16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი

ჩანაწერი #33 რატი კაჭარავა: ბექა

დღეს ბექასთან ვიყავი საავადმყოფოში. მესამე დღეა იქ წევს. როდის გამოუშვებენ არ იციან ჯერ. ელზა დეიდამ, ჯერ ვერაფერს გვეუბნებიანო ან შეიძლება მე არ მითხრა, არ ვიცი. მარტო ვიყავი ასული. დედასაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ გამოვეპარე. მაგასთან ერთად არსად წასვლა არ მინდა. ეს ყველაფერი მაგის ბრალია, რომ არ ამოექექა ჩემი ტელეფონი და მთელი ქვეყნისთვის არ მოედო ის ამბავი, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლიდა — თითქმის ჩავლილიც იყო უკვე. მაგრამ არა! ამ ქალმა ხო ყველაფერში უნდა ჩაყოს ცხვირი. შეიძლება მაგის გამოც არ მითხრა ელზა დეიდამ არაფერი, ალბათ ეშინია, რომ მე დედას მოვუყვები, ის კიდე იჭორავებს და კაცმა არ იცის რას მიამატებს და რას მოაკლებს.

პალატაში რომ შევედი და მარტო დამინახა, მკითხა, დედა სად არისო. რომ გაიგო, რომ მარტო ვიყავი, თითქოს გაუხარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მერე სკოლაზე მელაპარაკებოდა რაღაცებს, ისე, გეგონება არაფერი მომხდარაო. არც ბაკურაძეზე და დადიანზე უთქვამს რამე. თან მეცოდებიან, მაგრამ ღირსები არიან. ეს ბაკურაძე კი ვიცოდი რა ახვარიც იყო, ყოველთვის ეგ იგონებს ახალ-ახალ რაღაცებს. კლასში რო ასეთი სიტუაციაა, მაგის ბრალია საერთოდ. თავიდან ყველა ნორმალურად და მეგობრულად ვიყავით. მერე ერთ დღეს რაღაცამ მოუარა ამას და დაიწყო, ყველას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოო და მისდგა ყველას. ვინც ოდნავი წინააღმდეგობა გაუწია, ისინი ვითომ ჩაიძმაკაცა, დანარჩენებს კიდე მაგრად ტისკავს იმის მერე. მე იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ყველა ავყევით და მისნაირად ვექცეოდით ჩვენს კლასელებს, რომლებსაც არც არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის. იმ მომენტში, როცა ბაკურაძე ვიღაცის ცემას ან გინებას იწყებდა საერთოდ არ მეცოდებოდა არც ერთი, უცებ ავყვებოდი ხოლმე და ყველაფერი მავიწყდებოდა, შეცოდებაც და ადამიანურობაც და ვაბშე ყველაფერი. თუ ვინმე ხვეწნა-მუდარას ან ტირილს იწყებდა, მაგაზე ეგრევე მეკეტებოდა და უარესად ვიწყებდი მათ ჩაგვრას. ყველაფერი რო დამთავრდებოდა ხოლმე, მერე მეწყებოდა სინდისის ქენჯნა, მაგაზე კიდევ უფრო მეშლებოდა ნერვები და ჩემს თავზე გაბრაზებული კიდევ იმათ ვუმატებდი.

ხანდახან კი ვცდილობდი, რომ უფრო უკეთ მოვქცეულიყავი და დამეცვა რომელიმე, მაგრამ რაღაც მომენტში თავს ვეღარ ვაკონტროლებდი ხოლმე და ბოლომდე ვყვებოდი ამათ. თანაც ისეთი თემაა, მერე შეიძლება აქეთ შემოგიტრიალდეს რომელიღაცა და თუ ვერ გაუქაჩე შენც იმათ რიგებში აღმოჩნდე ვისაც ჩაგრავენ, ეგ კიდე, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მაწყობდა. მგონი სხვებიც ეგრე ფიქრობდნენ და არც არავის უნდოდა ვინმეს დაჩაგვრა, მაგრამ ბაკურაძეს და დადიანს ვერ ვუბედავდით წინააღმდეგობის გაწევას. თანაც დინებას როცა მიყვები ყველაფერი თავისით ხდება, წყნარად და მთავარია არაფერი შეგეშალოს და ყველაფერი კარგად იქნება. ბექასთან ვცადე რამდენჯერმე ლაპარაკი ამ თემაზე, მაგრამ ყოველთვის დამცინოდა, ყველას მამიდა ხარო და ეგენი როგორ გეცოდებიანო. თავიდან მეგონა თავს იკატუნებდა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ თვითონაც სიამოვნებდა ვიღაცების ჩაგვრა. არადა რატო? არავინ არაფერს გვიშავებდა, ყველა თავისთვის იყო, რომელიღაცა მოსდებდა შარს და მერე მიდიოდა რამდენიმე დღიანი წამება.

კარგი ვქენი რო ჩამოვშორდი, მაგრამ მეორეს მხრივ ბექა შევატოვე. ვიცოდი რო ეგ ამბავი ადრე თუ გვიან გასკდებოდა და ასე მოექცეოდნენ, მაგრამ მე რა ვიცოდი თუ ამ ზომამდე მიიყვანდნენ ადამიანს. დადიანის მიკვირს ცოტა. ძაან აგრესიული ტიპია, სახლშიც მაგარი ცუდი სიტუაციაა აქვს და მაგიტომ სულ დაბოღმილი და დაძაბული დადის, მაგრამ ასე სასტიკად თუ მოექცეოდა ვინმეს და მერე ვიდეოს აუტვირთავდა ნაღდად არ მეგონა. ბაკურაძისგან ყველაფერია მოსალოდნელი და დადიანი რაღაცნაირი, დასტოინი ტიპია მაინც. რავი… მე ასე მეგონა, მაგრამ…

საავადმყოფოდან არიასთან და მის მეგობრებთან წავედი. სახლში არ მინდოდა მისვლა. დედაჩემი ისევ ნერვებს მიშლის. მე არც ველაპარაკები, მაგრამ ტვინს მიჭამს, ცდილობს რო შემირიგდეს, მე რო ყურადღებას არ ვაქცევ და ხმას არ ვცემ მერე ტირილს და ყვირილს იწყებს. კი მეცოდება, მაგრამ მაგის ბრალიცაა რაც მოხდა. ვინ ეკითხებოდა?! სულ მაგაზე ვეჩხუბები და არასოდეს არ მისმენს. რო კითხო, მე ჭკუას როგორ უნდა ვასწავლიდე თურმე და ელემენტარულ რაღაცებს ვერ ხვდება. მომიტრიალდება და, მეო შენხელაც ვიყავიო და ძალიან კარგად ვიცი ყველაფერიო. ჩემ ხელა თუ იყავი და თუ იცი ყველაფერი, რანაირად იქცევი მაშინ?!

სხვენში რომ ავედი, არია და კიდევ ორი გოგო იყვნენ, იმათ არ ვიცნობდი. ყველას გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი. უამრავი ხალხი ირევა ხოლმე. ზოგი ისეთი მოდის საერთოდ არავინ იცნობს, მაგრამ ყველას ფეხებზე კიდია, თავისთვის მიეყრებიან და ყრიან როდემდეც უნდათ. რომელიმემ თუ სასმელი ან საჭმელი მოიტანა, შეუძლიათ ეგრევე აქ გადმოცხოვრდნენ, ისე უსწორდება ყველას. ჩვეულებრივი ბომჟებივით არიან, მაგრამ მე რაღაც პონტში მევასებიან. აქ თავს მშვიდად ვგრძნობ, არავინ არავის ჩაგრავს, არავინ არავის ეჩხუბება, ყველა თავისთვისა და თავის პონტში ერთობა. ხალხს რო კითხო, ესენი არიან ყველაზე ცუდი ბავშვები და ხელიდან წასულები, მეც მასე ვფიქრობდი, სანამ აქ გავიჩითებოდი, მარა ვის რას უშავებენ?! თავის პონტში არიან. “კაი-კაი ბავშვები” კიდე ერთმანეთს დედას უტყნავენ 24 საათი და მაგაზე არავინ დარდობს. მოგიტრიალდებიან და გეტყვიან, ცხოვრებაა ეგ, ყველამ უნდა გაიაროსო, სამაგიეროდ კაცებად გაიზრდებიანო, ნორმალურები არიანო და ეგეთი რაღაცები. ვის ხარჯზე და რის ხარჯზე სწავლობენ ცხოვრებას და იზრდებიან, ამას არავინ კითხულობს. ყველას გამოვლილი გვაქვს ეგ ეტაპიო. ყველას თუ გამოვლილი გაქვთ და მაინც ყველა მძღნერში ზიხართ, ვერ უნდა მიხვდეთ, რომ რაღაცა შესაცვლელია ეს დედამოტყნული?!

— სად იყავი? — მკითხა არიამ.

— მეგობართან, საავადმყოფოში. — ვუპასუხე და გვერდით მივუჯექი.

— რა ჭირს?

— თავს იკლავდა და გადარჩა.

— ეგ არაა თავის მოკვლა. თავის მოკვლაა როცა თავს იკლავ მართლა. ეგ ყურადღების მიქცევაა და მეტი არაფერი.

— არა, ეს მართლა იკლავდა თავს.

— ყველა მასე ამბობს, დადგამენ რაღაც ისტერიკებს, მერე სვამენ წამლებს ან ისერავენ ხელებს, ორ წვეთ სისხლს გამოუშვებენ, დააპანიკებენ მშობლებს და უხარიათ.

— ეს ფანჯრიდან გადახტა.

— პირველი სართულიდან?

— არა!

— კარგი, ნუ ბრაზობ. დამიჯერე, ვიცი ეგეთი რაღაცები, რა! მიიქცია ყურადღება და თავის პონტში ბედნიერი იქნება.

— ეს სკოლაში ცემეს, ვიდეო გადაიღეს და ინტერნეტში აუტვირთეს. ყველა გადააშეარა და ყველა საინფორმაციომ აჩვენა. თან სახელი და გვარიც დაწერეს ვინ იყო და ხალხი კიდე ცალკე აგინებდა, მამამისის პონტში.

— ა, ეგ ის პარლამენტარის შვილი?

— ჰო.

— შენი კლასელია?

— კი.

— ვა… ჰო, მაშინ ეგ არ იქნებოდა ყურადღების მიქცევის თემა.

— მეც მაგას გეუბნები. ისინიც დაიჭირეს.

— ვინ?

— აი, ვიდეო ვინც გაუბაზრა.

— მაგათ რას ერჩიან?

— აბა ვის უნდა ერჩოდნენ? მე ხო არ დამიჭერენ?

— ჰო, მარა მგონი მაგათი ატვირთული არ უნდა იყოს.

— საიდან დაასკვენი? - გამიკვირდა.

— რა დასკვნა უნდა მაგას? ვიდეო არ ნახე?

— ვნახე.

— მერე? თვითონ არ იღებენ, ვიღაცამ გადაუღო ჩუმად, მერე მიდიან თავის პონტში, ისე რო გარტყმაშიც არ არიან რო ვიღაცა უღებს. თანაც თუ გაბაზრებაა, ცემის ნაწილს გაუბაზრებდნენ მარტო და იმას აღარც გადაიღებდნენ ერთმანეთში რო რაღაც გეგმებს აწყობენ მაგის მოწველის. ვიღაცამ გადაუღო ჩუმად და მერე იმავე ტიპმა აუტვირთა, რა. ვისაც სამივეს ჯინი სჭირდა.

— არის ეგეთი ტიპი კი. — თუ ეს მართალია, მაშინ ყველაზე მეტად ბუკიას აწყობდა ამ ვიდეოს ატვირთვა.

— ჰოდა, ეგაა.

— მარა იმ დღეს არ იყო მგონი სკოლაში. ვაბშე, დიდი ხანია აღარ დადის, ბევრს აცდენს და რაღა მაგ დღეს იქნებოდა და გადაეყრებოდა ამ ამბავს? თან ძაან მეეჭვება რო გადაღება გაებედა, მაგათ რო დაინახავდა მოტყდებოდა ისევ, რომ იმათ რამე არ ეთქვათ.

— ჰო, არ ვიცი. შეიძლება მართლა მაგათ ატვირთეს, არ იცოდნენ, რო დაიჭერდნენ და გაუჩალიჩეს. და ისე რაზე დაიჭირეს, ვიდეოს ატვირთვაზე როდიდანაა ციხე?

— თვითმკვლელობამდე მიყვანაზე დაუჭერიათ. მე რა ვიცი.

— როგორ არის ის ბიჭი?

— კარგად არის, გადარჩა.

— რომელი სართულიდან გადახტა?

— მეორედან. მარა მაღალი მეორეა.

— კარგი, კარგი, მარა მაინც მგონია, რომ თავის მოკლა არ უნდოდა, თორე რამე სხვას იჩალიჩებდა. ან შეიძლება არც უფიქრია, მამენტ და უცებ ქნა.

— ალბათ.

— თან გადარჩა და თან თავისას მიაღწია, ყველა პონტში მოგებულია.

— რას მიაღწია?

— რას და აღარავინ არ დაუწყებს მაგ თემაზე დაცინვას და ლაპარაკს და მოერიდებიან, ყველა თავს გადაევლება და ის ტიპებიც დაიჭირეს და ვეღარაფერს დაუშავებენ.

— აუ, მაგარ ყლეობებს ბაზრობ, რა — ნერვები მომეშალა და წამოვხტი. კარებისკენ წავედი.

— მე რას მეჩხუბები, მე რა შუაში ვარ?

— იმ შუაში ხარ, რომ ტვინს ტყნავს და რაღაც ფილოსოფიური დასკვნები გამოგაქვს.

გამომივიდა აქ ფილოსოფოსი, ზის მთელი დღე უსმენს რაღაც მუსიკას, სიგარეტს ეწევა და თავი გონია ძაან გამოცდილი და ჭკვიანი. დადო უცებ დიაგნოზი. მარა არ უნდა მეჩხუბა მაინც. ახლა არც სახლში მინდა ასვლა და ქუჩაშიც ვერ გავჩერდები. ისევ დედაჩემის წიკვინის ატანა მომიწევს, რაღაცები უნდა მოვატყუო ახლა, რომ გაჩერდეს. რატო ვერ ხვდებიან, რომ როცა ბავშვს არ უნდა ლაპარაკი უნდა შეეშვა რა.

კომენტარები