16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი

ჩანაწერი #16 გუგა ბუკია: ბაბუ

საღამოს სოფელში გამოვიპარე. დედაჩემს საფულიდან 10 ლარიანი ამოვაცალე და მარშუტკას გამოვყევი. ბაბუას ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა. თავიდან ცოტა შეეშინდა, რამე უბედურება ხომ არააო. არა-თქო.

ძალიან მეძინებოდა, მაშინვე ლოგინი გავაშლევინე და დავწექი. ძალიან ადრე იყო, თბილისში ამ დროს არ მძინავს ხოლმე, ან რამეს ვთამაშობ ან ვუყურებ. აქ კიდე არაფერი არაა. ტელევიზორისთვის დიდი ხანია არ მიყურებია და თან დაღლილი ვიყავი. ბაბუაც ადრე წვება ხოლმე. ჩართავს ტელევიზორს, ჩაჯდება თავის სავარძელში და მერე ყვინთაობს. ხანდახან ამოხვრინავს ხოლმე და მაგ დროს ეღვიძება, მიიხედ-მოიხედავს, თვალებს მოისრესს და ისევ აგრძელებს ტელევიზორის ყურებას, რამდენიმე წამში ისევ ეძინება და სანამ ერთი სამჯერ ან ოთხჯერ არ ჩაეძინება და გამოეღვიძება, მანამდე ლოგინში არ წვება.

არაფერი უკითხავს, ალბათ იფიქრა, რომ ჩემებმა გამაბრაზეს და მაგიტომ ჩამოვედი. ბაბუას ყველაზე კარგად ესმის ჩემი. არასოდეს ზედმეტ შეკითხვას არ მისვამს და მე რაც არ უნდა ვკითხო ყველაფერზე მპასუხობს, სიმართლეს და არასოდეს არაფერს მიმალავს.

ბაბუას თავისი ოთახი თავის გემოზე აქვს მოწყობილი. დედაჩემმა და მამაჩემმა ამ ზაფხულს რემონტი გააკეთეს სოფელში, ახალი ავეჯიც ჩამოიტანეს, მაგრამ ბაბუამ თავის და ბებიას ოთახში არაფერი შეაცვლევინა. როგორც დედაშენმა დატოვა ისე უნდა იყოს ყველაფერიო გამოუცხადა დედაჩემს. იქითა ოთახებში რაც გინდათ ისე გააკეთეთ ამ ოთახში მე როგორც მინდა ისე უნდა ვიყოო. ბუხრის თავზე ბებიას ახალგაზრდობის ფოტო უკიდია. ბებიაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო. რო გარდაიცვალა ასე მეგონა ბაბუაც გადაყვებოდა ნერვიულობისგან. მთელი დღეები სავარძელში იჯდა და სივრცეს გასცქეროდა, არც ჭამდა, არც სვამდა, არც ხმას იღებდა. მხოლოდ ორჯერ მთხოვა წყლის მიტანა, მაშინვე მივურბენინე. სამძიმარზე მოსული ხალხიც ვერ ეკარებოდა. ჩაივლიდნენ, “შე საცოდავოო!” ჩაიჩურჩულებდნენ და შედიოდნენ ოთახში. იქიდან გამოსულებიც ისევ ჩაილაპარაკებდნენ რაღაცას და მიდიოდნენ. მერე თითქმის ერთი თვე ხმა არ ამოუღია. მხოლოდ მე მელაპარაკებოდა ხოლმე ხანდახან. დილას ადგებოდა, გავიდოდა ეზოში და მთელი დღე საქმეს აკეთებდა სანამ არ დაიღლებოდა არ ჩერდებოდა. ისევ ცოტ-ცოტას ჭამდა.

ერთ დღეს მამაჩემმა დედას გადაულაპარაკა, ეს კაცი ამდენი ნერვიულობით და შიმშილით თავს მოიკლავსო. ეს რომ გავიგე ძალიან შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ბაბუასთან მივვარდი, “გეხვეწები თავს ნუ მოიკლავ-თქო. ნუ იშიმშილებ და ნუ ინერვიულებ-თქო.” გაეცინა, ცრემლი მომწმინდა, შუბლზე მაკოცა და დამპირდა არ მოვკვდებიო. “მაშინ ჭამე-თქო.” კარგიო, ჩამკიდა ხელი, სახლში შემომიყვანა, დავსხედით და ვისადილეთ. იმის მერე ცოტა მოვიდა ხასიათზე.

ვერაფრით დავიძინე. ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი თავი მეზიზღებოდა. დათოსთან საავადმყოფოშიც არ ვყოფილვარ, შემრცხვა. დედამ და მამამ ძაან ინერვიულეს, ყველაფერი არ მომიყოლია, აბა როგორ მოვუყვებოდი?! მამაჩემს ვუთხარი, ვითომ დათოსთვის უნდოდათ ბიჭებს ფულის წართმევა და მე დახმარება მინდოდა, მაგრამ მეც მცემეს და ვეღარ დავინახე ვინ ჩაარტყა ის ქვა-თქო. მამაჩემი ძაან გაბრაზდა, მაგ ნაბიჭვრების მამებს დავურეკავ, შევხვდები და დაველაპარაკები, ეს რა დამპალი შვილები გაუზრდიათო. ძალიან შემეშინდა. ჯერ ისედაც ასეთი ამბავი იყო და ახლა კიდე მამაჩემი რო ჩარეულიყო ამ ყველაფერში საერთოდ საშინელება მოხდებოდა. კიდე ის მიეცემოდათ სალაპარაკო, რომ მამამისი დაგვაყენა ბუკიამო. ჰოდა, ვერაფერი მოვიფიქრე, დავადე თავი და წამოვედი სოფელში. ჩემებისთვის არ მითქვამს სად მივდიოდი. იფიქრონ, რომ სახლიდან გავიქეცი ან მოვკვდი და ცოტა ინერვიულონ, ჩემზე გადმოიტანონ ყურადღება და მერე იქნება გადაიფიქროს მამაჩემმა, იმათ მამებთან საქმეების რჩევა. ან არ ვიცი, რაც უნდათ ის უქნიათ.

ორი საათი ვიწრიალე საწოლში, ვერ დავიძინე. მგონი მშიოდა და მაგიტომ ვერ ვიძინებდი. ჩუმად ავდექი, რომ ბაბუას არ გაღვიძებოდა და სამზარეულოში გავედი. ყველი, მჭადი და ჩაი გამოვიტანე. მეტი არც მინდოდა და თან დამეზარა. ოთახში რომ შემოვედი, ბაბუა ბუხართან იჯდა და ცეცხლს ანთებდა. მაგიდას მივუჯექი და ჭამა დავიწყე. ხმა არ ამოუღია, არც შეკითხვა დაუსვია, მაგრამ ვიცოდი, რომ ელოდებოდა როდის მოვუყვებოდი რა მოხდა და რატომ ჩამოვედი. ჭამას რომ მოვრჩი გვერდით მივუჯექი. ბუხრის წინ მუთაქა დავაგდე და ზედ დავჯექი. ძალიან მრცხვენოდა იმ ყველაფრის მოყოლა რაც თავს გადამხდა და რაც გავაკეთე, მაგრამ მერე და მერე სულ მომეხსნა კომპლექსი და ბოლომდე მოვუყევი ყველაფერი, ბოლო ჩხუბის ამბავიც.

— ჰოდა, აღარ ვიცი რა ვქნა, ავდგები და თავის მოვიკლავ, ბოლოს და ბოლოს.
ბაბუას გაეცინა.
— მიდი. — მის პასუხზე უცებ შევცბი, არ ველოდი, რომ ასე მიპასუხებდა. — ჰე, მოიკალი, მერე რა შეიცვლება მაგითი?
— ის შეიცვლება, რომ ყველა თავს გამანებებს და იმას მაინც არ იტყვიან ეს როგორ მოიქცაო. აღარ ილაპარაკებენ მაგაზე და არ დამცინებენ, არ შემიძულებენ. დათოც მიხვდება, რომ ძალიან ვნანობდი და მივხვდი რო ცუდად მოვიქეცი.
— ეგ იმათთვის შეიცვლება, შენთვის რა შეიცვლება, შენთვის?
— ჩემთვის?
— ჰო.
— რავი, ყველა შემეშვება და აღარ მექნება ამდენი სანერვიულო.
— რა სულელი ხარ, შვილო.
— არაფერიც არ ვარ სულელი. მერე ყველა მიხვდება ყველაფერს. ის დამპალი დადიანი და ბაკურაძეც მთელი ცხოვრება ინანებენ იმას, ეგრე რომ მექცეოდნენ და დაიტანჯებიან.
— ჰო, მარა მაგას გეუბნები მეცა, შვილო, ეგ იმათთვის, თორე შენთვის არაფერი შეიცვლება. შენ არც გეცოდინება, რომ ეგენი ეგრე გრძნობენ, შენთვის ყველაფერი დამთავრდება აქ. მაშინ როცა შენ ყველაზე ცუდად გრძნობ თავს. მე კი ვიცი, რომ შენ თავს არ მოიკლავ…
— მოვიკლავ.
— მაცადე, ბიჯო. არ მოიკლავ. იმიტომ რომ ეგეთი მშიშარაც არა ხარ.
— ჰო, ვიცი, ვიცი, გამიგია, თვითმკვლელობა ლაჩრობაო, გაქცევაო და ეგეთი რამეები.
— არა. სულაც არა. თავის მოკვლას რო სიმამაცე უნდა, შვილო, მასეთი სხვას არაფერს ჭირდება. შენ თუ იმდენ სიმამაცეს გამონახავ შენს თავში, რომ თავი მოიკლა, მაშინ იმდენსაც შეძლებ, რომ ყველას საკადრისი პასუხი გასცე. მაგრამ თან შენ შემთხვევაში ეგ საქციელი სიმხდალე იქნება. შენ შიშმა იმდენი გაქნევინა, რომ შენს მეგობარს უღალატე, ახლა საკუთარი თავი გეჯავრება და შიგნიდან გჭამს, ეგ შიში ბოლოს სასოწარკვეთაში გადაიზრდება და შეიძლება მართლაც ჩაიდინოს ადამინმა რამე სისულელე. ხანდახან დაცემა კარგია, შვილო. იმიტომ რომ იმის იქით აღარაფერია. მეტი ქვემოთ ვეღარ ჩახვალ, მაგრამ ამ დროს არჩევანი გაქვს, ან მთელი ცხოვრება ხოხვით გაატარებ და სხვები ზედ გადაგივლიან ან კიდევ წამოდგები, ახლიდან გავლას ეცდები, შეიძლება კიდე დაეცე, მაგრამ კიდე უნდა ადგე. ეჰ, შვილო, შენ რო იცოდე ახლა რა სასაცილოა შენი პრობლემა სხვა ყველაფერთან შედარებით რაც ცხოვრებაში მოგელის… ასეთმა პატარა პრობლემამ თუ ბეჭებზე დაგცა, მერე რაღა გეშველება.
— ჰოდა, არაფერი რო არ მეშველება, მაგიტომაც უნდა მოვიკლა თავი.
— ახლა ნუ გამაბრაზებ იცოდე. ვერ გესმის რასაც გეუბნები? კაი, ჰა, თუ თავის მოკლას აპირებ, გადმოვიღებ აგერ თოფსა და დაიხალე მაშინ შუბლში ტყვია, დავურეკავ მერე შენებს, ჩამოვლენ, დაგასაფლავებთ და იწექი გულხელდაკრეფილი სასაფლაოზე. მარა სანამ ჩახმახს გამოკრავ, ერთ რამეზე დაფიქრდი, თუ დასაკარგი აღარაფერი გაქვს და ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა შენს ცხოვრებაში, მაშ ეგ იმას ნიშნავს, რომ ამაზე ცუდი აღარაფერი მოხდება და ვეღარც ვერაფერს დაკარგავ. გაიგე, შვილო, პირიქით, კარგიცაა ასე რომ მოხდა, ჭკუას ისწავლი, ფეხზე დადგომას ისწავლი, ბრძოლას ისწავლი და თავს გაიტან.
— მაშინ იმათ დავხოცავ.
— შენ მე ჭკვიანი მგონიხარ და ასეთი ტუტუცი თუ იყავი, არ მეგონა.
— აბა რა ვქნა ვა?
— კარგი, ბატონო, აი რა გინდა, რომ შეიცვალოს?
— მინდა რო კლასში აღარ მაჩმორებდნენ.
— ეგ გინდა მარტო?
— არა.
— აბა?
— დათოს მინდა, რომ შევურიგდე.
— აი, მაქედან დაიწყე. შენ იცი, რომ გაბრაზებულია შენზე?
— არა. არ მინახავს, არ ვყოფილვარ საავადმყოფოში.
— როდემდე იქნება იქა?
— ხვალ უნდა გამოწერონ წესით. ტვინის შერყევა ქონდა და დაკვირვებაზე ყავდათ ექიმებს, რამე არ გამოგვეპაროსო. რა ვიცი.
— კარგი, როგორ უნდა შეურიგდე?
— არ ვიცი.
— უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო.
— მრცხვენია.
— რისი?
— დალაპარაკების. რა ვუთხრა?
— იმაზე უფრო გრცხვენია, რაც მაშინ გააკეთე?
— არა.
— ჰოდა, მიდი მაშინ.
— რო არ შემირიგდეს?
— ეცადე და შეგირიგდება. ერთხელ თუ არ შეგირიგდა, მეორედ თხოვე. მესამედ. შენ ეცადე, რომ მიაღწიო იმას, რაც გინდა. თუ არ გამოვა არაუშავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ გაჩერდი, როცა მიხვდები, რომ ყველაფერი გააკეთე და მაინც არ გამოვიდა.
— იმათ რა ვუყო?
— ვისა?
— ჩემს კლასელებს.
— მაგათაც დაელაპარაკე.
— არ დამელაპარაკებიან.
— გიცდია ოდესმე?
— არა.
— აბა რა იცი?
— ნაბიჭვრები არიან და ის ვიცი. ბოროტები. არაფერი დამიშავებია მაგათთვის და მაინც ასე მექცევიან.
— ცადე, ყველაფერი ცადე. თუ არ გამოვა მერე სხვა რამე ცადე.
— ვცემო?
— წაარტყი ერთი ორი თუ საჭირო გახდება.
— ვერ მოვერევი.
— არაუშავს, ეგ არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ დაინახონ რომ არ ნებდები და არ გეშინია.
— მერე ეგ რას შეცვლის?
— შენთვის იმას შეცვლის, რომ შენი თავის რწმენას დაიბრუნებ. შეიძლება მოგერიონ და გაგლახონ, მაგრამ შენს თავთან მაინც იქნები მართალი და აღარ შეგრცხვება. დავწვეთ ახლა. ხვალ დილას ადრიანად ავდგეთ და წავიდეთ ქალაქში.
— კარგი.

კომენტარები
11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი