16 სექტემბერი

ჩანაწერი #3 მეკო დიდებულიძე

გუშინ თორნიკეს დაბადების დღე იყო. სახლში გადაიხადა. თავიდან არ უნდოდა, გოიმობაა სახლშიო, დედამისს და მამამისს სთხოვა, ფული მომეცით და მე წავიყვან ბავშვებს სადმეო, მაგრამ არ დართეს ნება. მეც ვეუბნებოდი, რომ არაუშავდა, რა მოხდა მერე, ვის არ გადაუხდია დაბადების დღე სახლში. ისე შემდეგ დაბადების დღეზე სადმე წასვლა კაი იქნება. მარტო მე და ეგ თუ წავალთ, მაგრამ არ იზამს. ალბათ ბიჭებსაც წამოათრევს.

თავიდან წიგნის ჩუქება მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე არ ეწყინოს მეთქი და იუვენტუსის მაისური, ბზის ჯვარი და ფსალმუნები ვუყიდეთ მე და დედამ. მერე ჩემ ძმას ვთხოვე, ჩემი და თორნიკეს ვაკის პარკში გადაღებული ფოტო დამიხატე მეთქი, დამპირდა დაგიხატავო, მაგრამ ვერ მოასწრო ამ დებილმა, მაგრამ არაუშავს, მერე ვაჩუქებ, ხატვას რო დაამთავრებს.

დედამისი და მამამისი უკვე რძალს მეძახიან. კახა ბიძია ამბობს, სკოლას რომ დაამთავრებთ ისეთი ქორწილი უნდა გადაგიხადოთ, მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობდესო. მე თან ძალიან მინდა და თან მეშინია სწავლაში არ შემიშალოს ხელი. დედაჩემი მეუბნება, ძალიან ადრეა სკოლის დამთავრებისას გათხოვებაო, ჯერ უმაღლესი დაამთავრეთ ორივემ და მერე ვილაპარაკოთ მაგაზეო. იმ დღეს მეუბნებოდა, სტუდენტობისას შეიძლება ვინმე სხვა ბიჭი გაიცნოო, ის მოგეწონოს და თორნიკე გადაგიყვარდესო. ჯერ დიდი და ნამდვილი სიყვარულისთვის პატარები ხართო. არა-მეთქი, თორნიკეს გარდა სხვა არავინ მეყვარება-თქო. ძალიან კარგიო, მაგრამ იქნება იმას შეუყვარდეს ვინმე სხვაო?! არავინაც არ შეუყვარდება, მე ვუყვარვარ მაგას მარტო და ცოლადაც მომიყვანს, როცა სწავლას მოვრჩებით. რატო უნდა შემიყვარდეს სხვა? თორნიკე ძალიან კარგი ბიჭია და ვერ წარმომიდგენია სხვა მიყვარდეს. და პატარები რატო ვართ? თვითონ მეთერთმეტე კლასში იყო მამაჩემს რო გაყვა ცოლად და სკოლაც ძლივს დაამთავრა მერე.

გუშინ, ჩვენ რომ წამოვედით, მამამისს და ბიძამისს იქ უნდა წაეყვანათ… თურმე ბიძამისი შეპირებია დაბადების დღეზე წაგიყვანო. მე ანანომ მითხრა, თორნიკე რომ ბიჭებს უყვებოდა მაგ დროს გაუგია. თავიდან ძალიან მეწყინა და ვიტირე. მერე ჩემს ძმას ვკითხე და ჯერ დამცინა, მერე თორნიკეს ბიძას და მამას სულ სირები ეძახა და ნერვები მომიშალა.

გოგოებმა მითხრეს, არაუშავსო ეგ ღალატი არ არისო, ყველა ბიჭმა უნდა გამოიაროს ეგ ეტაპიო და არაფერი ისეთი მაგაში არააო. ანანომ გაიკითხა და ეგრე უთხრეს, ალბათ მასეცაა, მე რა ვიცოდი. მერე ვეღარ მოვითმინე და თორნიკეს ვკითხე. თავიდან გამიბრაზდა, შენი საქმე არააო, მაგრამ რო ნახა, რომ მეშინოდა ჩამეხუტა და მითხრა ეგ ბიჭებისთვის აუცილებელია და მეც არ მინდა შეიძლება, მაგრამ აუცილებელიაო.
კლასში შევედი თუ არა ანანო მომვარდა.

— რა ქნა? როგორ ჩაიარა? ელაპარაკე? მომიყევი რა!
— არ ვიცი. არ მილაპრაკია, როდის უნდა მელაპარაკა?
— გუშინ.
— გუშინ რანაირად მელაპარაკა, იქ იქნებოდა და შუაღამეს ხო არ დავურეკავდი?
— ცოტა მერე დაგერეკა.
— ოო, რა სისულელეა.
— წამო ავიდეთ და კითხე რა, მაინტერესებს ძაან.
— არა!
— რატო?
— ჯერ ერთი შენი საქმე საერთოდ არაა ეგ და თორნიკესთან არ წამოგცდეს არაფერი, თორე ძაან გაბრაზდება. და ხმას აღარ გამცემს.
— გაგცემს, უშენოდ ვერ გაძლებს. — გაიცინა ანანომ. — აუ, გთხოვ, ავიდეთ რა! ძალიან მაინტერესებს. იცოდე, შენ თუ არ კითხავ, მერე მე ვკითხავ ბიჭებს.
— არა! არ შეიძლება, ჩამოვა თვითონ და მომიყვება ყველაფერს.
— აუ, რანაირი ხარ, რა!
— არანაირი არ ვარ. შენ შეყვარებულს კითხე ეგეთი რამეები როცა გეყოლება! ჩემსას თავი დაანებე! როცა მოვა და მომიყვება, მერე გეტყვი მეც.
— აუ, თუ გაგცე ხმა საერთოდ, რა! — გაბუტული გატრიალდა და თავის მერხთან დაჯდა.

ძალიან ჭორიკანაა ეს გოგო. თორნიკე მიშლის ამასთან მეგობრობას, ენას ატლიკინებს და არ მიყვარსო. თუ არ იმეგობრებ მაგასთან ძალიან გამიხარდებაო. ჩემი დაქალი ნამდვილად არაა, მაგრამ ცოტ-ცოტას ვემეგობრები. თან მეც მეჭორავება ხოლმე და ბევრი ამბები მოაქვს, მე დიდად არ ვუყვები ხოლმე ჩემი და თორნიკეს ამბებს, იმიტომ რომ ვიცი, მერე მთელ სკოლას მოსდებს და თორნიკე ძაან გაბრაზდება. ამას წინათ ქართულის გაკვეთილზე ვიჯექი და არ ვუსმენდი, რაღაცაზე ვფიქრობდი და ლია მასწავლებელმა შენიშვნა მომცა, დიდებულიძე სად დაფრინავო და ანანომ მთელი კლასის გასაგონად დაიყვირა, შეყვარებულია მას მეკოო. ბავშვებმა სიცილი დაიწყეს და ძალიან შემრცხვა, კიდე კაი ზარი დაირეკა და გავვარდი ტუალეტში, ანანო გამომეკიდა რა იყო, ვიხუმრეო. მე კიდევ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, თავი დამანებე მეთქი ვუყვირე და შევვარდი ტუალეტში. მერე დასვენებაზე თორნიკე რომ ჩამოვიდა მოწყენილი ვიყავი და რა გჭირსო, მოვუყევი და ძალიან გაბრაზდა ხომ გითხარი ენატლიკინაა ეგ ანანო და ნუ დაქალობ მაგასთანო. მე არ მითქვამს არაფერი, მეწყინა ანანოსგან. მაგრამ მერე გამიარა, იხუმრა თან მართლა.

დასვენებაზე თორნიკე არ ჩამოვიდა. არადა ყველა დასვენებაზე ჩამოდის ხოლმე. შეიძლება დააგვიანდა სკოლაში, გუშინ გვიან დაიძინებდა და ალბათ გაუჭირდა ადგომა. მეორე გაკვეთილზე მოვა ალბათ და მერე ჩამოვა.
— მოსულია! წეღან ვიყავი და ბიჭები ახვევიან თავზე, ეტყობა უყვება — მახარა ანანომ.
— რო მორჩება ჩამოვა.
— რაღას ჩამოვა, გავიდა უკვე შესვენება. თუ არ ჩამოვიდა ან არ მოგიყვა არ იდარდო, ყველაფერს გავარკვევ და მე მოგიყვები.
— აუ ანანო დაანებე თავი რამდენჯერ გითხარი! არ კითხო არაფერი არავის! რა ვერ გაიგე!
— მე რას მიყვირი ერთი! შენი შეყვარებული გღალატობს მე რა შუაში ვარ? —  ეს მითხრა და ვერ გავიგე რატომ, უცბად ცრემლები წამომივიდა. არ მღალატობს თორნიკე, არ არის ეგ ღალატი და მე ვუყვარვარ. რა შუაშია საერთოდ ღალატი, ბიჭებისთვის ხო სავალდებულოა იქ წასვლა.
— აუ, მეკო, ნუ ტირიხარ რა, მაპატიე. — ჩამეხუტა. — არ მინდოდა დედას გეფიცები, ნერვები მომეშალა უცებ. მაპატიე რა, გეხვეწები. მაპატიე? — კაი მეთქი, თავი დავუქნიე. — კარგი, სანამ შენ არ მეტყვი, რომ რამე გავიგო ან გითხრა, მანამდე ხმას არ ამოვიღებ, შენს თავს ვფიცავარ. კარგი?
— კარგი.
— კაი, ნუღა იტირებ ახლა. აი, ნახე, ჩამოვა და მოგიყვება, ყველაფერი კარგად იქნება. თორნიკეს შენ უყვარხარ ხო იცი, უცბად გითხარი სისულელე, არ მინდოდა. არ არის ეგრე, დაჟე პირიქით, მაგარია ეგ რო შენი შეყვარებული დიდია, მაგას ნიშნავს გოგო. გაიგე?
— ხო.

მეორე დასვენებაზე ჩამოვიდა. რომ დავინახე ეგრევე გავექანე და ჩავეხუტე. ძალიან მომენატრა გუშინდელის მერე. ჩვენს ადგილას წავედით და მომიყვა დაბადების დღის ამბები, კომპიუტერს თამაშობდნენ. მამამისმა და ბიძამისმა ბევრი დალიეს, ბიჭებსაც დაალევინეს თურმე ცოტა, მარა გასულები რო იყვნენ დიდები, ამათ კიდე დაულევიათ და მერე კასრაძე ცუდად გამხდარა და ურწყევია თორნიკეს ტუალეტში. ფუუუ ჩემ დაბადების დღეზეც ეგრე რო ქნას ჩემმა დაქალმა რა საზიზღრობაა. მე ვიფიქრე მომიყვება მეთქი რა ქნა იქ რო წავიდა, მაგრამ არ უთქვამს მაგაზე არაფერი. შემრცხვა რო მეკითხა და ველოდებოდი თვითონ თუ მეტყვის თქო. ხმა არ ამოუღია მაგაზე არაფერი. რაღაც ფული მჭირდებაო, 100 ლარიო მარტო ეგ ახსენა და მე მოგცემ მეთქი. გაუკვირდა იმას შენ საიდან გაქვსო. ვაგროვებ რამდენი ხანია სამოცი ლარი მაქვს შეგროვებული უკვე, ყულაბა მაჩუქა ნათლიაჩემმა, ჯერ არ მინდა გატეხვა, მაგრამ თორნიკეს თუ სჭირდებოდა მივცემდი. მარა იმან არ მინდაო შენი ფულიო მე თვითონ ვიშოვიო. რად უნდა ნეტავ 100 ლარი? ალბათ ვალი აქვს სადმე. ამასობაში ზარიც დაირეკა და გავიქეცი კლასში.

— რაო? რაო? აუ, მითხარი, რა! გეხვეწები რა! როგორი იყოო? მოგიყვა?
— არაფერი.
— რა არაფერი? არ მოგიყვა?
— არ ყოფილა არსად და მაგიტო არ მომიყვა არაფერი! — მივახალე მე და მოვიშორე თავიდან ანანო. აუუ რატო შემჭამა.
— რა არ ყოფილა? აბა ბიჭებს რას უყვებოდა ზემოთ?
— არ ვიცი ალბათ რო დათვრნენ მაგას ყვებოდა, არ ვყოფილვარო მე მითხრა, აღარ წავედიო.
— რატო არ წავედიო, შენ მიყვარხარ და მაგიტოო? — ანანომ ხარხარი დაიწყო.
— რა არის სასაცილო ანანო?
— არაფერი არაფერი, — მითხრა და თავისი მერხისკენ წავიდა სიცილით.

ნერვები მომეშალა, რატო მოვატყუე ეხლა, მაინც გაიგებს ეს ჭორიკანა რა მოხდა და მერე უნდა დამცინოს და შეიძლება თორნიკესაც წამოაძახოს რამე. შემეშინდა თორნიკესთვის არაფერი არ ეთქვა და მივვარდი.
თორნიკესთან არაფერი წამოგცდეს, გაიგე?
— რა უნდა წამომცდეს? არ ყოფილა არსად და არ მომხდარა არაფერი. — უცნაურად შემომხედა ანანომ, ვერ ვიტან ესე რომ მიყურებს. დიდივით.
— არც ეგ არ წამოგცდეს რომ იცი! გაიგე?! გთხოვ ანანო. — შევეხვეწე ძალიან და ანანოს სახე შეეცვალა. კაი ნუ გეშინია, არავის არაფერს არ ვეტყვიო, ხო დაგპირდი შენ თუ არ მთხოვ არაფერს არ გავიგებო. შენ თუ მთხოვ, მარტო მაშინო.
— კარგი, მე თუ გთხოვ მარტო მაშინ.
დასხედით! დაიყვირა ლია მასწავლებელმა და წამოვედი ჩემს მერხთან. რა გვაქვს ქართულში? ყველაფერი დამავიწყდა უცებ, აუ ნეტა არ გამიძახოს. რატომ არ მომიყვა თორნიკემ?

კომენტარები
17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი