16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი

ჩანაწერი #15 ნინო ბუთხუზი: მშობლები

ძაან ნაწყენი ვარ ჩემს მშობლებზე. ფეისბუქზეც დავწერე, დავუჰაიდე ჩემებს, მაგრამ დედაჩემის დაქალს უნახავს და მიუტანა ენა დედაჩემს, ის გაბრაზდა ძალიან და მეჩხუბა, ჩვენ შენი გახარება გვინდოდა და შენ კიდევ რა უმადური შვილი ხარო. ვერ გავიგე მე მინდოდა თეთრი აიფონი და ამათმა მაჩუქეს შავი! და კიდევ მე უნდა გამიხარდეს? მთელი ღამე ვტიროდი, რამდენი ხანია ვამბობ რომ მინდა თეთრი აიფონი, უკვე ვოცნებობდი როდის მექნებოდა და ყუთი რომ დავინახე გული ამიჩქარდა, დედამ და მამამ მომიტანეს და იდგნენ და მიყურებდნენ გაღიმებულები, მე ვეცი ყუთს და დავიწყე გახსნა თან ძაან მიხაროდა რა მაგარია მეთქი და რომ გავხსენი ვერ დავიჯერე თავიდან რომ ყუთში შავი აიფონი იდო, ვიფიქრე რო შეეშალათ ან მეხუმრებოდნენ. ფეისბუქზეც მანამდე სულ თეთრი აიფონის სურათებს ვდებდი, ვერ ვიჯერებ რომ არ იცოდნენ, ვერ შევიკავე თავი და ტირილი დავიწყე, იმათ ეგონათ სიხარულისგან ტირისო და ჩამეხუტა ორივე და მშვიდობაშიო. არ მინდა მშვიდობაში რად მინდა შავი მეზიზღება რაა!! მერე არ ვუთხარი არაფერი წავედი და ვტიროდი, კიდევ კაი ჩემი დაბადების დღე არ იყო თორემ ჩამშხამდებოდა მთელი დაბადების დღე. მერე ფეისბუქზე დავწერე როგორ არ ვუყვარვარ ჩემს მშობლებს და ყველა მეჩხუბა, ვერ გავიგე რატო? შვილს როგორი აიფონი უნდა არ უნდა იცოდე მშობელმა? რანაირი მშობლები არიან აბა საერთოდ არ აინტერესებთ მე რა მინდა და რა მიხარია ან რა მწყინს ან რა მიყვარს, არაფერი არ აინტერესებთ.

ყოველდღე დავდივარ გაკვეთილებზე, სკოლაში რას გასწავლიანო, მანდ ცუდი მასწავლებლები არიანო, კერძო მასწავლებლებთან დავდივარ, ხან ინგლისური მაქვს, ხან ფრანგული, ხან მათემატიკა, კვირაში ორჯერ ცურვაზე დამათრევენ, კვირაში სამჯერ ცეკვაზე. ერთი დასვენების დღე მაქვს კვირას და მაგ დღესაც მამამ და დედამ დაიჩემეს ერთად უნდა ვიყოთ ოჯახი კვირაობითო, დილიდან ერთად ვსაუზმობთ, მერე მივდივართ ხან ბოულინგის სათამაშოდ, ხან შოფინგზე, ხან კარტინგებზე, ხან მთაწმინდის პარკში, მერე ვჭამთ სადმე რესტორანში, საღამოს კიდევ ან ვინმე მაგათ მეგობართან მივდივართ სტუმრად, ან სახლში ვართ და რამეს ვუყურებთ ერთად სამივენი. საშინელებაა! არც კი მეკითხებიან მე იქნებ არ მინდა ეს ყველაფერი? ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე კვირას კაფეში წავიდეთო და ვერასდროს ვერ მივდივარ, იმიტომ რომ აიტეხა მამაჩემმა ეს ოჯახის დღე. არ შეიძლება ოჯახის დღე ოთხშაბათი იყოს და კვირას თავი დამანებონ?

შარშანაც ზუსტად ეგრე მოხდა, დაბადების დღეზე დისნეილენდში წამიყვანეს, ძაან მინდოდა, სულ პატარაობიდან პრინცესობა მინდა და ჩემი ოცნება იყო დისნეილენდში წასვლა. პარიზში ჩავედით, ვიფრინეთ, დედას არ უყვარს ფრენა, თვალებს ხუჭავს და ხელს მაგრად კიდებს ხოლმე სკამს. მე მიყვარს აფრენის მერე სულ ფანჯრიდან ვიხედები და ძაან ლამაზია ზემოდან ქალაქების ყურება, მერე მატარებლით ჩავედით დისნეილენდში და ყველაფერზე ვიჯექი, ძაან ლამაზია იქაურობა სულ პრინცესები იყვნენ და რაპუნცელის და სინდერელას კაბა ვიყიდეთ, ჩემი ზომები! ძაან ლამაზები! ფოტოებიც გადავიღეთ ბევრი, ერთ ფოტოში ძაან ცუდად ვჩანდი, კბილები მიჩანდა. ვერ ვიტან კბილები რომ მიჩანს ხოლმე და დედას ვთხოვე ეს არ დადო მეთქი და დამპირდა არ დავდებო. და მერე მაინც დადო! ხო ვთხოვე და ხო დამპირდა, და დადო და თან დამთაგა კიდეც და ძაან შემრცხვა მთელი ჩემი კლასი მილაიქებდა და საშინელი ფოტოა! ხო ვუთხარი არ დადოო, მაინც დადო და არ ვუყვარვარ ესე იგი როგორ დაავიწყდა ეგეთი რამე. მერე ვუთხარი დედა წაშალე ეს ფოტო მეთქი საშინლად ვარ მეთქი და რა გინდა მე კარგად ვარო მითხრა, მაგაზეც მომეშალა ნერვები და იმდენი ვიტირე. მერე სოფოს მოვუყევი და სოფომ მითხრა კაი დაიკიდე მთავარია დისნეილენდში იყავი და ძაან მაგარიაო. არავის არ ესმის რა! სოფოსაც ვეჩხუბე. დისნეილენდში რო ვიყავი მერე რა, მახინჯი თუ ვიქნები ფოტოებში რად მინდა დისნეილენდი?

ახლა გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ ისე მიყვარს დედაც და მამაც, ახალგაზრდები და ლამაზები არიან, ერთხელ დედა სკოლაში იყო მოსული მთელი კლასი ფეხზე წამოდგა რომ შემოვიდა, უკაცრავადო მასწავლებელს უთხრა და ისიც ფეხზე ადგა, ალბათ ეგონა სამინისტროდან იყო ვინმე მოსული, ყოველთვის გამორჩეულად ძაან მაგრად აცვია და ძაან ლამაზია. მაგრამ სულ ნერვებს მიშლიან. რაც გავიზარდე უფრო ხშირად მგონია რომ არ ვუყვარვარ არცერთს. ჩემ დაქალებს ძაან უყვართ დედაჩემი, ჩემთან მოდიან ხოლმე ზოგჯერ სტუმრად, თვეში ერთხელ, ჩემთან მოსვლაც უყვართ და დედაჩემიც, რა ლამაზიაო სულ მეუბნებიან. ჩემზე ყველა ამბობს, რომ მამას ვგავარ.

დღეს სკოლიდან გავეთავისუფლე, დედამ დაურეკა ნანა მასწავლებელს და გააფრთხილა, ანალიზებზე უნდა წავეყვანე. დილით წავედით დიღომში, რომელიღაც საავადმყოფოში. ჩუმად ვიყავით მთელი გზა, მეც გაბრაზებული ვარ და ისიც. არ მეგონა ეგეთი უმადური თუ იქნებოდიო გუშინ მითხრა. არც ჩამირთავს ის აიფონი გდია ისევ ყუთში. არ მჭირდება, მთელმა სკოლამ იცის რომ თეთრი მინდოდა და შავი აიფონით ვერ მივალ. ყველა დამცინებს. საავადმყოფოში დიდი რიგი იყო, მე მგონი სისხლს აბარებდნენ, სისხლის ბანკი თუ რაღაც ეწერა, კარებზე, და დერეფანში ძაან ცხელოდა. ჩვენ ექიმს ველოდებოდით იქვე. ისე ცხელოდა რომ დგომის თავი აღარ მქონდა და კედელზე ვიყავი მიყრდნობილი. ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ორი ბიჭი ჭადრაკს თამაშობდა ტელეფონში, ჭადრაკი რატო უნდა ითამაშო მობილურში? ალბათ ინტერნეტი არ ქონდათ.

ჰოდა ცოტა ხანში დედაო შემოვიდა და ბოლო ვინ არისო იკითხა, ხელში სკვნილი ეჭირა, აი რომ ლოცულობენ ხოლმე, დედამ უთხრა დაგვლოცე დედაოო, მე თავზე მომეფერა და გამიღიმა, სულ შავები ეცვა და მარტო სახე უჩანდა, ლამაზი თვალები ჰქონდა ისე, ცისფერი. და რაღაცნაირი სუნი ასდიოდა ხელზე, თავზე რომ დამადო მაშინ ვიგრძენი. ვერ გავიგე რისი სუნი იყო, მაგრამ არ მომეწონა. მერე ექიმი გამოვიდა შემდეგიო დაიძახა, მერე დაინახა დედაო რომ იდგა და უიო, თქვენ წამობრძანდითო, დედაოც გაყვა ოთახისკენ, ამ დროს ერთი ბიჭი წამოხტა სკამიდან და ძაან ხმამაღლა უთხრა, უკაცრავად აქ ყველანი დიდი ხანია ველოდებით ჩვენს რიგსო და ურიგოდ რატომ შეგყავთო? ექიმმა არ უპასუხა არაფერი და იქ ვინც იჯდა ყველა ჩუმად იყო, მერე დედაომ თქვა კაი არ მინდა რიგს დაველოდებიო და დადგა და ლოცვა გააგრძელა. მე ვერ გავიგე რა მოხდა, და დედას ვკითხე რა მოხდა მეთქი, დედამ მითხრა ვიღაც ინტრიგანი და უზრდელი ბიჭია, დედაო არ შეუშვა ურიგოდო. ვერ გავიგე, ინტრიგანი რას ნიშნავს?

კომენტარები
10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი