16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი

ჩანაწერი #18 ქეთი კაპანაძე: ბალუ

ნახევარი კლასი ბიჭები სკოლაში არ დადიან, ბუკია არ გამოჩენილა კვირაზე მეტია, რაზმაძე გადადისო სხვა სკოლაში, კაჭარავაზეც იძახიან სახლშიაო, ბაკურაძეს მოვკარი თვალი ერთი ორჯერ. თორნიკეც ძალიან იშვიათად დადის, არადა სულ რაღაც თვეზე მეტია რაც სწავლა დაიწყო. ამათმა მე მგონი რაღაც შარში გაყვეს თავი, წესიერად ვერ გავიგე, ვიღაცები კი ჭორაობენ, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე, ვიღაცა ცემეს და ტვინის შერყევა აქვსო, მერე მაგათმა მამებმაც იჩხუბესო და დედებმაც თმებით ითრიეს ერთმანეთიო ბავშვები ამბობენ, მოკლედ მე მგონი რაღაც სერიოზულია, მაგრამ თან არა მგონია. მასწავლებლები კი იძახიან არაფერი ისეთი არ ხდება, ჩვეულებრივი ამბავია, ბიჭები არიან გაარკვევენ თვითონო.

კლასში ახალი ბავშვი გვყავს, გვანცა, ჩვენები ბალუს ეძახიან, იმიტომ რომ მსუქანია, აი ჩემზე მსუქანიც კია. ისე მე კიდევ ორი კილო დავიკელი, სახლშიც ვისწავლე ჩუმად საჭმლის გადაყრა, რომ არ დამინახოს დედაჩემმა. თვითონ უფრო და უფრო სუქდება და სუქდება. მე ჯერ ვერ მამჩნევს რომ ვხდები. ვცდილობ თვალში არ მოვხვდე და ხშირად ვერ დამინახოს ხოლმე. ჩემ ოთახში ვარ სულ და ვმეცადინეობ, ხან ვკითხულობ.

დიეტების საიტზე შევედი ამას წინათ და სხვადასხვა დიეტები ეწერა, ბევრნაირი. ერთი არის მთელი დღე არაფერს არ ჭამ საზამთროს გარდა. ოღონდ ეს ზაფხულის დიეტაა. კიდევ არის მაწონი და უმი წიწიბურა უნდა შეურიო ერთმანეთს, დადგამ და მერე მთელი დღე მარტო მაგას ჭამ რამდენჯერაც მოგშივდება. მაწონიც მეზიზღება და წიწიბურაც, მაგრამ მერე რა. ვიფიქრე გავაკეთებ მაგ დიეტას თქო მაგრამ აბა როგორ. დედა სულ სახლშია, მარტო ხანდახან შეიძლება წავიდეს დაქალთან და მეც მივყავარ. ყოველდღე როგორ გავაკეთო მაწონი და წიწიბურა. თან არ ვიცი წიწიბურას გაკეთება. ყველაზე კარგი დიეტა არის, რომ არ ჭამო საერთოდ ან ძალიან ძალიან ცოტა ჭამო. კიდე წავიკითხე რო ჭამის მერე ეგრევე გულის არევაც ძაან კარგი ყოფილა, და კი მეზიზღება და მეშინია, მაგრამ ერთხელ ვცდი მეთქი ვიფიქრე. დედა რაღაც სერიალს უყურებდა, სკოლიდან რო მოვედი ერთი დიდი თეფში ბორში ჩამატენა ხორციანი და შევჭამე თუ არა, ეგრევე გავიქეცი ტუალეტში, იმ საიტზე ეწერა რომ ვიღაც გოგოები ორ თითს იყოფენ და ეგრე ირევენ გულს და ეგ ძაან ცუდიაო. ძაან ბევრი ვეცადე მაგრამ თითები ვერ ჩავიყავი დიდხანს, მეზიზღებოდა და მერე უკვე რო თითქმის ჩაყოფილი მქონდა დედამ ატეხა კარზე ბრახუნი, ამდენი ხანი რას აკეთებ, ცუდად ხო არ ხარ გამოდიო, თურმე ტუალეტში უნდოდა იმასაც. მოკლედ ასე ჩამეშალა, მაგრამ კიდე ვცდი მერე. თან უკვე ვიცი როგორც უნდა ვარწყიო.

ერთი სული მაქვს როდის გავხდები. ადრე არ ვიყავი ესეთი მსუქანი, პატარაობის ფოტოებს რო ვუყურებ ხოლმე ნერვები მეშლება. მერე გავსუქდი, არადა არ მიყვარს ჭამა. დედაც მსუქანია, მამაც და ბებოც. ისე ძაან მიხარია რომ კლასში მაინც ყველაზე გასიებული მე აღარ ვარ. ბალუ კარგი გოგოა, ძალიან მხიარულია და კარგადაც სწავლობდა თავის სკოლაში. მასწვლებელმა რომ გაგვაცნო, მაშინ თქვა “კიდევ ერთი ათოსანი შემოემატა ჩვენს კლასს და იმედია ამასაც არ გააფუჭებთო”. მართლა ძაან კაი ბავშვია, მაგრამ გახდომა რატომ არ უნდა არ ვიცი.

ერთი კვირის წინ გადმოვიდა და უკვე დავმეგობრდით. თავიდან, ბუფეტი სად არისო მკითხა და ვასწავლე, უფრო სწორად გავყევი. ლამაზი ბეჭდები ეკეთა ხელზე, რა ლამაზებია მეთქი ვუთხარი და ერთი ცალი მოიხსნა და მომცა აჰა გქონდესო, მე ბევრი მაქვსო, ჩემი და იწერს ინტერნეტითო. ძალიან ლამაზი ბეჭედია ახლაც მიკეთია. მადლობა მეთქი ვუთხარი და გამიკვირდა, ჩემს კლასელებს არასდროს არ უჩუქებიათ არაფერი ჩემთვის. მერე ბუფეტში ჩავედით და მე ვუთხარი მე დაგპატიჟებ მეთქი და კაიო, ძაან ბევრი რამე აიღო, გამიკვირდა მაგდენს როგორ ჭამს? მე მარტო წვენი ავიღე და ერთად დავჯექით.

— შენ რატო არ ჭამ?
— მე გახდომა მინდა. დიეტაზე ვარ.
— რატო?
— რავიცი, მინდა რო გამხდარი ვიყო.
— და რად გინდა? — მკითხა ბალუმ და ხაჭაპური ჩაკბიჩა.
— არ მომწონს მსუქანი რომ ვარ.
— რატო არ მოგწონს?
— იმიტო რო თორნიკეს არ მოწონს მსუქანი გოგოები.
თორნიკე ვინ არის?
— ჩვენი კლასელია. ოღონდ არავის არ უთხრა ეს რო გითხარი კაი? ეხლა არ დადის სკოლაში მაგის ძმაკაცებს რაღაც ჩხუბი მოუვიდათ და მაგის გამო. ისე კარგი ბიჭია..
— აა, შენ რო მოგწონს ეგ თორნიკე?
— აუ არავის არ უთხრა გთხოვ რა.
— ეგ რო ყველამ იცის?, — გაიცინა ბალუმ და კოკა-კოლა მოსვა.
— ვინ ყველამ?
— რავიცი, მთელმა კლასმა. შეიძლება სხვებმაც მარა სხვებს მე არ ვიცნობ ჯერ.
— შენ ვინ გითხრა?
— მე არ მახსოვს, აი იმ ბიჭმა, სულ რო იცინის, ბრეკეტები რო უკეთია, არ მახსოვს რა ქვია.
— გოგოლაძემ? ვახომ?
— ჰო მგონი მაგან. კაი რა იყო გეწყინა? არავის არ ვეტყვი მე. მეც მომწონდა ერთი ბიჭი ჩემს სკოლაში დიდი ამბავი.
— მე არავისთვის არ მითქვამს.
— ოო კაი რა. და გახდომა რატო გინდა?
— ხო გითხარი უკვე.
თორნიკეს რო მოეწონო? მარა მაგას მგონი შეყვარებული ყავს ხო?
— მოუყოლიათ ყველაფერი უკვე. — გავბრაზდი ცოტა. რა იყო ჯერ წესიერად ბალუს გვარიც კი არ იციან და მთელი სკოლის ამბები მოუყვა ვიღაცამ, რა ჭორიკნები არიან რა. ვისი რა საქმეა ვის შეყვარებული ყავს და ვის არა. — წამო კლასში ზარი იქნება მალე, — ვუთხარი გვანცას.
— აუ დაიკიდე რა ქეთი რა გახდომა, ძაან კაი გოგო ხარ ისედაც. — მითხრა გვანცამ, ბოლო ლუკმა ხაჭაპური გადაყლაპა და კლასში გამოვიქეცით.

ამას მე მგონი არ ადარდებს რო თვითონ ჩემზე მსუქანია. არადა როგორ მოუხდებოდა ცოტა რო გახდეს? ძაან ლამაზი სახე აქვს. ამოვედით კლასთან, გვანცამ ტუალეტში შევალ და მოვალო, კაი მეთქი მე კლასისკენ წავედი. და კლასთან ბიჭებთან ერთად თორნიკე დავინახე, გული ამიჩქარდა, ვითომ ვერ დავინახე და კლასში შესვლა დავაპირე, მარა თვითონ დამინახა და წამოვიდა ჩემკენ.

— ვააა ქეთო! რასშვები?
— რავი, გაკვეთილი გვეწყება, არ შემოხვალ?
— კიკი, მოვდივარ მეც ბიჭებთან მაქვს რაღაც საბაზრო და ისე შენთანაც მაქვს პატარა საქმე მერე.
— რა საქმე?
— აუ მერე გეტყვი რა, კაი?
— კაი.

გული ძაან მიცემდა, ნეტა შეამჩნია ორი კილო რო დავიკელი? ალბათ ვერ შეამჩნევდა. აუ რა საქმე აქვს ნეტა? ალბათ რო არ დადიოდა ცოტა ხანი, ეხლა დავალებებში უნდა დახმარება. ან რომელიმე წიგნი უნდა ვათხოვო, ან რამე დავალებას დავუწერ, ან საკონტროლები როდის გვექნება მაგას მკითხავს, ან მასწავლებლებს რო ვთხოვო არა არ დაუწერონ სანამ არ დადის და ვითომ ავად არის მაგრამ ცნობა ვერ მოაქვს. ან შეიძლება კლასის ამბები გამომკითხოს, ან ჩხუბის ამბები, მარა ჩხუბის ამბები ხო ეცოდინება ისედაც? ყველა ამისი ძმაკაცი იყო, შეიძლება უნდა მომიყვეს რა მოხდა? მარა რატო მომიყვება მე. სხვა სკოლაში ხო არ გადადის რაზმაძესავით? აუ არ ვიცი. ამასობაში მთელი გეოგრაფიის გაკვეთილიც გავიდა და ზარი დაირეკა თუ არა, თორნიკე ჩემს მერხთან გაჩნდა.

— ქეთო წამო რა ერთ წამს გარეთ.
— რა იყო?, — ვითომ დამავიწყდა რომ საქმე ჰქონდა და გაკვირვებულმა ვკითხე.
— წამო საქმე მაქვს თქო ხო გითხარი.
— აა, ხო, მოვდივარ.

კლასიდან გავედით და კიბის კუთხეში მივედით, პასტა მეჭირა ხელში და ვაწკაპუნებდი, ნეტა რა უნდა მითხრას? ვიღაცა ბავშვები გვიყურებენ და ალბათ ჭორაობენ თორნიკემ ქეთი ცალკე გაიყვანაო, დაიწყებენ ეხლა ისევ.

— მალე მითხარი რა, სამასწავლებლოში ჩასვლაც უნდა მოვასწრო.
— აუ ხო, მოკლედ რაღაც უნდა გთხოვო რა.
— მთხოვე.
— ჩვენ ხო ვართ ძმაკაცები? — მხარზე ხელი დამადო თორნიკემ.
— კი. რა იყო? ჩხუბში წამოგყვე?
— არაა გოგო გაგიჟდი? კაროჩე ძაან უცბად მჭირდება რაღაც ფული და ხო არ გაქვს რამე დაგროვებული ყულაბაში ან რამეში? დაგიბრუნებ იასნია.
— რად გინდა?
— აუ მჭირდება რა ქეთო ეხლა ვერ მოგიყვები მარა დამიჯერე ცუდი საქმისთვის არ მინდა, ძმაკაცს დაჭირდა მამამისია ცუდად რა და ხო ხვდები უნდა დავეხმარო რა უცბად ექიმის ფული თუ რაღაცა წამალიო, მოკლედ გაქვს რამე შენ?
— რამდენი გჭირდება?
— მე ბევრი მჭირდება და არ გექნება შენ, მარა რამე თუ გაქვს მომე და სხვასაც გამოვართმევ, მეკოსაც აქვს მე მგონი რაღაც ფული და იმასაც ვთხოვ და შეგროვდება რა.
— და რამდენი გინდა სულ?
— სულ ასი.
— ასი ლარი?
— ჰო აბა დოლარი?
— კაი, მოგცემ ას ლარს.
— ას ლარს საიდან მომცემ გოგო გადაირიე?
— რა გინდა შენ ვა? მაქვს ესე იგი და მოგცემ რო გითხარი. და აღარ გინდა სხვებს არ თხოვო, ხვალ მოგიტან კაი?
— რანაირად კი მარა? თან ჯერ არ ვიცი როდის დაგიბრუნებ, ვინმეს არ გამოართვა იცოდე თუ არ გაქვს.
— მაქვს ვა, რა გინდა? გითხარი მოგცემ ესე იგი მოგცემ.
— აუ ქეთო, პროსტა არ ვიცი რა მეშველებოდა შენ რო არ მყავდე! — წამოიძახა თორნიკემ და ჩამეხუტა.
— გამიშვი რა სამასწავლებლოში უნდა ჩავიდე ხო გითხარი. — გავაშვებინე ხელი და ტუალეტში ჩავირბინე.

დედამ რომ იცოდეს რას ვუპირებ, ალბათ მომკლავს. მაგრამ ვერც შეამჩნევს ალბათ. თან ხო დამიბრუნებს მერე თორნიკე და დავაბრუნებ მეც მაგ ას ლარს. დიდი ამბავი.

კომენტარები
12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი