?
— კი.
— რა?
— ვიცი.
— იმინა ტიპებს, დაუნგრიე ცხოვრება, ბოლომდე. 3 ადამიანს და რისი გულისთვის, ბიჭო? ჰო, გითხარი რო უჩემოდ არაფერი ქნა-თქო? ერთი ორჯერ შეიძლება გვჩხუბა კიდე და შეგეშვებოდნენ, ეგეც ძააან ისეთ შემთხვევაში, ვაბშე გაშვებულები იყვნენ ბოლოს და შენ რა ქენი, იმას იმინა თავზე დააჯვი, ისე რო თავის მოკვლა უნდოდა, ის ორი კიდე ციხეში გაუშვი.
— არ გაუშვებენო ციხეშიო. მამაჩემმა. პატარები არიანო.
— ყლე ხარ, გუგა!

ჩუმად ვისხედით. უფრო სწორად მე ვიჯექი. ეს წრიალებდა. ხან ადგა, ხან დაჯდა, ხან აქეთ-იქით სიარული დაიწყო.

— კაროჩე, ყლეზე მკიდია, არ გადმოხვიდე ჩემთან. — მითხრა ბოლოს. მშვიდად და ცივად. ზედაც არ შემოუხედავს.
— ჩემებს გადმოვყავარ…
— არ მაინტერესებს, როგორც გინდა ისე მოაგვარე. რაც გინდა ის მოატყუე, იქ არ დაგინახო პროსტა.
— და შენ ვინ გეკითხება? შენი სკოლაა? — არ ვიცი რატომ ვუთხარი ეს. ისედაც გაბრაზებული იყო, მაგრამ აი, ის სიბნელე მომაწვა კიდე მგონი.
— მაგრად დაგენძრევა, პროსტა, მეტი არაფერი. — ისევ ცივად და ზიზღით მიპასუხა.
— აბა ჩვენთან არავის ჩაგრავენო?
— შენთვის გამონაკლისს დავუშვებ, იმიტომ რომ იმსახურებ. და ვაბშე რას მეკამათები ბიჭო შენ შიგ ხო არ გაქვს?

შუა ოთახში იდგა, თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. მერე უცებ გამოერკვასავით, კომპიუტერთან მივიდა, გამორთო, საწოლიდან ქურთუკი აიღო და ოთახიდან გავიდა.

— სად მიდიხარ? — მივაძახე.
— იდი ნახუი, რა.

კომენტარები