16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი

ჩანაწერი #32 ბექა რაზმაძე: გადავრჩით

არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე ინტერნეტის ვარსკვლავი გავხდებოდი. საერთოდ ამ ტიპის ადამიანებთან და გასართობთან საერთო არასოდეს მქონია. ამერიკელი ბავშვების ვიდეოებს ბევრს წავწყდომივარ იუთუბზე და ძირითადად კომენტებში “GAAAAAY”-ს ვუწერდი ხოლმე. რომელიღაც ვიდეოზე ვნახე პირველად და მოვკვდი სიცილით. იმის მერე გადავწყვიტე, რომ გინების და სხვა დებილობების წერას მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მიმეწერა. მერე ვიღაცები შემოდიოდნენ ჩემს კომენტარზე, რაღაც დიდი ტექსტებს მიწერდნენ ინგლისურად და მეც საპასუხოდ ისევ “GAAAAAAY”-ს ვუწერდი. ერთად ერთი ვისზეც არასოდეს დამიწერია მასეთი რამე, გეიმერები იყვნენ და ისიც იმიტომ რომ სასარგებლო ვიდეოებს პოსტავდნენ. რაღაც თამაშში რო ვერ გავდიოდი, დავსერჩავდი იუთუბზე და მერე ვუყურებდი როგორ უნდა გავსულიყავი. საერთოდ ინტერნეტთან დიდად კარგი დამოკიდებულება არც არასოდეს მქონია. ფეისბუქზეც რაღაც დებილობა ნიკი დავირქვი, ჩემი ფოტოებიც არ მეყენა, მანქანა და ვიღაც ნაშები მქონდა პროფილის ფოტოდ და ჩემს კლასელებს და მეგობრებსაც ვუკრძალავდი ჩემი ფოტოების დადებას. ვატყუებდი, მამაჩემს არ უნდა, რომ ჩემი ფოტოები ჟურნალისტებმა აიღონ და ყურადღების ქვეშ ვიყო-თქო. სინამდვილეში, პროსტა არ მევასება.

იმიტომაც იყო რო ძაან დავიშოკე, როცა ერთ-ერთმა ონლაინ გაზეთმა ვიდეოში ამომიცნო და ეგრევე ჰედლაინად გაუშვა “დეპუტატის შვილს სკოლაში სასტიკად ექცევიან.” მერე დაიწყო ამ სტატიის და ვიდეოს გადაშეარება, მთელმა კლასმა გადააშეარა, ზოგი მესენჯერში მწერდა, რა მოხდაო, ეს რა არისო, ზოგმა დაცინვაც დამიწყო. ყველაზე მეტად უცხო ხალხის რეაქციამ გამაოცა. ყველა საიტზე შევედი, რომელზეც ვიდეო დადეს, მაინტერესებდა რას ამბობდნენ. უმეტესობა მაგინებდა. ღირსიაო, წერდნენ. მამამისი როგორი ჩმორიცაა ისეთი ჰყავს შვილიცო, ცოდვებმა უწია ოჯახსო და ეგეთი რაღაცები.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იმ მომენტში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე ბოროტად მოიქცნენ მთელი ცოხვრება სინდისის ქენჯნით იცხოვრებდნენ. მაგრამ მგონი არც მაგაზე მიფიქრია. ცოტა აზრზე რო მოვედი, უკვე პალატაში ვიყავი, მგონი პირველმა აზრმა სწორედ მაგან გამიელვა თავში და ალბათ მაგიტომ მახსოვს, რომ მაშინაც მაგაზე ვფიქრობდი.

პალატაში მარტო ვიწექი, სხვა არავინ იყო. ტელევიზორი იყო დაბალ ხმაზე ჩართული და დედაჩემს ჩემს გვერდით ეძინა. რამდენი დღე ვიყავი გათიშული არ ვიცი. თავიდან ვერც მივხვდი სად ვიყავი.

— დე — ძლივს ამოვთქვი, პირი მქონდა გამშრალი და საზიზღარი გემო მქონდა. ენა კბილებზე მოვისვი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაჭმუჭნილი ტილო მედო პირში, ზედ რაღაც საშინელი ბლანტი ნადებით. დედაჩემმა მაშინვე წამოყო თავი; რომ დაინახა თვალი გახელილი მქონდა და მას ვუყურებდი წამოხტა, მომვარდა და კოცნა დამიწყო. თან ტიროდა.

— სად ვართ?

— საავადმყოფოში. ყველაფერი კარგადაა, გადავრჩით. — თან ტიროდა. — გეხვეწები, დედიკო აღარ გააკეთო ასეთ რამე.

— მამა სად არის?

— დავურეკავ ახლა და მოვა. ძალიან განერვიულებული არის. გიჟს გავს, სამი დღე და ღამეა არ უძინია. მეც ცოტა ხნით ჩამეძინა წეღან და შენც დამიძახე.

— სამი დღეა აქ ვართ?

— ჰო. როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა? მოიცა ექიმს დავუძახებ.

ტკივილით არაფერი მტკიოდა. მერე მითხრეს, გამაყუჩებლები გაქვს ბევრიო და ალბათ მაგიტომ. მტკიოდა კი არა ფეხებს ვერ ვგრძნობდი საერთოდ.

— გამარჯობა — გამიღიმა ექიმმა — როგორ ხარ? რამე ხო არ გტკივა?

— კარგად. არა, არაფერი მტკივა.

— ზურგი? წელი? ხერხემლის მიდამოებში ხო არ გაქვს ტკივილები?

— ტკივილები არა, რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება მაქვს.

— არაუშავს. — საბანი ფეხებზე გადამხადა და ჯიბიდან რაღაცა ხელსაწყოსავით ამოიღო. — აბა, მითხარი ხო არ გტკივა?

— არა, მარა ვერ ვგრძნობ საერთოდ.

— არაუშავს, ბევრი გამაყუჩებელი გაქვს და მაგის ბრალია.

— დედაჩემი სადაა?

— გარეთ, მამას ელაპარაკება და შემოვა. კარგი, მე წავალ ახლა და საღამოს კიდევ შემოგივლი, ხო? ჭამე რამე?

— არა!

— არ გშია.

— კი, ძალიან.

— კარგი, ვეტყვი ახლა დედას და გაჭმევს რამეს. აბა შენ იცი.

— ნახვამდის — ოთახიდან გავიდა. სანამ კარს გაიხურავდა დედაჩემის და მისი ლაპარაკი გავიგე. დედამ ჰკითხა, რა მდგომარეობააო და ცუდიო ამან უპასუხა. მერე უკვე ვეღარ გავიგე რას ეუბნებოდა.

დედაჩემი ძალით იღიმებოდა. თან ცრემლები სდიოდა და სწრაფ-სწრაფად იწმენდდა.

— რა გინდა, დედიკო, რას შეჭამ?

— არ ვიცი. სულ ერთია.

— მამა მოვა და მოგიტანს რაღაცებს, გზაშია უკვე.

— ქუთაისიდან მოდის?

— არა, აქვე იყო გამომძიებელთან.

— რა უნდა გამომძიებელთან?

— რა ვიცი გამოკითხა ალბათ რა ხდება.

— და რას იძიებენ?

— კარგი, არ გვინდა ახლა მაგაზე. მერე ვილაპარაკოთ. ორი წუთია თვალი გაახილე, რა დროს ეგ არის. წყალი არ გინდა?

— მინდა.

ცოტა ხანში მამაც მოვიდა. ეტყობოდა გაბრაზებული იყო, ნაძალადევად გაიღიმა, პარკები ტუმბოზე დააწყო და შუბლზე მაკოცა.

— როგორ ხარ?

— კარგად.

— გტკივა რამე?

— არა.

— ძაან კარგი.

— სად იყავი?

— საქმეზე. დიდი ხანია გაიღვიძე?

— ერთი საათი იქნება, ხომ გითხრა დედამ? — ცოტა გავღიზიანდი. — რა საქმეზე იყავი?

— რაღაცაზე. ექიმი იყო?

— იყო. რა გინდოდა გამომძიებელთან?

— არაფერი, მერე მოგიყვები.

— იმათ აჭერინებ?

— არავის არ ვაჭერინებ. თვითონ იჭერენ ვინც დასაჭერია. მე უბრალოდ ჩვენება მივეცი. შენ რომ მომჯობინდები შენთანაც მოვლენ და ყველაფერს მოუყვები.

— არაფერსაც არ მოვუყვები. ვინ დაიჭირეს?

— აი, ის ორი ბიჭი.

— დადიანი და ბაკურაძე?

— ჰო.

— რატო? ეგენი რა შუაში არიან?

— აბა ვინაა შუაში.

— არავინ!

— შენ არავინ გეკითხება მაგას. მიხედავს ის ხალხი თავის საქმეს და თვითონ გაარკვევენ ვისი ბრალია და ვისი არა.

— გამოაშვებინე!

— მე როგორ გამოვაშვებინო, მე ვინ მეკითხება?

— გეკითხება, გამოაშვებინე, თორე… — ძალიან მინდოდა დავმუქრებოდი, მაგრამ უცებ ძაან შემეცოდა, მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი და სახე ერთ წამში შეეცვალა, ძაან შეეშინდა და მკვდრის ფერი დაედო. - გამოაშვებინე.

— კარგი. ვნახოთ.

— ეს წამალი მალე გამივლის?

— რომელი წამალი?

— რა ვიცი მე. სულ გაბუჟებული ვარ თავიდან ფეხებამდე. ფეხებს ვერც კი ვგრძნობ.

— არ ვიცი. — თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა. — მალე ალბათ. — სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა გატრიალდა და გარეთ გავარდა. — რა მოუვიდა? — ვკითხე დედას.

— არაფერი. განერვიულებულია. — გამიღიმა დედამ და ცრემლი მოიწმინდა.

— რატო ტირი?

— მიხარია, რომ გადავრჩით. ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ახლა გულზე მომეშვა, რომ გამოიღვიძე.

— კიდე მეძინება.

— დაიძინე. მე აქ ვიქნები და თუ რამე მოგინდება მითხარი.

წინა სამი დღე და ღამე არაფერი დამსიზმრებია. არც მახსოვს როგორ მეძინა. ახლა კიდე ბაკურაძე და დადიანი მესიზმრნენ. ვითომ სასამართლოზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ისინი კიდე ყვიროდნენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ბექას კითხეთო, მე კიდე ხმას ვერ ვიღებდი. დამუნჯებული ვიყავი. მერე დამემუქრნენ. ოდესმე მაინც გამოვალთ, გიპოვით და წამებით მოგკლავთო. მერე ვითომ ბევრი წელი გავიდა და ერთ დღესაც ციხიდან გამოიქცნენ. თან მთელი ციხე გამოიყოლეს, ოღონდ ყველა პატიმარი თვითონ იყვნენ, ბევრი ბაკურაძე და ბევრი დადიანი. ვისაც ხელს შეახებდნენ ისინიც ბაკურაძეებად და დადიანებად იქცეოდნენ. ყველას დანები, ჯოხები, გადატეხილი ბოთლები, პისტოლეტები ან რამე იარაღი ეჭირათ ხელში. ბოლოს მთელი ქვეყანა ბაკურაძეებად და დადიანებად გადაიქცნენ და ყველა მე მეძებდა. მე ვითომ ვიმალებოდი, ვერც ხმას ვიღებდი, ვერც შველას ვთხოვდი ვინმეს. სადაც არ უნდა გავქცეულიყავი ყველგან ეგენი იყვნენ.

რომ გამეღვიძა მთელი საწოლი სველი იყო და ბევრი ოფლი მდიოდა. დედა ვიღაცას ჩუმად ელაპარაკებოდა.

— გღვიძავს? — მკითხა რატიმ. თავთან მეჯდა და მიყურებდა.

კომენტარები