16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი

ჩანაწერი #26 რატი კაჭარავა: არია

ეს ქალი სულ ტელეფონზე ლაპარაკობს. ან ვის ელაპარაკება ან საიდან აქვს ამდენი სალაპარაკო თემები ან როგორ ვერ ხვდება, რომ ვიღაცებს აწუხებს. რაც სამსახურიდან გამოუშვეს იმის მერე სხვა საქმე აღარ აქვს და სულ ჭორაობას და ვიღაცებზე ლაპარაკს უნდება. იქიდანაც მაგიტომ გამოუშვეს ალბათ. თან დღის განმავლობაში კი არ რეკავს, აი, საღამოს, სამსახური რომ მთავრდება, ვითომ, მაშინ იწყებს ხოლმე რეკვას. არ აბაზრებს, რომ სამსახურიდან გამოუშვეს, თუ ვინმემ გაიგო უარყოფს, ან ამბობს ცოტა ხანი შვებულება ავიღეო ან თუ ძალიან ახლობელია მაშინ ეუბნება, რომ თვითონ წამოვიდა და ახალ სამსახურში მალე გადავა. ადრე, როცა მუშაობდა, მაშინ სამსახურიდან მოსვლის მერე რამდენიმე საათი ისვენებდა ან სახლის საქმეებს აკეთებდა და მერე იწყებდა რეკვას. ახლა მთელი დღე რომ სახლშია, ყველაფერს აკეთებს და მერე ზის და ელოდება როდის გახდება შვიდის ნახევარი. ეტყობა ფიქრობს, რომ 6-7-ზე რომ მთავრდება სამსახურები ერთი ნახევარი საათი მაინცაა საჭირო, სახლში მოსასვლელად მაინც.

დღესაც, შვიდი საათი იყო რომ ჩამოეკიდა ტელეფონზე და არ გაჩერებულა. ზარებს შორის 15 წუთიანი პაუზები აქვს, იქნება ვინმეს უნდა დარეკვაო, მაგრამ ვინღა უნდა დარეკოს, ყველას თვითონ ურეკავს და ყველამ ყველაფერი იცის.

აბაზანიდან გამოვედი, კიდევ ტელეფონზე იჯდა. დამინახა თუ არა ეგრევე დაემშვიდობა ვიღაცას.
— კარგი ელზა, გენაცვალე, მე იმიტომ არ მითქვამს ეგ, ხომ იცი, ჩვენში დარჩება აუცილებლად. მაგრამ კარგი იქნება თუ მიხედავთ ბავშვს, ასეც არ შეიძლება. კარგი, გენაცვალე, ნახვამდის. — ყურმილი დაკიდა და ოთახში შემომყვა. — ეს რა არის? — ხელში ჩემი ტელეფონი ეჭირა.
— ჩემი ტელეფონია.
— ვიცი რომ შენი ტელეფონია, ამაზე გეკითხები. — გამომიწოდა, ჩემი და ბექას მიმოწერა ჰქონდა გახსნილი.
— რატო იქექები ჩემს ტელეფონში? ვინ გეკითხება შენ?
— რას ქვია ვინ მეკითხება?! აბა ვის ეკითხება? რატომ არ მითხარი, რომ ბექამ ჩაარტყა იმ ბიჭს თავში? ჰა?
— შენ ვინ გეკითხება, ვინ ვის ჩაარტყა, რა გინდა საერთოდ — ძაან გავმწარდი. სულ ასე იცის, რაღაცებში ერევა, რაღაცებს იტყუება, მერე ამ ყველაფერს ერთად მოსდებს ყველას და საერთოდ ვერ იაზრებს, რომ სხვის საქმეებში ცხვირი არ უნდა ჩაყოს.
— როგორ მელაპარაკები შენ!
— როგორც საჭიროა ისე გელაპარაკები. ელზას მაგაზე დაურეკე ხო?
— დიახაც! და მოვახსენე კარგად ყველაფერი. თავი რომ ძალიან პატიოსან ოჯახად მოაქვთ და ისე ლაპარაკობს ხოლმე თავის შვილზე გეგონება ანგელოზი იყოს. დეგენერატები მთელი ოჯახი!
— შენ ვინ გეკითხება, ქალო, რა გინდა ვაბშე! რა! რატო ერევი სხვის საქმეში!
— შენ როგორ ბედავ ჩემთან ეგრე ლაპარაკს, შე დეგენერატო, შენ! მოვიდეს მამაშენი, შენ ნახავ რაც მოგივა.
— არაფერიც არ მომივა! რა უთხარი?
— ვის?
— ელზას, ვის!
— რა და სასიკვდილოდ რომ გაიმეტა მაგისმა შვილმა ვიღაც ბავშვი და მერე იმ საცოდავ დადიანს რომ გადააბრალა ეგ მოვახსენე ყველაფერი. და ისე გაიკვირვა, გეგონება არ იცოდა. ეტყობა იფიქრეს გაჭირვებულია და უპატრონოო ის ბავშვიო და გადავაბრალებთ ყველაფერსო.
— აუ, ჩემი ეს ვინ არი ტო! რატო აკეთებ ეგეთ რაღაცებს გამაგებინე, ადამიანო, რამე დაგიშავე?
— შენ რა შუაში ხარ, დედა?! შენ კარგი ბიჭი ხარ. წავიკითხე მე ყველაფერი და ვნახე, შენ რომ ეჩხუბე.
— აი, საერთოდ ვერ ხვდები რა გააკეთე?
— რა გავაკეთე?
— რა გააკეთე და ახლა ჩემზე იტყვის ყველა, რომ ჩამშვები ვარ და ეგ გააკეთე!
— არ ვიცი მე რას ნიშნავს ჩამშვები და არავინ არაფერს არ იტყვის. თუ იტყვის და მე მივხედავ.
— აუ, კაროჩე რა. მეზიზღება უკვე ამ სახლში ცხოვრება!
— ჰოდა, მიბრძანდი! რა ისტერიკებს მიწყობ ვერ გავიგე. რა გავაკეთე ამისთანა? დავურეკე ლეილა მასწავლებელს და ელზას და ვუთხარი, რომ მიხედონ ბავშვს და კლასს.
— ლეილასაც დაურეკე?
— ჰო, რა იყო? — ძალიან გაკვირვებულმა მკითხა.
— ვაიმე!
— არ უნდა მაგას ვაიმე და მოეშვი ამ ისტერიკებს. ძალიან ცუდ დღეში გაქვს ნერვები ამ ბოლო დროს და ვერ გავიგე რა გჭირს. უნდა წამოგიყვანო მაგ სკოლიდან. დეგენერატები არიან ყველა, ცუდი გავლენა აქვთ შენზე.
— შენ გაქვს ცუდი გავლენა ჩემზე, მეტს არავის და შენ მიშლი ყველაზე მეტად ნერვებს.
— მე რას მერჩი?
— იმას გერჩი, რომ ყველა ფეხებზე გკიდია და ჭორიკანა ხარ და სადაც არ გეკითხებიან იქ ყოფ ცხვირს და ყელში ამოუყვანე ყველას ყველაფერი. არავინ რო არაფერს გეუბნება, შენ თვითონ ვერ უნდა მიხვდე?
— რას უნდა მივხვდე?
— იმას, რომ ყველას თავი მოაბეზრე უკვე და აღარავის არ უნდა შენთან ურთიერთობა. არც მე! და უკვე მეზიზღება სახლში მოსვლა. მამაჩემსაც სხვათა შორის.
— მამაშენი რა შუაშია?
— იმ შუაშია, რომ იმიტომ მუშაობს ეგრე გვიანობამდე, რომ სახლში მოსვლა შეაძულე.
— რაებს მეუბნები, ბიჭო, როგორ არ გრცხვენია, რა გეტაკა შვილო, რა მოხდა, ვინ მოგიშალა, დედიკო, ასე ნერვები?
— შენ! — ვუღრიალე! — შენ მომიშალე! ვაბშე შემეშვი რა.
— შეშვებული ვარ, ბატონო, რაც გინდა ის ქენი. ტკბილი სიტყვა შენ არ გესმის და ადამიანური ლაპარაკი. ამის მერე ვნახოთ რაც მოგივა.
— მეტი რაღა უნდა მომივიდეს?
— და რა გჭირს რითი ხარ უკმაყოფილო? საჭმელი არ გაქვს, სასმელი თუ ჩაცმა-დახურვა დაგაკელით?
— არ მჭირდება თქვენი არაფერი. წავედი მე. — შარვალი და წინდები ამოვიცვი, უჯრა რომ გამოვაღე და მაისურის ამოღება დავაპირე, მომვარდა.
— სად მიბრძანდები?!
— სადაც მინდა, შენ არ გეკითხება არავინ!
— აბა ვის ეკითხება, გაუშვი ეხლა ამას ხელი, ნერვები არ მომიშალო, ისედაც ჭკუიდან გადავდივარ უკვე!
— დამანებე რა თავი! — უჯრას მთელი ძალით მოვქაჩე და ოდნავ გამოვაღე, მაისურის ამოსაღებად ხელი ჩავყავი და ამ დროს მოაწვა. ხელი თითები მომაყოლა. ტკივილისგან დავიღრიალე.
— ვაიმე, მაჩვენე. — ხელი ამომაღებინა და დამხედა. — დაჯექი აქ სვენ ტილოს მოვიტან და დაგადებ.
ოთახიდან რომ გავიდა მაისური ამოვიღე გადავიცვი და გავვარდი შემოსასვლელში. სამზარეულოდან სველი ტილი რომ გამოიტანა, მაგ დროს უკვე ქურთუკს ვიცმევდი.
— რატი, არ გახვიდე გარეთ, იცოდე! თორემ კარს ჩავკეტავ და არ შემოგიშვებ იცოდე!
— არც ვაპირებ მოსვლას. — კარი გამოვიჯახუნე და კიბეებზე დავეშვი.

გზაში მამაჩემი შემეფეთა, რაღაც მოჰქონდა პარკებით.
— სად მიდიხარ?
— სადღაც.
— რა მოხდა?
— არაფერი. აღარ მინდა თქვენთა ცხოვრება.
— რა მოხდა, ბიჭო! წამოდი ეხლა, ნერვები არ მომიშალო, ისედაც არ ვარ შენს ხასიათზე.
— დავაი რა! — მივაძახე.
— თქვენი დედები მოვტყან მე, თქვენ ხო ხალხი არ ხართ.

მაღაზიაში სიგარეტი ვიყიდე და ბაღისკენ დავაწექი. სად უნდა წავსულიყავი მაგაზე არ მიფიქრია. ბიძაჩემთან იყო ერთი ვარიანტი, მარა ვერ ვიტან მაგათთან ასვლას რა. ძაან მიყვარან, მარა აი, რაღაცნაირად სულ დაძაბულობაა მაგათთან და უხერხულად ვარ ხოლმე. თან რო იცი, რომ რაღაცაზე არიან ნაჩხუბრები ან უნდათ რომ იჩხუბონ და რაღაცნაირად რო გერიდებიან და ეგ უფრო რო ძაბავს სიტუაციას. მერე რომელიღაცა ვეღარ ითმენს და ტყდება ერთი ამბავი. ქუჩაში ვიქნები-თქო გადავწყვიტე, აბა რა უნდა მექნა.

სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.
— ასანთი გაქვს? — მკითხა ვიღაცამ. მივიხედე და ძალიან საყვარელი გოგო იდგა, ჩაჩაჩული ჯინსები ეცვა, ქურთუკზე ვარდისფერი პეპლები და რაღაც ემბლემები ჰქონდა მიკრული. — გაქვს? თუ არა?
— მაქვს. — სანთებელა გავუწოდე. მოუკიდა და გვედით მომიჯდა.
— სახლში იჩხუბე?
— ჰო, შენ რა იცი?
— პროფესიონალი ვარ მაგ ამბავში — გაეღიმა. — დედას თუ მამას?
— დედას.
— ჰო, ბიჭები დედებთან ჩხუბობენ ხოლმე. მარა გოგოებიც, მამებთანაც. კაროჩე, who cares! რატო?
— რავი. ნერვები მომიშალა.
— კაი, არაუშავს გაგივლის. სად ცხოვრობ?
— აგერ აქვე.
— რაზე მოგიშალა ნერვები? არ მომიყვები?
— რავი, ყველას საქმეში ცხვირს ყოფს, ეკითხებიან — არ ეკითხებიან მაინც ყველაფერში ერევა. დღეს იმინა ბოლო წვეთი იყო.
— რა ქნა?
— არაფერი. კლასში რაღაც ჩხუბი მოხდა და ჩემმა კლასელმა თავში ჩაარტყა ქვა ვიღაცას და მერე სხვას დაბრალდა და ამან ჩემი მესიჯები ნახა და დაურეკა დედამისს და შენმა შვილმაო სხვას გადააბრალაო და დამრიგებელთანაც ჩაუშვა.
— ვა. და შენი ტელეფონი საიდან დაითრია?
— ვბანაობდი მე.
— მერე ვერ შეიტანე? თუ იცი რო ეგეთი ჭორიკანა ქალია რაღას დაუტოვე?
— აქამდე ეგეთი რამე არ უქნია, თავის პონტში ჭორაობს ხოლმე და მე რა ვიცოდი, რომ მესიჯებს გადამიქექავდა.
— ეგ შენ გგონია რო არ უქნია, პროსტა აქამდე არაფერი იყო ისეთი ალბათ და რას გააბაზრებდა. ანუ სკოლაში დაგერხა?
— რავი, არა. მოვაგვარებ.
— კაი, წავედი. — რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემოტრიალდა — შენც ხო არ წამოხვალ?
— სად?
— რავი, აგერ ავდივარ, ჩემს მეგობართან სახლში. მაგასთან ვიკრიბებით ხოლმე სასტავი, მუსიკას ვუსმენთ, ვეწევით, ვცეკვავთ, რავი ათას რამეს ვაკეთებთ.
— არ ტეხავს?
— რო წამოხვიდე?
— ხო.
— არა, რა ტეხავს, მთელი თბილისი იქ მოდის ხოლმე. რა პონტში უნდა ტეხავდეს. თავის პონტშია რა, სხვენში აქვს თავისი შტაბივით გაკეთებული და იქ ავდივართ ხოლმე. არც დედამისი ამოდის ხოლმე და არც არავინ.
— კაი, წამოვალ.
— სახლში არ გინდა აბრუნება? მერე რო უარესად გეჩხუბონ?
— მკიდია.
— ძაან კაი. წავედით. შენ რა გქვია?
— რატი. შენ?
— გამარჯობა რატი, მე მქვია არია.
— სტარკი?
— ჰო.
— რატო?
— რავი, მევასება, მაგარი გოგოა და თან მამაჩემმა მითხრა ერთხელ, თავს მჭრიო და მეთქი კაი. დავირქვი ფეისბუქზე არია სტარკი და იმის მერე შემრჩა. რამდენი წლის ხარ?
13.
— პატარა ყოფილხარ.
— შენ რამდენის ხარ?
14.

 

 

კომენტარები
17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი