16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი

ჩანაწერი #24 ქეთი კაპანაძე: ქურდი

“შენ გახდი ხო?” უკვე ალბათ მემილიონედ ვიმეორებ ამ შეკითხვას თავში. ძალიან გამიხარდა როგორც იქნა შემამჩნია რომ გავხდი! მაგარია! მაგრამ ჯერ კიდევ ათი კილო მაქვს დასაკლები. ან მეტი. მინდა რომ ძალიან ძალიან გამხდარი ვიყო და ჩემზე თქვან სიფრიფანა გოგოაო და არა პუტკუნა და ჯანმრთელი ბავშვიო. ჩემი მეზობელია მაიკო, დედაჩემი სულ ლანძღავს მის მშობლებს — სიფრიფანაა მაიკო არაფერს არ აჭმევენო, არადა მაიკო ძალიან ლამაზია. ყველა ამბობს მაიკო რა ლამაზი ბავშვიაო დედაჩემის გარდა. მე და დედაჩემი ერთად სადაც მივდივართ ჩემზე სულ ამბობენ ქეთის რა ლამაზი სახე აქვსო. და რა ჯანმრთელი ბავშვიაო. მეზიზღება უკვე სადმე წასვლა, დედაჩემის დაქალებთან და ნათესავებთან ყველაზე მეტად. ჯერ ვერავინ ვერ ამჩნევს რომ გავხდი, მარტო გვანცამ იცის რომ დიეტაზე ვარ და თორნიკემ შეამჩნია რომ დავიკელი! მაგარია, ვაგრძელებ შიმშილობის დიეტას.

რწყევისაც აღარ მეშინია, როცა შემიძლია და დედაჩემი ტელეფონზე ლაპარაკობს და ყურადღებას არ მაქცევს, რაც არ უნდა ჩამატენოს სადილი ვიპარები და ტუალეტში ვარწყევ. მერე კარგად ვრეცხავ და ვხეხავ. ერთხელ შემამჩნია ტუალეტში რომ მივდიოდი ჭამის მერე ეგრევე და შეეშინდა რა იყო რამე ხომ არ დაგემართაო, კუჭი ხომ არ გაქვს დედი აშლილიო, წამალს დაგალევინებო. მოვატყუე მეფსია მეთქი და იმ დღეს ვერ ვარწყიე. ზოგჯერ ვინმე არის ხოლმე ტუალეტში და ინტერნეტში კიდევ ეწერა შეჭამ თუ არა ეგრევე უნდა არწყიოო, დრო რომ გადის აზრი არ აქვს. ამიტომ სულ არ გამოდის.

ფულის აღებაც არ შეუმჩნევია ჯერ დედას, კარადის ზედა უჯრაში ინახავს, დაკეცილი პირსახოცების ქვეშ, ტკბილეულსაც მანდ ინახავს ხოლმე და ჩურჩხელასაც, ახალი წელი რომ მოდის. ვის უნახავს არ ვიცი, მე არც კანფეტები მიყვარს და არც ჩურჩხელა. თან ასუქებს ეგენი. წავიკითხე გოგოების საიტზე, ყველაზე მეტად ტკბილი ასუქებსო. მოკლედ ეგ ზედა თარო არის ძვირფასი რაღაცეების შესანახი თარო და მანდ ინახავს ხოლმე ფულსაც, უდევს 50-ლარიანები, ასლარიანები, ოცლარიანებიც აქვს, ზოგჯერ მამას აძლევს ხოლმე როცა იმას უცბად სჭირდება, სულ ამბობს “ბარათზე მაქვს ფული” და პურზე როცა ჩავდივარ მეც მანდედან მაძლევს ხოლმე. ოღონდ ისე რომ არ დავინახოთ, არადა ყველამ იცის. მეზობელმა რუსიკომაც კი იცის მანდ ფულს რომ ინახავს. ერთხელ დამაბარა, დედაშენს იმ სეიფში არ აქვს გადაჩურთული ფული უნდა ვესესხოო, მე დედას ვუთხარი და დედამ დაურეკა ფული თუ გინდოდა რა ბავშვს დააბარე, მოდი და მოგცემო, იმან უთხრა ვეხუმრე გოგოო, დედამ მეჩხუბა რა დებილი ხარ ხუმრობასაც ვერ ხვდებიო.

მაგ თაროდან ჩუმად ავიღე ასლარიანი, დედა ტელევიზორს უყურებდა და არ დაუნახავს, და თორნიკეს წავუღე, შაბათი იყო მაგრამ სახლთან გავუტანე. გზაში მეშინოდა არ დამეკარგოს მეთქი და ყოველ წამს ვისინჯავდი ხომ მედო ჯიბეში. თორნიკეს ძაან გაუხარდა, ჯიგარი ხარო, ნელნელა დაგიბრუნებო ერთიანად ალბათ არ მექნებაო. კარგი მეთქი, მეც ნელნელა დავაბრუნებ კარადაში.

კვირას დედა ბაზარში მიდიოდა თურმე, დილით ადრე შემოვარდა ჩემს ოთახში და გამაღვიძა.

— ქეთი შენ აიღე ფული?
— რა ფული დედა?
— კარადაში რომ ვინახავ, ვითომ არ იცი რა ფული, შენ აიღე??
— არა მე არ ამიღია.
— იცოდე სიმართლე მითხარი, შენ აიღე თუ არა? აკლია ასი ლარი.
— არ ამიღია დედა მე, რად მინდა ასი ლარი?
— არ მჯერა, დედა დაიფიცე აბა რომ არ აგიღია.
— არ ამიღია მართლა. გეფიცები.
— ჩემი თავი დაიფიცე!!!
— შენს თავს ვფიცავარ მე არ ამიღია, — ვუთხარი და ტირილი დავიწყე. მოვიდა და ჩამეხუტა, — კაი ნუ ტირიხარ, თიკოს აღებული იქნება უეჭველი გუშინ აქ რომ იყვნენ რაღაც უშნოდ აცეცებდა თვალებს, ახლავე დავურეკავ დედამისს.

თიკო ჩემი მამიდაშვილია, ორი წლით არის ჩემზე დიდი, შეყვარებული ჰყავს და როცა თავის შეყვარებულთან ერთად სეირნობა უნდა, დედაჩემს ურეკავს, ქეთი გამოუშვი ჩემთანო და მერე ერთად გავდივართ გარეთ და ვითომ ვსეირნობთ, სინამდვილეში მე ვზივარ სკამზე და ველოდები, მაგ დროს თიკოს ტელეფონი მე მაქვს ხოლმე და თუ დედამისი ან დედაჩემი დარეკავს მე ვპასუხობ და ვეუბნები, რომ მაღაზიაში შევიდა მზესუმზირაზე ან წყლის საყიდლად ან კოკაკოლის. მერე მოდის თმებგაწეწილი თიკო და ვბრუნდებით სახლებში. ხომ კარგი ბიჭია დათოო, მეკითხება ხოლმე და თავს ვუქნევ. არ მომწონს ეს დათო არასდროს ხმას არ იღებს და სულ შავი სათვალეები უკეთია. სიგარეტის სუნიც ასდის, სულ ეწევა, აი სულ. თიკოსაც სულ სიგარეტის სუნი ასდის ხოლმე, მე მგონი თვითონაც ეწევა და სახლში დაბრუნების დროს სულ ახალ კევს იდებს და ღეჭავს და ღეჭავს გამალებით. თიკოს დაბრალდება ეხლა ჩემი აღებული ფულის მოპარვა?

დედაჩემმა დაურეკა მამიდაჩემს, გვერდზე ოთახიდან მესმოდა ხმა:

— ეკა, გამარჯობა მე ვარ, ხო არ გაგაღვიძეთ?
— …
— რას შვებით როგორ ხართ?
— …
— ხო მე ბაზარში ვაპირებ წასვლას, ძლივს მოვაბი თავი, ხო არ წამოხვალ შენც?
— …
— ჰო, მეც ქეთისთვის მინდა ზამთრის რაღაცები ვიყიდო, მერე ძაან გაძვირდება და გავიდა აწი ოქტომბერი რაღა დარჩა.
— …
— კაი და რა უნდა გკითხო, თიკო სახლშია?
— …
— მალე მოვა თუ იცი?
— …
— არა არაფერი რაღაცა მინდოდა მეკითხა, დამირეკე რო მოვა კაი?
— …
— არა გოგო არაფერი, გუშინ თქვა ჟაკეტები იყიდებაო სადღაც ძაან კაიო და მინდოდა მეკითხა სად იყიდება ზუსტად.
— …
— დამირეკე რო მოვა და შევეკითხები მე თვითონ.
— …
— კაი ეკა წავედი მე ბავშვს უნდა ვაჭამო, შემეხმიანე მოკლედ. კაი, კაი.

რა ვქნა? თიკო იტყვის არ ამიღიაო, თან მართლა არ აუღია. მე ხო ვიცი. მე ვერ ვეტყვი რომ მოვიპარე და თორნიკეს წავუღე. მომკლავს დედაჩემი. და მამაც მეჩხუბება. აუუ რაღა დღეს მოუნდა ბაზარში წასვლა და ფულის დათვლა რაა. მოეცადა ცოტა ხანი, იქნებ გადაიფიქროს და აღარ წავიდეს?

— დეე, მე უნდა მიყიდო ტანსაცმელები?
— ჰო შენც უნდა გიყიდო და ჩემთვისაც უნდა ვიყიდო, ზამთრის ყველაფერი დაგიპატარავდებოდა.
— არ დამიპატარავდა ყველაფერი კარგად მაქვს და არ მინდა ახლების ყიდვა რაა.
— გაჩერდი გოგო შენ ვინ გეკითხება რას ბოდიალობ? რას ჰქვია ახლების ყიდვა არ გინდა მაგას ვათქმევინებ ეხლა ხალხს შარშანდელი კურტკით და ჩექმებით დადისო?
— ოო…
— გადამრევთ თქვენ მე ყველანი რა, ახლები არ მინდაო, ნეტა ვინმე რამეს მჩუქნიდეს და მაძლევდეს, ყოველდღე მენდომებოდა ახლები, მიდი დაიბანე ხელპირი და ჭამე.

უარს აზრი არ ჰქონდა. სუფრა უკვე გაშლილი იყო, დილიდან უნდა ჩავიტენო საჭმელი. არადა ამდენი რწყევაც მეზარება უკვე. აუ რაა.

— იმ შენს თიკოს კიდევ აი ნახე თუ სათითაოდ არ დავაწიწკნო თმა, მაღაზიაში ყოფილა წათრეული თურმე დილიდან, ხარჯავს ალბათ აწაპნულ ფულებს რა ენაღვლება. ოიი ნახოს რა დღეს დავაყრი მაგას. ჭამე მიდი. მამაშენის უჯიშო გვარი და ჯილაგი რა ვთქვი მე! მაგისიანი თუ არა სხვა ვინ იზამდა აბა, უსირცხვილო გოგო, გაუხმეს ხელი. ეგ უჯიშო. ჭამე შენც კიდე, რას გაშტერებულხარ!

კომენტარები
16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი