16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი

ჩანაწერი #27 ნიკა დავითაშვილი: მასონი

სკოლაში სიარული ძალიან მობეზრდა. არაფერი საინტერესო აღარ ხდება ან მე ვერ ვუდებ გულს. რაც მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა იმას მე თვითონაც კარგად ვსწავლობ და ვპოულობ. აქ კიდე ნიშნების გულისთვის ვსწავლობ. კლასელებიც ყველა უინტერესო ტიპია, ვერავისთან საერთო ენას ვერ გამონახავ ძაანაც რომ მოინდომო. მასწავლებლები კიდევ ისე დაზეპირებული და უაზრო ტექსტებით შემოდიან გაკვეთილზე. ეტყობათ, რომ თვითონაც მხოლოდ მოვალეობის მიზნით აკეთებენ ამ ყველაფერს და არც ერთს ხალისი არ აქვს თავისი საქმის კეთების.

მესმის, რომ როცა ამდენი წელია ერთი და იგივეს ლაპარაკობ და ერთი და იგივე რაღაცებს ასწავლი ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ რავი… მაშინ ან თავი უნდა გაანებო ამ ყველაფერს ან რაღაც ახალი გზები და ინფორმაციები იპოვო, რომ შენთვისაც საინტერესო იყოს სამსახური და სხვებსაც ყელში არ ამოუყვანო.

დაფასთანაც აღარ მიძახებენ, იციან, რომ კარგად ვიცი ყველაფერი და მხოლოდ ნიშნები რო დამიწერონ ხოლმე ხანდახან მაგის გამო თუ მომაყოლებენ ხოლმე გაკვეთილს. მეც ვდგავარ და უღიმღამოდ ვყვები. საერთოდ არ ვივლიდი სკოლაში, მარა ნიშნები მჭირდება ძაან, სხვანაირად ნორმალურ უნივერსიტეტში ვერ გავაგრძელებ მერე სწავლას.

ყველაზე მეტად რუსული არ მევასება. ძაან უაზრო ენაა და საერთოდ ვერ ვხვდები რატომ გვაიძულებენ სწავლას. იქნება არ მინდა რუსული და მინდა მარტო ინგლისური ან ინგლისური და გერმანული? ვიღაცა წერდა ადრე ფიესბუქზე, რომ უცხო ენა არჩევითი უნდა იყოსო და ვისაც უნდა რუსული ისწავლოს და ვისაც უნდა ინგლისურიო. ძაან კარგი იდეაა, მაგრამ მაინც ასეა. მასწავლებელიც მაგრად არ მევასება. ერთხელ წამომაძახა, რა გაგიკეთა ამერიკამო, აგერ შენი მშობლები მონებად მუშაობენ იქო, არავინ დაუფასებსო არც სწავლას და არც შრომასო. რუსეთში კიდე ქართველები უყვართ და აფასებენო, შეხედე რა წარმატებულები არიან ყველაო. მერე გაუშვა რუსული მწერლობაო, კულტურაო და წაიღო ტვინი.

დღესაც რომ შემოვიდა, ეგრევე სიტყვით გამოსვლით დაიწყო.
— ზდრასტვიწე ძეწი.
— ზდრასტვიწე ლიდა ალექსანდროვნა — ერთად მიესალმა ყველა. მე არ ვესალმები ხოლმე, პროსტა ტუჩებს ვაცმაცუნებ.
— საძიწეს. უ მინია ვ რუკახ პისმო, კატორაია ია ნაპისალა, ანა ადრესოვანა პატრიარხუ რასიი, ვლადიკე კირილუ.
— რაო? — გაისმა ვიღაცის ხმა კლასში.
— რაო და რუსეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას უნდა გავუგზავნო წერილი, რომელიც მე დავწერე. — უპასუხა ლიდა ალექსანდროვნამ. — ჩვენ ერთმორწმუნე ხალხი ვართ და ჩვენი ჩხუბი არ შეიძლება, ვიღაც პოლიტიკოსების ახირებების და უცხო ქვეყნების ჩარევის გამო. მი ბრატსკიე ნაროდი, მი ჟილი ვ მირე ი ვ საგლასიი ვეკი, ა შას… ღმერთი არ გვაპატიებს ამას, არც ჩვენ და არც მათ.
— და თვითონ რატომ არ გვიგზავნიან ეგეთ წერილებს? — ვიკითხე მე.
— რომელი ხარ მანდ?
— მე ვარ, მას. — წამოვდექი.
— ა ატკუდა ტი ზნაეშ შტო ანი ნე პიშუტ ნამ ტაკიე პისმა?
— რავი, მე არ მინახავს რუსეთისგან რამე ეგეთი ნაბიჯი.
— ძალიან კარგად ერკვევი პოლიტიკაში, დავითაშვილი?
— დიახ, მას.
— მოკლედ, ვისაც სურვილი გექნებათ, რომ ამ წერილის შინაარსს შემოუერთდეთ, ხელი მოაწერეთ და ერთად გავგზავნოთ. — პირველ მერხზე დადო. ჯერ ერთმა მოაწერა ხელი, მერე მეორემ და ასე გადადიოდა მერხიდან მერხზე.

ჩემამდე რომ მოვიდა წამოვდექი და მთელი კლასის წინ გამოვაცხადე.
— მე არ მოვაწერ ხელს. — ყველამ მე გამომხედა. — ჯერ ერთი არასრულწლოვანი ვარ და არ მაქვს უფლება პოლიტიკურ განცხადებებზე ხელი მოვაწერო და მეორეც საერთოდ არ ვიზიარებ შინაარსს.
— წაიკითხე? — მკითხა ლიდა ალექსანდროვამ.
— დიახ.
— და რას არ ეთანხმები?
— არც ერთ სიტყვას არ ვეთანხმები.
— ე, ბიჭო შენ ვინ ხარ? ჩვენ რო მოვაწერეთ რა, შენ ჩვენზე მაგარი როჟა ხარ? — წამოიყვირა ვიღაცამ.
— რა შუაშია მაგარი როჟა? არ მინდა და არ მოვაწერ.
— აუ, იცი რაა, შეიძლება არც მე არ მინდოდა ხელის მოწერა, მარა მასწავლებელი რომ ამბობს უნდა მოაწერო რა. ჩვენ პატარები ვართ და ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის სწორი და რა არა და უნდა დაუჯეროთ მასწავლებელს — ამოიწიკვინა გაბადაძემ. მაგრად არ მევასება ეს გოგო, სულ ასე იქცევა და ყველა მასწაველებელს კუდს უქიცინებს. საერთოდ ვერავინ ვერ იტანს კლასში, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება მაგდენს და ჰგონია, რომ ძაან კაი ტიპია.
— მით უმეტეს, პატარები რომ ვართ და ბევრი რამ რო არ ვიცით, იმიტომ არ გვაქვს ხელმოწერის უფლება. — ვუპასუხე მე. — თუმცა, მე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი.
— რა იცი აბა?
— რავი, რა ვიცი და სულ გვეომებიან და სულ გვიპყრობენ და ეგ რანაირი მეგობრობა და ძმობაა მე არ ვიცი.
— ომი რა შუაშია ბიჭო?
— აბა რა არის შუაში?
— ეს პატრიარქისთვისაა წერილი, ძმაო!
— მერე რა?
— ე, რა მერე რა, ბიჭო? ჩვენს პატრიარქს რო უგზავნიდნენ იქიდან წერილს და ვინმემ რო შენნაირად დაიწყოს რაღაცები, გესიამოვნება?
— ეგ რა შუაშია?
— აბა რა არის შუაში?
— აუ, ეს ათეისტია უეჭველი — გადმომძახა მეორემ.
— ე, უეჭველი, ტო! ათეისტი ხარ?
— არა. არ ვარ ათეისტი.
— აბა მოაწერე მაშინ ხელი, ძმაო!
— პრეკრაწიწე! მე არავის არ ვაძალებ ხელის მოწერას. ვისაც უნდა იმან მოაწეროს.
— მადლობა, ლიდა მას. მაგრამ ისე რო იცოდეთ, თქვენ საერთოდ არ გაქვთ უფლება, რომ ასეთი წერილები ჩვენთან შემოიტანოთ. — ვუთხარი და დავჯექი.
— შენ მე ნუ მასწავლი რისი უფლება მაქვს.

გაკვეთილის ბოლოს წერილი ჩანთაში ჩაიდო და კლასიდან გავიდა. მე ჩემს მერხთან ვიჯექი, არ ვეურთიერთები არავის, არ მევასებიან ჩემი კლასელები. წლებია ერთად ვსწავლობთ და არც ერთს არ ვემეგობრები.
— მართლა ათეისტი ხარ? — გაბადაძე ჩემს წინა მერხთან ჩამოჯდა და პასუხის მოლოდინში მომაშტერდა.
— არაა ეგ შენი საქმე.
— ანუ ხარ!
— ხო, ვარ, მერე?
— არაფერი — ცხვირი აიბზუა და კლასიდან გავიდა.

არადა არ ვარ ათეისტი. მარა სულ ასე ვშვები ხოლმე, ჯინაზე ვამბობ და ვაკეთებ რაღაცებს. ახლა ხო ვიცი, მოსდებს მთელს სკოლას და კლასს და დაიწყება ტვინის ჭამა. შარშან ვიღაც ახალი გოგო გადმოვიდა სკოლაში, უფროს კლასებში და გაუბაზრდა ათეისტიაო და მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობდა, ათასნაირ ჭორებს უვრცელებდნენ, მერე რაღაც მოხდა, კლასელმა ბიჭებმა სადღაც გამოკეტესო და რაღაცები გაუკეთესო, ზუსტად ვერ გავიგე და არც მახსოვს. გადავიდა მერე ისევ, სხვა სკოლაში.

გაკვეთილების მერე სახლში წამოვედი პირდაპირ. ამ რუსულის მასწავლებლის ამბავი ვაბშე მეკიდებოდა, მარა ერთი ორჯერ წამომაძახეს ვიღაცებმა, ათეისტიო და მასონიო და რაღაც დებილობები. რა მასონი… ამ მასონებზე კი გამიგია რაღაცები, მარა სახლში რო მოვედი დავსერჩე. რაღაც ვიდეოებს ვუყურე და აი, რა შუაში ვარ ამ ხალხთან ვერ გავიგე. რაღაც ომებს იწყებენო, ხალხის განადგურება უნდათო, მე კიდე რაღაც დებილურ წერილზე არ მოვაწერე ხელი და ეგრევე რაღაცა უაზრობა ჭორი გამივრცელეს. არადა რო კითხო, პატარები ვართო და არაფერი ვიცითო.

ნერვებმოშლილზე ფეისბუქზე სტატუსი დავწერე, რუსულის მასწავლებელზე დავწერე, რაც მოხდა. ეგრევე რამდენიმე კლასელმა მომწერა — წაშალეო. არ წავშლი-თქო და მერე მუქარა დამიწყეს. ვინ ეკითხებათ ნეტა. ჩემმა ძმამაც ნახა.

— რაებს წერ ბიჭო, გამოგაგდონ გინდა?
— რა გინდა?
— რა რა მინდა, წაშალე, ეგ დედამოტყნული სტატუსი, გამოგაგდებენ სკოლიდან და მერე მე უნდა მომეტყნას ტვინი.
— შენ რა შუაში ხარ?
— აუ, რატო ტყნავ ტვინს ტო? წაშალე რა.
— არ წავშლი.
— კაი, არ წაშლი და ამ ჩემს ყლეს. ბოზისშვილი ვიყო, რო გამოგაგდებენ, თუ იმინა ხელი გავანძრიო, რაც გინდა ის გიქნია, ყლეზე მკიდია.
— ჰო, აქამდე ხო რას ამბობ.

ვიღაც გოგომ მომწერა ფეისბუქზე.
“ნიკა გამარჯობა, მე გაეროში ვმუშაობ, ბავშვთა უფლებებზე, შეგიძლია ზუსტად მომიყვე რა მოხდა?”
“რავი, აი, რაც დავწერე რა. რაღაც წერილი შემოიტანა მასწავლებელმა, ხელი მოაწერეთო, რუსეთის პატრიარქს უნდა გავუგზავნოო.”
“გაიძულათ ხელის მოწერა?”
“არა, ვისაც უნდა იმან მოაწეროსო, მარა მე რო უარი ვთქვი ბავშვებმა რაღა დამიწყეს.”
“მასწავლებლის სახელი და გვარი რომ მითხრა შეგიძლია?”
“კი. ლიდა ცაგარეიშვილი.”
“კარგი, მადლობა.”

 

კომენტარები
18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი