16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი

ჩანაწერი #21 მეკო დიდებულიძე: ანანო

ხუთშაბათობით ბოლო გაკვეთილი გერმანული უტარდება ჩემს კლასს. მე ფრანგული მაქვს არჩეული, ამიტომ სახლში ადრე მივდივარ. იმ დღესაც უკვე სადილის ჭამას ვამთავრებდი, კარზე ზარმა დარეკა, დედამ გააღო და სამზარეულოში ანანო შემოიყვანა. ასეთი ანანო არასდროს არ მინახავს, 6 წლიდან ვიცნობ.

ჩვენ პირველ და მეორე კლასში ერთად ვსწავლობდით, მერე ორივე გადავედით სხვა სკოლებში და მეექვსე კლასში ისევ ერთ კლასში მოვხვდით. ერთმანეთი ვიცანით და მაშინვე დავმეგობრდით. მას მერე ცოტა ნერვებს მიშლის ხოლმე და ვეჩხუბები ხანდახან. მეგობრები ვართ მაინც. ანანო პატარაობაში სხვანაირი იყო უფრო თბილი და საყვარელი და ეხლა შეიცვალა. დედაჩემი ამბობდა ერთხელ თავის დაქალთან რომ ჩემი შვილის მეგობრის დედა ქმარს გაშორებულა და თურმე ბავშვი მამასთან დაუტოვებიაო, წარმოგიდგენია რაები აღარ ხდება ქვეყანაზეო? მისი დაქალიც თავს უქნევდა, აბა, ვინ წარმოიდგენდა რო ქართველი ქალი მაგის გამკეთებელიაო. აი ასე გადაგვარდნენო. თურმე ამას ანანოზე ლაპარაკობდა. თვითონ არასდროს არ უთქვამს არაფერი და მეც არ მიკითხავს.

ჩემთან ხშირად მოდის ხოლმე სტუმრად. მართლა კი მაბრაზებს ხოლმე მაგრამ მეგობრები ვართ. დედა ბაზარში რომ მიდის ხოლმე ჩემთვის ტანსაცმლის საყიდლად, ანანოსთვისაც ყიდულობს ხოლმე ზოგჯერ. იმას რცხვენია და სულ ჩხუბით მართმევს ხოლმე. რამდენჯერ მინახავს ნერვებმოშლილი ან ატირებული, მაგრამ ასეთი არასდროს. შეშინებულს ჰგავდა და სულ თეთრი და ტუჩებგალურჯებული იყო.

— ანანო რა გჭირს? გცივა?, — თან გამიკვირდა, მართალია ოქტომბერია მაგრამ ძაან თბილი ამინდებია.
— არაფერი.
— ანანო არ გშია?, — შეეკითხა დედაჩემი და თან თეფშზე ბორშის დასხმა დაიწყო, — ჭამე, სკოლიდან მოდიხარ?
— კი სკოლიდან მოვდივარ, ნაჭამი ვარ ნანა დეიდა, არ მშია.
— ჭამე ჭამე, ძაან გემრიელი ბორშია ამ წუთში გაკეთებულია, არაჟანიც დევს აგერ, რა ხდება შენთან, ბებია როგორ არის? მამა?
— კარგად არიან ნანა დეიდა. ყველანი.
— კარგი დაგტოვებთ აბა გოგოებო, იჭორავეთ, — დედამ თვალი ჩაგვიკრა და გავიდა. ანანოს ხმა არ ამოუღია, არც განძრეულა, იჯდა სკამზე და იხედებოდა სადღაც უაზროდ.
— რა გჭირს გოგო?
— არაფერი.
— მოხდა რამე?
— არაფერი.
— აბა რა დაგემართა? გეჩხუბა ვინმე? მამაშენმა გითხრა რამე?
— არაა მეკო რატო შემჭამე, არაფერი არ მომხდარა ვა!
— მატყუებ, მარა კაი არ გინდა ნუ გინდა. რო მოგინდება მაშინ მითხარი. — ვუთხარი და გავაგრძელე ჭამა, არაფერი უპასუხია, არც შემოუხედავს, მერე წყალი დამისხიო მთხოვა და დავუსხი. კოკაკოლა ხომ არ გინდა მეთქი, არა, წყალი მინდაო.

მოვრჩი ჭამას, ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავდე, ანანოს ხელიც არ უხლია თავისი ბორშისთვის. ისევ მოწყენილი იყო, უფრო სწორად უაზროდ.

— კვირას დედაჩემი ბაზარში მიდის, რაღაცები უნდა მიყიდოს ზამთრისთვის, მერე გაძვირდებაო. შენც გიყიდის რამეს. — ვიფიქრე გავამხიარულებ მეთქი.
— არ მინდა მე, ყველაფერი მაქვს.
— არ დაგიპატარავდა რაღაცები?
— არა, არ მინდა რა მართლა, უთხარი. ბებიაჩემი დამპირდა თან გიყიდიო.
— ოო კაი რა, რომც ვუთხრა ხო იცი მაინც, თავს გაიგიჟებს. ნაყინი არ გინდა?
— ნაყინი გაქვს?
— კიი ვახომ მოიტანა, დედაჩემი ეჩხუბა რა დროს ნაყინია ოქტომბერშიო, მაგრამ ხო იცი ის რა გადარეულია, არ მაინტერესებს მე თქვენი კალენდარიო, როცა მინდა მაშინ არის ზაფხული ჩემთვისო. გინდა ანუ?
— რავი, კი.
— კაი ჩემს ოთახში გადი თუ გინდა და მოგიტან, და მომიყევი რა მოხდა.
— არაფერი არ მოხდა მეთქი მეკო რას გადამეკიდე, — ბუზღუნით ადგა ანანო და ჩემი ოთახისკენ წავიდა. ნაყინები გადმოვიღე ჭიქაში და მეც გავედი. ანანო საწოლზე იჯდა და ტელეფონში ჰქონდა თავი ჩარგული. ჩუმად მივეპარე.

— ვის ემესიჯები გოგონი?!
— არავის!, — ძაან შეხტა ანანო და შეშინებულმა მიყვირა, — გაგიჟდი შენ? რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მაშინებ ეგრე!
— ოო კაი რა დაგემართა რა გაყვირებს, ვერ ხარ შენ რა. აჰა გამომართვი, — გავუწოდე ნაყინიანი ჭიქა, — მითხარი ეხლა რა მოხდა რა რას დამტანჯე, რაღაც გჭირს, გაგაბრაზა ვინმემ?
— არავინ არ გამაბრაზა ცუდ ხასიათზე ვარ უბრალოდ არ შეიძლება?
— რატო ხარ ცუდ ხასიათზე?
— იმიტო, მუცელი მტკივა.
— ის გაქვს? გინდა წამალს ვკითხავ დედას თუ აქვს?
— არა არ მაქვს ჯერ, არ მინდა, კარგად ვარ.
— სად გტკივა აბა?
— აი აქ, — დაიდო მუცელზე ხელი ანანომ.
— და რა არის ნეტა მანდ? კუჭი?
— მე რა ვიცი მეკო?
— შეიძლება გშია, ჭამე დღეს რამე?
— კი, დილით ვჭამე.
— დილის მერე არ მოგშივდა?
— ოო არ არის კუჭი, კუჭი ცოტა ზემოთ არის მე მგონი.
— არ მახსოვს, დედას ვკითხავ მოიცა.
— აუუ კაი ეხლა ჩავარდება პანიკაში არ იცი? ანანო ეს დალიე ეს ჭამე, გამივლის რა გეხვეწები დამანებე თავი რა.
— ვაიმეე რა ხასიათზე ხარ შენ, — უი ეს რა არის? მუხლთან სისხლი ჰქონდა შემხმარი, ეხლა დავინახე, — რა მოგივიდა ანანო?
— წავიქეცი და გამეხა, არაფერია.
— სად წაიქეცი?
— სკოლასთან რო კიბეებია.
— ბენტერა ხარ რაა.
— აუ კაი წავედი მე რა სახლში.
— მოიცა სად გარბიხარ, ნაყინი მაინც ჭამე ხო თქვი მინდაო.
— აღარ მინდა, წავედი თორე ბებიაჩემს შეეშინდება.
— ისე შენ მათემატიკაზე არ უნდა იყო ეხლა?
— ვიყავი უკვე.
— მაგან ხო არ გაგაბრაზა? რა ქვია.. გიორგიმ?
— არა მეთქი, არ გავუბრაზებივარ არავის. წავედი რა, გამიღე კარი.
— კაი იყავი ცოტა ხანი რა, თუ გინდა კარაოკეს ჩავრთავ იუთუბზე და ვიმღეროთ, გინდა?
— არ მინდა, მეზარება.
— მაშინ უნო ვითამაშოთ.
— უნო ორში დებილობაა.
— გინდა ვახოს ნახატი გაჩვენო? ჩემი და თორნიკეს ფოტოს ხატავს მარა ჯერ ვერ დაამთავრა.
— არ მინდა.. ტუალეტში გავალ რა, ნახე ვინმე ხო არ არის?
— რად უნდა ნახვა გოგო გადი პირდაპირ.
— აუ მიდი რა, ხო იცი მრცხვენია.
— ფფ, კაი დამელოდე, — გავედი და მოვსინჯე ტუალეტის კარი ღია იყო, მოდი არავინ არ არის-მეთქი გავძახე ანანოს, ბუზღუნით მოვიდა რა გაყვირებს ყველას უნდა გააგებინო რო ტუალეტში მივდივარო და შეიკეტა. რა სჭირს ამ გოგოს? ეგეთ ცუდ ხასიათზე არ მინახავს. ფერი კი მოუვიდა ცოტა მაგრამ ძაან მოწყენილია, უფრო სწორად უაზროდ არის, ალბათ ვიღაცამ გააბრაზა და არ მეუბნება. რატო არ მეუბნება მე ყველაფერს მიყვება ხოლმე და ახლა რა მოხდა? თორნიკემ ხო არ გააბრაზა და მაგიტო მიმალავს? ნეტა თორნიკემ ხო არ გაიგო ანანოს რო მოვუყევი და ხო არ ეჩხუბა, ვერ იტანს ისედაც, აუუუ. ახლა მეც უნდა მეჩხუბოს? გამოვიდეს რა დროზე! ამ დროს ტუალეტის კარიც გაიღო და ანანოც გამოვიდა. მაშინვე დავეტაკე.

— მითხარი, თორნიკემ გაგაბრაზა?
— ჰა?, — გაუკვირდა ანანოს, — თორნიკე რა შუაშია?
— რავიცი აბა რატო არ მეუბნები? თორნიკემ გაიგო რო მოგიყევი მაგის იქ წასვლაზე და რამე გითხრა? გეჩხუბა?
— აუუ მეკო რას ბოდიალობ საერთოდ არ მინახავს ეგ შენი თორნიკე და ვაბშე არ მაინტერესებს სადაც უნდა იქ წასულა რა, და საერთოდ იდიოტები არიან ბიჭები, გაიგე?!, — გაბრაზდა ანანო და ჩემს ოთახში შევარდა.
— კაი ყველაფერზე რატო მეჩხუბები? მე ვიფიქრე რო მაგიტო არ მიყვებოდი. აბა რატო არ მეუბნები რა მოხდა?
— იმიტომ რომ არაფერი არ მოხდა! ვააა!
— კაი დაწყნარდი რა გაყვირებს, ნანა შემოვარდება ეხლა.
— წავედი მე რა.
— წახვედი და წადი რა, მაინც სულ მეჩხუბები რაც მოხვედი და ვერ გავიგე რა გინდა თან არც მეუბნები რა გჭირს.
— არა-ფე-რი არ მჭირს!! ა-რაა!!, — დაიღრიალა ანანომ და გული გამისკდა, ძლივს სუნთქავდა და სახეზე სულ მთლად აწითლებული იყო, ნანა შემოვარდა, — რა გაღრიალებთ გოგო, რა ამბავია?
— აუ არაფერი ნანა დეიდა, ბოდიში რა მეჩქარება, — ანანომ ჩანთას დაავლო ხელი და გასასვლელისკენ წავიდა.
— ეე მოიცა რა, აუ, დე ეზოში ჩავალ რა ხუთი წუთი.
— სად გარბიხარ, გაკვეთილები იმეცადინე?
— არა როდის მემეცადინა ეხლა მოვედი და ვჭამდი, ხუთ წუთში ამოვალ ანანოს გავაცილებ დე გამიშვი რა!
— კაი ჩადი და ზუსტად ხუთ წუთში თუ არ ამოხვალ მთელი ეზო გაიგებს მერი დიდებულიძე შენს სახელს იცოდე. არ მაყვირო, ყელი მტკივა ისედაც, — აღარ მესმოდა დედაჩემის ლაპარაკი ანანოს გავეკიდე, კიბეებზე ჩარბოდა. — დამელოდე გოგო!
— რა გინდა მეკო რატო შემჭამე?
— არ დაგანებებ თავს სანამ არ მეტყვი რა მოხდა, გაიგე?
— მეკო ძაან ნერვებს მიშლი უკვე გითხარი არაფერი ესე იგი არაფერი, რო მინდოდეს თქმა ხო გეტყოდი არა?
— ანუ მოხდა მაგრამ არ გინდა თქმა?
— ხო!
— აბა მეგობრები ვართო?
— ვართ მაგრამ არ მინდა რაღაცის თქმა, არ შეიძლება?
— არ შეიძლება, მეგობრობა იმისაა რო ყველაფერი უნდა მითხრა.
— რა სისულელეა? ეგრე შენც არ მოგიყოლია სოფელში რა მოხდა მაგრამ მე ხო არ შემიჭამია ტვინი?
— ჯერერთი სოფელში არაფერი არ მომხდარა ბიძაჩემის ქორწილში ვიყავი და ძაან ცუდი ქორწილი იყო და მაგიტო ჩამოვედი ცუდ ხასიათზე და მეორეც, როგორ არ შემიჭამე ტვინი? სამი დღე დამსდევდი მომიყევი მომიყევიო და მერე დაგავიწყდა.
— ჰოდა შენც მსდიე სამი დღე და მერე მოგიყვები!, — მომახალა ანანომ და კიბეები ჩაირბინა.

კომენტარები
14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი