16 სექტემბერი

ჩანაწერი #2 გუგა ბუკია

გუშინ თორნიკეს დაბადების დღე იყო და არ დამპატიჟა. ვიცი, რომ თითქოს ჩემზე ზრუნავს და არ უნდა, რომ ბიჭებმა შარი მომდონ და დამჩაგრონ და მაგიტომ არ დამპატიჟა, მაგრამ მაინც მეწყინა. ბოლოს და ბოლოს მის სახლში, მისი მშობლების თვალწინ შეიძლება მომრიდებოდნენ. მეც მაინც და მაინც თავს არ გამოვიჩენდი. შეიძლება მასეც სჯობდა, მაგრამ მე მაინც მეწყინა. უბრალოდ ყურადღების ამბავია. მე მას მეგობრად ვთვლი, ისიც მემეგობრება. სკოლაში ერთად დავდივართ, მასთან ხშირად ავდივარ ხოლმე და კომპიუტერზე ვთამაშობთ. მერე ვმეცადინეობთ. მამამისს ჩემი თავი ძმაკაცადაც გააცნო პირველად, მაგრამ ბიჭების თანდასწრებით ძმაკაცს არ მეძახის. უკვე მესამე თუ მეოთხე წელია ერთ მერხზე ვსხედვართ.

შარშან, ბაკურაძემ და დადიანმა მომაფუჭეს. იმის მერე ამათი თანდასწრებით აღარ მემეგობრება. ამათ კი იციან, რომ მაინც მეძმაკაცება, მაგრამ არც ესენი იმჩნევენ. ხშირად, სპეციალურად ამის დასანახად მიჩალიჩებენ რაღაცებს. თორნიკე კიდევ ჩუმად ზის და ხმას არ იღებს. ან საერთოდ გადის და ეცლება ყველაფერს. ისიც კი არ უთვამს ერთხელ, რომ თავი დაანებეთო ან რამე ეგეთი. ძალიან მწყინს ხოლმე, მაგრამ ბიჭებიდან მხოლოდ მაგასთან ვმეგობრობ კლასში. დანარჩენები ყლეები არიან. ამასაც არ დავუმეგობრდებოდი, მაგრამ უკვე დიდი ხანია რაც ურთიერთობა გვაქვს. იმ ამბის მერე რამდენჯერმე ამის გამოც გამლახეს. ამასთან რამეს დავიწუწუნებ, რამეს ვიტყვი ისეთს და ეგრევე მოდის და ყველაფერს უყვება. მერე ისენი მიტრაკებენ. ერთხელაც არ მოსვლია აზრად, რომ აღარ გააჩალიჩოს ეგეთი რაღაც. მაგრამ ალბათ ამათთან ძმაკაცობის პონტში აკეთებს ეგრე. მე რო ამათზე ვამბობ ცუდ რამეს, თვითონ ვერ მირტყამს და ვერ მეჩხუბება და ალბათ სულ რო მინუსში არ დარჩნენ, მაგიტომ ეუბნება მერე. არ ვიცი. მაგას ჯობია, ისევ თვითონ მითხრას რამე. ძაან არასწორად იქცევა. მეც ვერ ვისწავლე ჭკუა რომ ამასთან ხმა არაფერზე არ უნდა ამოვიღო. მარა ვიღაცას ხო უნდა გავუზიარო რაღაცა. სხვას ვერავის ვეუბნები. ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი, დათო ბექაური, ორი წლის წინ გადავიდა სხვა სკოლაში, საბურთალოზე. ხანდახან ვურეკავ ხოლმე და მივდივარ მასთან, ისიც მოდის ხოლმე, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებთ. ტელეფონზე კიდე ყველაფერს ვერ ვუყვები, თანაც მრცხვენია მისი. რაღაც პონტში არ იცის, რომ სკოლაში დამაჩმორეს და ასე მექცევიან. მეშინია, რომ არ დამშორდეს.

აი, დღესაც. გუშინ ამის დაბადების დღეზე რომ იყვნენ მირეკავდნენ და მეკაიფებოდნენ. ვითომ ხმას იცვლიდნენ და რაღაც ყლეობებს მეუბნებოდნენ. ძალიან მეწყინა. იმათ ჩემი ნომერი არ იციან. უეჭველი ამან მისცა. სხვანაირად ვერ გაიგებდნენ. ყლეები არიან-თქო ვუთხარი და ეგრევე ჩამიშვა დადიანთან.

ზარი რომ დაირეკა თორნიკე ეგრევე გავარდა კლასიდან. მეკოსთან წავიდა ალბათ. სულ მაგასთან მიდის ხოლმე. ყველა დასვენებაზე იქაა. მე არ ავმდგარვარ. იმედი მქონდა, რომ დაავიწყდათ ან რამე სხვაზე გადაერთნენ და გადავრჩი.

— ბუკია — თავზე გოგოლაძე დამადგა.
გოგოლაძე დადიანის და ბაკურაძის შნირია. ეგ სულ თავიდან მოაფუჭეს და იმის მერე ამათ დასდევს. საშინლად ექცევიან. დადიანი ოთხზე დააყენებს ხოლმე, შემოაჯდება და ესეც დაატარებს აქეთ იქით. თან უხარია და იცინის.
— ადე, წამო, დადიანი და ბაკურაძე გეძახიან.
ხმაამოუღებლად ავდექი. აზრიც არ ქონდა დროის გაწელვას ან საერთოდ უარის თქმას. მერე აქ მოვიდოდნენ და უარესი იქნებოდა.

ტუალეტის უკან, კიბეებთან იდგნენ, ბაკურაძე, დადიანი, თუთბერიძე, კაჭარავა და რაზმაძე.
— აბა, რაო ბიჭო, რა თქვაო?
— რაო და… შემო ერთი აქეთ — დადიანმა დერეფნიდან კიბეებისკენ შემიყვანა. — ყლეები არიანო, რას მირეკავდნენო, საქმე არ აქვთო?
— მართლა, ბუკია?
პასუხი არ გამიცია, თავჩახრილი ვიდექი. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
— იცოდე, არ მომატყუო, თორე ჩემი დედა მოვტყან, გავიგებ რო მატყუებ, აი, ჩავა აგერ გოგოლა ბერიძესთან და ამოიყვანს, დაგაყენებ პირზე და მერე ორმაგად დაგსჯი. თქვი თუ არა?
— კაი, შეეშვი რა, ნერვები მოეშალა ალბათ და მაგ პონტში თქვა, შეჩემა, რა გაუხურე საქმე. შენ რო დაგირეკოს ვინმემ და ტვინი გიტყნას არ გაბრაზდები?
— აუ, კაჭარავა, რატო ხარ შენ ყველას მამიდა? მიპასუხე, ბიჭო, მართლა თქვი თუ არა.
— შენ იყავი? — ამოვილუღლუღე.
— რაა?
— შენ იყავი?
— არა, მე არ ვიყავი.
— აბა რა გინდა.
— მე ვიყავი — მიპასუხა რაზმაძემ. მგონი ცოტა შევეცოდე, სახეზე ეტყობოდა.
— რა თქვი, აბა, გაიმეორე?! მიდი პირში უთხარი კაცს, ძმაო.
— აუ, არაფერი უთქვია, რა გინდა, ტო, პროსტა თქვა რა. გაბრაზდა და ეგ იყო. ხო ეგრეა, გუგსონ? — კაჭარავა გვერდით ამომიდგა და ხელი გადამხვია.
თავი დავაქნიე. დადიანმა ეგრევე სილა გამარტყა სახეში. მე უკან დავიხიე და კაჭარავას ამოვეფარე. კაჭარავა შუაში ჩადგა და დადიანი გააკავა.
— შეეშვი, ბიჭო, რა, რაზმაძე არაფერს ეუბნება ხო ხედავ, შენ რა გინდა.
— შენ შიგ ხო არ გაქვს ბიჭო? — დადიანმა კაჭარავას ხელი კრა.
— აუ, დადიანი, ბოზისშვილი ვიყო თავი არ გამალახინო, შენ ხო არ გგონია შენი მეშინია. დაგაგორებ ამ კიბეებზე, ჩემი დედა მოვტყან.
— ვსიო, მორჩით ახლა. — ბაკურაძის სიტყვაზე ეგრევე გაჩერდნენ. მე თავჩახრილი ვიდექი. კაჭარავა ძალიან კარგად მოიქცა. არ ვიცი დღეს რა ეტაკა, მანამდე არც ეგ მაკლებდა ხოლმე.

— კაროჩე, ეგეთი იდეა მაქვს. მოიხედე ბიჭო. — ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა. — მოკლედ, ბიჭებს და კონკრეტულად დადიანს, ჭირდება ფული. კაროჩე… ცოტა უნდა წაგვეხმარო. ერთი 50-60 ლარით.
— საიდან მოგიტანოთ 50 ლარი?
— აუ, ნუ ტირიხარ ბიჭო.
— არ ვტირივარ.
— დღეს და ხვალ კი არ გეუბნები, ორი თვე გაქვს. ააგროვებ და მოიტან, რა.
— რანაირად ავაგროვო…
— მომისმინე, შე თესლო ბავშვო — დადიანმა საყელოში ჩამავლო ხელი. — რო გეუბნებიან, ორ თვეში 60 ლარს მოჯვამ, ესე იგი, მოჯვამ, გასაგებია?
— არ მაქვს და საიდან.
ზარი დაირეკა.
— კარგი. მერე მოგხედავ და ვნახოთ როგორ არ გაქვს.

შემდეგ შესვენებაზე არ დაუძახიათ. შეიძლება დაავიწყდათ ან ვინმე სხვა გამოიჭირეს. ახლა კიდე იმაზე იქნებიან გამწარებულები ბერიძეს რო ვეჩხუბე. ამათ არავინ ეკითხება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რამე მიზეზი იპოვონ, ნებისმიერი.

ჩემს მერხთან ვიჯექი. ნათია მოვიდა და მომიჯდა.
— რა გჭირს?
— არაფერი.
— რა უნდოდათ?
— არაფერი. რა გინდა?
— კარგი. რაც გინდა ის ქენი. აჰა ეს.

რაღაც ფურცელის ნაგლეჯი მომიგდო, წერილი იყო. ვისთვის იყო არ ეწერა, მარა მგონი გოგოლაძეს გაუგზავნეს დადიანმა და ბაკურაძემ. ყველა შეკრიბე გაკვეთილების ბოლოს და კიბეებთან მოდითო. ბუკია არ გაგექცეს ოღონდო.

რამენაირად უნდა მოვმტყდარიყავი. მეორე დღეს ისევ მომიწევდა აქ მოსვლა, მარა მთავარი იყო დღეს წავსულიყავი.

მესამე გაკვეთილი შუამდე იყო მისული, ხელი ავიწიე.

— გისმენ, ბუკია.
— მას, დიდი ბოდიში მას. დამავიწყდა, რომ მეთქვა, დედაჩემია ცუდად და წამალი მე უნდა მივიტანო. პირველ საათზე უწევს ჭამა და ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოს მას. და რო არ წავიდე არ შეიძლება.
— რაებს იგონებ, ბუკია?
— არ ვიგონებ, მას. დედას გეფიცებით.
— მასწავლებელო, გატყუებთ! — ნათია ყველაფერში არამკითხე მოამბესავით ერევა და ამჯერადაც არ დააყოვნა. — არ არის მას, დედამისი ცუდად, სხვა რამეშია საქმე.
— რა ხდება, ბუკია? რატო იტყუები?
— არ ვიტყუები, მას. ამან რა იცის დედაჩემი ცუდადაა თუ არა?
— ვიცი მას. სინამდვილეში დადიანი და ბაკურაძე ემუქრებიან და გაკვეთილების მერე გალახვას უპირებენ და ბუკიას უნდა, რომ გაასწროს, მას.
დადიანი, რას ერჩით ბუკიას, ან შენ ბაკურაძე? — იკითხა მასწავლებელმა.
— არაფერს, მას. რაღაცას იგონებს ეს — გაიკვირვა დადიანმა.
— გიჟია, მას, ნუ უსმენთ ამას. ბევრი წიგნებისგან და სწავლისგან ტვინი გადაეწვა, მას.
— შენ კიდე დებილი ხარ, ბაკურაძე და წერა-კითხვაც არ იცი და ტვინი საერთოდ არ გაქვს.

— ჩუმად! — მასწავლებელი მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. — რა ხდება ბუკია, მითხარი სიმართლე და გაგიშვებ.
— არაფერი, მას. დედაჩემია ცუდად და წამალი უნდა მივუტანო. — მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქვა, მიხვდა, რომ ვატყუებდი, მაგრამ აღარ შემწინააღმდეგებია.
— კარგი, ბუკია, წადი. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება დედაშენი.
— მადლობა, მას!
— ბიჭო და სკოლაში მოსვლას აღარ აპირებ შენ? — მომაძახა დადიანმა გამოსვლისას.

ყურადღება არ მიმიქცევია, ეგრევე გავვარდი გარეთ. შეიძლება რომელიმეს საჭირო ოთახში გასვლა ეთხოვა მასწავლებლისთვის და დამწეოდნენ. ჩემს ქუჩამდე სირბილით მივედი. არსად არ გავჩერებულვარ გზაში. სახლში ჯერ ვერ ავიდოდი, ძალიან ადრე იყო სკოლიდან მისასვლელად. ბოლო გაკვეთილის დაწყების დროს მისვლა იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, გაგვიცდა-თქო ვეტყოდი დედაჩემს და ეგ იქნებოდა.

პატარა სკვერში გადავედი, იქ ვაცდენთ ხოლმე სკოლას უბნის ბავშვები, თუ ვინმეს მშობელი გამოჩნდება ადვილად ვტყდებით ხოლმე იქიდან, პირდაპირ მეორე ქუჩაზეა გასასვლელი, იქვე სადარბაზოდან. პაკო და ლევანა დამხვნდნენ, ეწეოდნენ და თან რაღაცებზე ლაპარაკობდნენ. რომ მივედი ლევანამ ეგრევე მათხოვრობა დამიწყო.

— აუ, გუგიჩ, ძმობას გაფიცებ, 40 თეთრი არ გაქვს? მშია და ხაჭაპურზე მაკლდება და ნისიაზე აღარ მაძლევს ის დედამოტყნული ქალი. — ჯიბიდან ლარიანი ამოვიღე და მივეცი. — აუ რა ჯიგარი ხარ. მოვალ ახლავე.

რამდენიმე წუთში კოკა-კოლით და ხაჭაპურით დაბრუნდა.
— ვიღაც ყლებავშვა დავიჭირე და კოკა-კოლა ვაყიდინე. რას შვები, აცდენ?
— ჰო, საკონტროლო გვქონდა და არ ვიცოდი და წამოვედი. თქვენ რას შვებით.
— ვაბირჟავებთ რა.
— ბიჭებო, ცოტა ფული მჭირდება რა.
— წააგე?
— ჰო, ქაუნთერში. ინტერნეტ-კაფეში ვეთამაშე ვიღაცას, ლამერი მეგონა და ტიპმა გამიგდო იმენა.
— რამდენი გინდა?
20 ლარი. 5 ლარი მაქვს, ერთი 10 რო თქვენ დამითრიოთ, მეორე 5-ს ვიჩალიჩებ კიდე. ერთი კვირის თავზეა თავანი.
— არ უნდა მაგას ჩალიჩი — პაკომ ბიჩოკი მოისროლა და ლევანას კოკა-კოლა მოუსვა — ხვალ გამო აქ, სკოლამდე, გააცდინე ბარემ და ვიღაც ყლებავშვები შევაყენოთ, ზემოთ. რაც აგროვდება აგროვდება და მერე კიდე ვნახოთ რა.
— ბაზარი არაა, ძმები ხართ.
— უბანშიც გაიკითხე და ცოტ-ცოტას გამოვლენ ბიჭები, რა პრობლემაა 20 ლარი, თუ ძმა ხარ, რა.
— კაი, ჯიგრები ხართ! გნახავთ მერე. ავედი, კაროჩე, ძაან მშია მეც და ბოლო გაკვეთილი გამიცდა-თქო ვეტყვი დედაჩემს.
— კაი, დავაი.

კომენტარები
17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი