16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი

ჩანაწერი #13 ნიკა დავითაშვილი: ისევ ჩვენთვის, თორე...

დღეს დედას ველაპარაკე სკაიპით. ეგ და მამა ამერიკაში არიან. დედა ვიღაც მოხუცს უვლის და მამა მშენებლობაზე მუშაობს. უკვე სამი წელია იქ ცხოვრობენ. ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ შესულიყვნენ ვიზაზე, ვიღაც კაცს 15 000 დოლარი გადაუხადეს, რომ იმას ჩაეწყო. ვიღაც ნაცნობი მყავს საელჩოშიო და ისეთ კონსულთან მოახვედრებს თქვენს საბუთებს, რომელიც უეჭველი ჩაგირტყამთო, თუ არა და მთლიანად დაგიბრუნებთ ფულსო. დედამაც, არანაირი რისკი არ არის, თუ არ ჩაგვირტყეს ფულს მაინც არ დავკარგავთო, თუ ჩაგვირტყეს კიდე ამ ვალს ნელ-ნელა გადავიხდითო. ვალი გაისტუმრეს, იმ დღეს მოვკარი ყური, ბებიაჩემს ეუბნებოდნენ, ერთი ორი წელიც გავჩერდებით, ფულს დავაგროვებთ და ჩამოვალთო. მაგრამ ვერ აგროვებენ. ჩემს ძმას ახარჯავენ ყველაფერს. ჯერ მანქანა უყიდეს, ეს კიდე დათვრა და ავარიაში მოყვა. ჯერ ამის ჯარიმები და იმ მეორე მანქანის პატრონის ფულები იხადეს, მერე ახალი მანქანა უყიდეს. ძალიან ათამამებენ და მაგის გამო კიდევ ორი წელი ვერ ჩამოვლენ. რაღაც მომენტებში მეზიზღება კიდეც ჩემი ძმა. ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანია და საერთოდ ვერ შედის იმათ მდგომარეობაში. 21 წლისაა და ერთი გრამი ტვინი არ უდევს თავში. მეც კი ვხვდები რაღაცებს, არადა რამეს რო ვეტყვი, შენ რა იციო, ლაწირაკი ბავშვი ხარ და ნუ გამიბლატავდიო და მეჩხუბება.

ერთხელ ბებიაჩემს ისე მოუშალა ნერვები, რომ ეს მერე ორი დღე ეხვეწებოდა დედას და მამას, რომელიმე მაინც ჩამოდით, თორე სულ წავიდა ხელიდან და რამე შარს გადაეყრება, ან ციხეში მოხვდება, ან მოკვდება და მერე მეც თავი უნდა მოვიკლაო. მამაჩემი ელაპარაკა მერე, ეს შეპირდა, აღარაფერს ცუდს არ ვიზამო და დაამშვიდა. ცოტა ხანი კარგად იქცეოდა, მგონი, არ ვიცი. მერე ახლიდან აიშვა. ერთხელ მთვრალი მოვიდა სახლში და იარაღი ამოიღო და მებლატავებოდა, ვინმე რამეს თუ გეტყვის მითხარი და კოჭებს დავუცხრილავო. კარგი-თქო. რა უნდა მეთქვა. მერე ეს ავარიაც მოუვიდა. ვიფიქრე, ახლა მაინც ჩამოვლენ ჩემები და ჭკუაზე მოიყვანენ-თქო, მაგრამ პირიქით ახალი მანქანა უყიდეს. მერე კიდე გაუკვირდებათ ამისი ავარდნა.

ჯერ ის არ ეყოთ, რომ ასეთი პატარები მიგვაგდეს აქ და წავიდნენ და ახლა კიდე ამის ხუშტურებს უსრულებენ. ეგ რო ვუთხარი დედაჩემს, ერთი კვირა აღარ დარეკა მერე. ძალიან ეწყინა. ბოლოს ტელეფონზე დამირეკა და მარტო მელაპარაკა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ წამოსული, რომ კარგი ჭამოთ, კარგი სვათ და კარგად იცხოვროთო. ჩვენთვის კი არ გვინდა ეს ფული და ჩვენთვის კი არ ვიწყვეტთ წელსო. ძალიან გთხოვ კარგად მოიქეცი და ნუ მისაყვედურებ ამის გამო, იცოდე შენი იმედი მაქვს, ვიცი რომ შენი ძმის საშველი არ იქნებაო.

კი ვიფიქრე, ვეტყვი, რას მიდიოდით, მე 10 წლის ვიყავი და ეს ჩემი ძმა 17-ის. ბებიაჩემი მოგვივლიდა, თუ რა? რა ჯანდაბად მინდა თქვენი ფული-თქო. მარა რა აზრი ექნებოდა, ისევ მე მომეშლებოდა ნერვები, ესენი კიდე გაიბუტებოდნენ და იმაზე ინერვიულებდნენ, რომ შვილებს არ უყვართ და არ უფასებენ.

მამაჩემი სამსახურში იყო. დედაჩემი იქვე ცხოვრობს, იმ კაცის სახლში. იმ კაცის შვილებს შეუთანხმდნენ, ერთი ოთახი გამოუყვეს ამათ და ორივე ცხოვრობენ ამ კაცთან ერთად. ბინაში ფულს არ იხდიან და ამით ბევრს ზოგავენ, ხანდახან მამაჩემიც ეხმარება ხოლმე. თვეში ერთხელ უქმე დღეს იღებენ, ვიღაც ქართველი ქალია, რომელიც მოდის ხოლმე და ამათ მაგივრად რჩება აქ, 100 დოლარს აძლევენ მაგაში, თვითონ მიდიან და ისვენებენ, სეირნობენ, რაღაცებს ყიდულობენ და მერე ვიღაცებს ატანენ ხოლმე. ხან ტანსაცმელს, ხან რაღაც წვრილმანებს.

დღეს ახალი ამბავი მაუწყა დედაჩემმა. რომ დამირეკა, რაღაც უნდა გითხრაო და ეგრევე მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ იქნებოდა.
— დედა, მე და მამაჩემმა ვილაპარაკეთ და რაღაცა გადავწყვიტეთ, არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ გვინდა რო ვცადოთ.
— რა?
— გავეყრებით ოფიციალურად და მერე ან მე ან მამაჩემი ხელს მოვაწერთ ვინმესთან, რომ გრინ-კარტა გავაკეთოთ, მერე იქნება თქვენც წამოგიყვანოთ.

ხმა არ გამიცია, ნორმალურად ვერც კი მივხვდი რას აპირებდნენ.
— ცოტა ძვირი კი არის, მაგრამ ცოტა ფული დაგროვებული გვაქვს და მგონი გვეყოფა. თან ერთი ნაცნობი რუსი გოგოა და ის თანახმაა, რომ მამაშენს მოუწეროს ხელი და ნაწილი ახლა მივცეთ და ნაწილი მერე.
— რამდენი უნდა გადაუხადოთ?
25 000
— და ახლა რამდენი გაქვთ?
— ასე თორმეტამდე გვექნება. ამ თვეში კიდე ავიღებთ ცოტას, თქვენ გამოგიგზავნით და თოთხმეტამდე შევაგროვებთ.
— და კიდე ორი წელი რო აპირებდით მანდ გაჩერებას, რამდენის მოგროვება გინდოდათ?
— არ ვიცი, დედიკო, ერთი ორმოცამდე მაინც.
— და ოცამდე რო ახვიდეთ და წამოხვიდეთ და აქ რო იყოთ და მაგ ფულს რამე რო მოუხერხოთ?
— რა მოვუხერხოთ, დედა, რა ვაკეთოთ მანდ?
— მანდ რას აკეთებთ, ვიღაცებს უვლით და რაღაცებს ზიდავთ.
— ხო, მარა…
— რამდენი ხანი უნდა გრინ კარტის გაკეთებას?
— ორი წელი უნდა, მერე ისევ გაშორდება იმ გოგოს. ჩემთან მოაწერს ხელს. მერე კიდევ 2 თუ 3 წელი უნდა მოქალაქეობა რო აიღოს და ყველას ერთად გაგვიკეთებს საბუთებს და წამოგვიყვანს.
— ანუ სულ 5 წელი?
— ჰო, 5-6 წელი.
— რავი, კარგი.
— რა იყო?
— არაფერი.
— რა ვქნათ აბა შვილო? წამოვიდეთ მანდ? ეს ფული დაიხარჯება ორ თვეში და მერე რა ვქნათ? ნორმალური სამსახური მანდ არ არის და ისევ უნდა ვიჯდეთ სახლში და იმაზე ვიფიქროთ როგორ წამოვიდეთ ისე აქ? და მერე რა თქმა უნდა აღარ გამოგვიშვებენ.
— არაფერი არ მინდა, რა გინდა, ვა? გითხარი რამე?
— კარგი. კარგი.
— კაი.
— სკოლაში რა ხდება?
— არაფერი.
— ის რაღაც ჩხუბი რო მოხდა, შენს კლასში იყო?
— არა.
— აბა?
— პარალელურში.
— ვაიმე, მომიყევი ნორმალურად, შვილო რა. ამ ბებიაშენმაც არ იცის ნორმალურად.
— არც მე არ ვიცი. პარალელურ კლასში მოხდა.
— რაზე იჩხუბეს?
— რა ვიცი მე, ფულის წართმევა უნდოდათ ერთისთვის და არ დაუთმეს თუ რაღაცა და იჩხუბეს.
— ვაიმე, მომიკვდეს, თავი. შენზე არ გაიგონ ბიჭო, რომ დედ-მამა ამერიკაში ყავსო, ფული ექნებაო და შენც არ გცემონ, შვილო.
— არა, მე რა უნდა მცემონ, თან ჩემი კლასელები ეგეთები არ არიან.
— ჰო, შენები კარგი ბავშვები არიან.
— არაუშავთ.
— და მოკვდა ის ბავშვი?
— არა. ტვინის შერყევა აქვსო.
— და იმას იჭერენ, ვინც ჩაარტყა?
— არა. რავი. არავის იჭერენო. საერთოდ დახურეს მგონი საქმე და ყველას შეეშვნენ.
— და აბა ახლა როგორ იქნება? ისევ ერთად უნდა იარონ იმ ბავშვებმა კლასში და სკოლაში და ისევ უნდა დახოცონ ერთმანეთი?
— არ ვიცი. ვიღაცა ამბობდა შეიძლება დაშალონ კლასიო, მარა არ ვიცი. მე რა ვიცი. არც დავინტერესებულვარ.
— რანაირად არ დაინტერესებულხარ.
— ო, რავი.
— რა უცნაური ბავშვი ხარ რა.
— ბესომ რაო?
— რაზე?
— თქვენ გაშორებაზე და გრინ-კარტაზე.
— არაფერი, რა უნდა ეთქვა, არ იცი, მაგას ფული ვუგზავნოთ და მეტი არაფერი აინტერესებს.
— თქვენი ბრალია ეგ ყველაფერი და მეტის ღირსები ხართ! — მკაცრად ვუთხარი.
— რა ვქნა შვილო? მითხარი რა უნდა ვქნა?
13 წლის ბავშვს რომ მეკითხები რა უნდა ქნა, თავის დროზე უნდა გეფიქრათ მაგაზე.
დედაჩემს უცებ გაეღიმა, არადა მეგონა ეწყინებოდა.
— ჩემი ფილოსოფოსა — მომეფერა. — აი, დედიკო, შენს თავს გეფიცები, ისწავლე ძალიან კარგად. სანამ სკოლას დაამთავრებ მანამდე მე და მამაშენი ამ საქმეს მოვაგვარებთ და შენ თუ ჰარვარდში არ ჩაგაბარებინო, აგერ ნახავ.
— არ მინდა ჰარვარდში.
— სადაც გინდა იქ ჩააბარე.
— კარგი. წავედი.
— კარგი, დედა, გკოცნი და მიყვარხარ.

ბესო ისევ მთვრალი მოვიდა. ჩუმად შემოიპარა და სამზარეულოში შემოვიდა. მაცივარში ორი ბოთლი ლუდი შედო. ასეთი ჩვევა აქვს, რო დათვრება ყოველ ჯერზე დილისთვის საპახმელიო მარაგი მოაქვს.
— კიდე დალიე?
— აუ, ნუ შემეცი რა. შენ ვინ გეკითხება, ტო?
— რავი. არავინ, მარა რო დალეწავ მაგ მანქანას კიდე ორი წელი ვერ ჩამოვლენ ისინი იქიდან შენ გამო.
— ისინი ისედაც არ ჩამოვლენ ერთი ხუთი წელი. ყლეზე ვკიდივართ. გრინ-კარტებს ჩალიჩობენ, ბაბუუუუუ!
— არ ვკიდივართ. ჩვენთვის ჩალიჩობენ.
— ჩვენთვის არა ყლე.
ჩემთან მოვიდა და ლოყაზე მიჩქმიტა.
— ლაო, პატალა, ამელიკაში წაგიკვანო, დედიკომ? — შეტრიალდა და საძინებლისკენ წავიდა. — დედებს შევეცი…

კომენტარები
9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი