16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი

ჩანაწერი #14 შოთა ლომიძე: საჩუქარი

დღეს მამამ აიპედი მაჩუქა. დაბადების დღეზე ფული არ ჰქონდა, დაუგვიანეს ხელფასი და ვერაფერი მიყიდა, ბოდიში მომიხადა და შემპირდა ფული რო მექნება ორმაგად აგინაზღაურებო. ახლა პრემიაც ჩაურიცხავთ და წასულა და უყიდია. რომ მოიტანა ისე გამიხარდა, ეგრევე ვეცი და ჩავეხუტე და კოცნა დავუწყე. ცოტა გაბრაზდა ამაზე. ხო იცი არ მიყვარს როცა მეხუტები, ბიჭებს არ უნდა ბევრი მოფერება, არ შეიძლებაო. ერთხელ სოფელში ჩამოვიდნენ ეგ და დედა და რომ გავექანე ჩასახუტებლად გამაჩერა და დედასკენ მიმატრიალა. “ბიჭები არ ეხუტებიან!” — შემახსენა და დედაზე მიმითითა იმას ჩაეხუტეო.

დედაჩემსაც უშლის ხოლმე ბევრ მოფერებას. ბიჭია და არ შეიძლება, სუსტი გაიზრდებაო. საბავშვო ფილმებსაც არ მაყურებინებს. ჰარი პოტერის ნახვა მინდოდა ერთხელ და ამიკრძალა, არაეკლესიურია და თან ვიღაც სულელ ბავშვებზეა, რომლებიც აქეთ იქით დარბიანო. დამსვამს ხოლმე და მაყურებინებს “კაცურ” ფილმებს. “შესანიშნავი შვიდეული,” “ზლოი, პლახოი, ხაროში,” “კროსნი აწეცი,” “ადნაჟდი ვ ამერიკე” და ეგეთ რამეებს. ძველი ფილმებია და ძაან არ მიყვარს მაგეების ყურება, მარა რა ვქნა.

წინა კვირას, რო დავიწუწუნე, ცოტა ახალი კინო ვნახოთ-თქო, “გლადიატორი” ჩართო და ვუყურებდით. ერთი მომენტი იყო ძალიან საინტერესო. ის ძალიან ცუდი ტიპი რომაა, კომოდო თუ ვიღაცა, იმპერატორის შვილი. ის ეუბნება მამამისს, სანამ მოკლავს. “შენ არასოდეს გიყვარდიო. ერთი ტკბილი სიტყვა გეთქვა ან ერთხელ ძლიერად ჩამხუტებოდი და მაშინვე სხვა ადამიანად ვიქცეოდიო.” ამ დროს გადავხედე მამაჩემს, ნეტა რას ფიქრობს-თქო. ეძინა. სავარძელში იჯდა, ეძინა და სიგარეტი საფერფლეში ხრჩოლავდა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მამაჩემზე უფრო მეტად ჩემი მამაო მიყვარს. შარშან დავიწყე მასთან სიარული. სულ მეფერება და სულ მარიგებს. ხანდახან თავის სახლშიც მივყავარ, თავისი შვილები გამაცნო, 8 შვილი ყავს, ერთი გოგო, ქეთევანი, ჩემი ტოლია და მასთან ვმეგობრობ. ერთხელ, მამაომ იხუმრა კიდეც თქვენ უნდა დაგაქორწინოთო. მე მომწონს ქეთევანი და მგონი მასაც მოვწონვარ. ძალიან ჭკვიანი გოგოა, სულ წიგნებს კითხულობს და მეც მაკითხებს ხოლმე. ჰარი პოტერზე რომ ვუთხარი, მამაჩემი მიშლის და არც ფილმს მაყურებინებს და არც წიგნის წაკითხვის უფლებას მაძლევს-თქო, გაეცინა, რატო მამაჩემს არ უთხარიო. რავი შემეშინდა-თქო და მაგაზე უფრო იცინა. მამაოს დაუძახა, მოუყვა და მერე ერთად იცინეს. თაროდან გადმოიღო პირველი წიგნი, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” და მითხრა ჩემთან რო ამოხვალ აქ იკითხე ხოლმეო. მამაჩემის კიდე ნუ შეგეშინდება, ამდენი ხანია მასთან დადიხარ და რით ვერ ისწავლე, რომ ბნელი და არანორმალური არ არისო.

ძაან მიყვარს მამა ალექსი. შარშან ძალიან შემთხვევით გავიცანი. სკოლიდან მოვდიოდი, ნამტირალევი ვიყავი და ქუჩაში დამინახა. ჩვენს სკოლასთან ახლოსაა მისი ტაძარი. მოვიდა, რა გჭირსო. არაფერი, წავიქეცი-თქო. “ნუ მატყუებ, ხო იცი მღვდელის მოტყუება იგივეა რაც ღმერთისო.” რაღა უნდა მექნა, მოვუყევი ყველაფერი. იმ დღეს ბაკურაძე “ხუმრობის ხასიათზე” იყო და ახალი თამაში მოიგონა. კედელთან დამაყენა, პირით კედლისკენ, ყველა ბიჭი დააყენა და რო დავიყვირებ “ცეცხლი!” ყველამ თითო წიგნი ესროლეთო, ვინც თავში გაარტყამს იმას გამოვასწორებთო. ყველამ მესროლა, დაჟე ბუკიამაც და აი, ძალიან გამიტყდა. მაგას ჩემზე უარესად ექცეოდნენ, ჯერ ესენი და მერე ცალკე ბერიძე და მაინც ჩაერთო ამათ უაზრო თამაშში. დანარჩენებზე არც მომსვლია გული, ისინი ისეთი მშიშრები და უპრინციპოები არიან, ბაკურაძეს და დადიანს ლამის მონებად უდგანან.

ძაან ეწყინა მამაოს. ასეთი ამბები კიდე თუ ხდებოდა სკოლებში არ მეგონაო. ჩემს დროსაც ჩაგრავდნენ ბავშვებს და მე ვცდილობდი ყველა დამეცვაო და ერთი ორჯერ მეც ძალიან მაგრად გამლახესო. არაუშავს, არ ინერვიულო, მე და შენ ღმერთმა გვაპოვნინა ერთმანეთი, ჩემთან იარე ხოლმე და დაგეხმარებიო. თავიდან ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ მამა ალექსიმ, დამიშალა, ამდენი დრო არ გაქვს შენ, სწავლას და გაკვეთილებს მიხედე და შაბათ-კვირას მოდი ხოლმეო. მერე სტიქარიც ჩამაცვა.

კლასში რომ გაბაზრდა, რომ სტიქაროსანი გავხდი შემეშვნენ, აღარ მჩაგრავდნენ და აღარ დამცინოდნენ, პირიქით, თითქოს ცოტა უფრო მეტი პატივისცემა გაუჩნდათ ბიჭებს. ერთი-ორჯერ ჩავერიე კიდეც რაღაც ჩხუბში, გავაშველე და დადიანს და ბაკურაძეს ვუთხარი თავი დაენებებინათ ბუკიასთვის, მარა მაგ დროს ცოტა გაბრაზდნენ და შენ ხო არ გგონია ეგ შენი ეკლესიურობა ბოლომდე დაგიცავსო, არაფერს რო გეუბნებით, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა გადაიჯვაო და გამომაგდეს. შენი ადგილი იცოდე და სადაც საქმე არ გაქვს ცხვირს ნუ ჩაყოფო. მამა ალექსის მოვუყევი ეს ამბავი და დამამშვიდა, არაუშავსო. პირიქით, ძალიან კარგია და ყოჩაღი ხარ, რომ ხმა ამოიღეო. ყველაზე ცუდი გულგრილობაა და ჩუმად ყოფნაო. ნელ-ნელა გაძლიერდები, შენს თავში ძალას იპოვი და ყველა უსამართლობას დაამარცხებო.

მამაჩემს ვერ ვუყვები ამეებს. რომ გაიგოს, რომ ასეთი მშიშარა შვილი ვყავარ, შეიძლება სახლიდანაც გამაგდოს. ან რამე დებილობა მოიფიქროს. ლამისაა ლეონიდასის ტექსტებით მელაპარაკოს, “300”-დან.

თამაშები არ ჩაწერო აიპედზეო. გამოგასირებსო — ზუსტად ასე მითხრა. მივაგდე, აბა რა ჯანდაბად მინდა. ჯერ სკოლაში არ მჭირდება და თავისუფალ დროს თუ არ ვითამაშე რად მინდა, თვითონ ჰქონდეს.

— რა ხდებოდა დღეს სკოლაში? — სხვათა შორის მკითხა — მოვიდნენ ის ბავშვები?
— არა.
— როდის მოვლენო რას ამბობენ?
— არ ვიცი. რაზმაძე გადაყავთო ვაბშეო. დადიანი მამამისს უცემია ძალიან და ვერ ივლის კარგი ხანიო.
— მასე ცემა?
— არ ვიცი.
— ეგრე რო ექცევა ბავშვს იმიტომაც ჩაარტყა ვიღაცას თავში. — ჩაერთო დედაჩემი.
— გაჩერდი, ქალო, ერთი! ცემა რო რამეს ვნებდეს ადამიანს, მაშინ მე გიჟი უნდა ვიყო. შენ ხო არ გჩაგრავს ვინმე, ბიჭო?
— არა. მე ვინ უნდა დამჩაგროს?
— ხოდა, არავინ. იცოდე, რო გავიგო რო ვინმეს რამე დაუთმე, არ ვიცი რას გიზამ იცოდე რა. პირდაპირ ჯარში გაგიშვებ.
— აღარ არის ჯარი და თან ადრეა ჩემთვის.
— მოვიფიქრებ რამეს, შენ არ ინერვიულო.
— წავედი მე.
— სად მიბრძანდები?
— მამაოსთან ავალ.
— რას დაეთრევი ამ მამაოსთან, შენ გარდა 8 შვილი ყავს იმას. უპატრონოაო არ იტყვის?
— არა. ვუყვარვარ მე.
— მე არ მიყვარხარ, თუ რატო გარბიხარ იმასთან. წამო, კაი კაცური კინო გაყურებინო.
— არ მინდა. მერე ვუყუროთ საღამოს.
— კაი, ბატონო. მიბრძანდი იმ შენ მამაოსთან.

არ ვიცი, მარა მგონი მამაჩემი რაღაც პონტში ეჭვიანობს მამა ალექსიზე. სულ მაგაზე მიჩხმახებს, რომ ძალიან ბევრ დროს ატარებო. ერთხელ მიზეზი ვერ მოიფიქრა და გინდა თუ არა ეკლესია და მამაო ჩმორად გაგზრდიან შენო. მანდ სულ ჩმორები მიდიან მეტი რო არაფერი შეუძლიათო. მარა მერე 17 მაისის ამბები ნახა და ძაან გაუსწორდა. ყოჩაღ სამღვდელოებას და ხალხსო. მამა ალექსი კიდე გიჟს გავდა მაგ ამბებზე. ჩვენი მრევლიდან იყო ორი თუ სამი ტიპი წასული და იმხელა სასჯელი დაადო, ყველა გაკვირვებული დარჩა. მერე ისინი ადგნენ და სხვა მამაოსთან დაიწყეს სიარული. მამა ალექსი, პიდარასტების გამო სასჯელს გვადებსო და იმანაც მიიღო, მამა ალექსის კიდე ფეისბუქზე წერდნენ რაღაცებს, შე პიდარასტების დამცველოო და აგინებდნენ. სასტიკად აუკრძალა ყველას ამ ხალხთან ჩხუბი და პასუხი.

კარი ქეთევანმა გამიღო.
— მოდი. შენი კლასელი გვყავს სტუმრად.
— რომელი?
— ლაშა.
— ლაშა?
— ჰო.
დადიანი?
— ჰო, რა იყო?
— რატო? საიდან მოვიდა აქ?
— მამამ მოიყვანა, რა იყო.
— ცუდი ბავშვია ეგ, ბოროტი.
— მამამ არ გაგიგოს ეგ თორე ძალიან გაბრაზდება.
— საიდან მიაგნო?
— შენ რო მოუყევი იმ ჩხუბის ამბავი, ძალიან განიცადა. ჰოდა, დაურეკა ამის მშობლებს, მივიდა, დაელაპარაკა და მოიყვანა მერე ჩვენთან. მამამისს უცემია ძალიან და…
— ვიცი. — ცოტა გავბრაზდი.
— რა გჭირს? რატო ბრაზობ?
— არ ვბრაზობ.
— წამოდი. მოდი, ნაყინი წამომაღებინე.

სამზარეულოში შევედით, ორ ჭიქაში ნაყინი იყო გადმოღებული. ქეთევანმა მესამე ჭიქა გადმოიღო და იმაში კიდე ჩადო ნაყინი.
— იმას გაუკეთე?
— ჰო? და ეს შენ. წამოიღე და კარი გამიღე ოთახის.
— არ მინდა.

ნაყინიანი ჭიქა მაგიდაზე დავდე და წამოვედი. 

კომენტარები
10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი