16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი

ჩანაწერი #11 მეკო დიდებულიძე: როდის თხოვდები?

ბიძაჩემმა ცოლი მოიყვანა და სოფელში ვართ. სკოლა გავაცდინე, უკვე ერთი კვირაა თორნიკე არ მინახავს და ძალიან მენატრება. ვმესიჯობთ ხოლმე ცოტა ხანი, არ უყვარს მესიჯები გოგო კი არ ვარო, უბრალოდ მომწერს ხოლმე rashvebii? და მერე რომ ვპასუხობ თვითონ აღარ მწერს. არ სცალია ალბათ, თამაშობს.

ქორწილში ჩემი საყვარელი წითელი კაბა უნდა მეცვას, ცოტა დამიმოკლდა, მაგრამ ძაან არ გეტყობაო დედამ, მკლავებს ავიკეცავ, ვითომ მოკლემკლავიანია, ძალიან მიყვარს ეს კაბა. შაბათს იქნებაო ქორწილიო, მაგრამ შეიძლება არც იყოსო. წუხელ დიდ ოთახში ლაპარაკობდნენ, ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, მეორე ბიძა და მისი ცოლი, და ეს გოგო, ანი ქვია და ბიძაჩემი, კიდევ ანის მშობლებიც იყვნენ და ჩვენი მეზობლებიც, ბავშვები გამოგვყარეს, მაგრამ ვუსმენდით მეორე სართულიდან, ჩემმა ბიძაშვილმა ხათომ გვანახა იატაკში დიდი ნახვრეტი ფიცრებს შორის და იქ შევიკრიბეთ ყველანი, ყველაფერი კარგად ისმოდა, ცოტა ჩანდა კიდეც ოთახი. ნუგოს ძლივს ვაჩუმებდით ოღონდ სულ ცანცარებდა, პატარაა და არ იცის. მერე მოვიფიქრეთ, მორიგეობით გაგვყავდა გარეთ და ვართობდით, ამიტო ყველაფერი ვერ მოვისმინე.

ისე ანი ძალიან ლამაზი გოგოა, ქერა თმა აქვს, და ცისფერი თვალები, 16 წლისაა, ოღონდ ხათომ მითხრა სულ ცუდ ხასიათზეა ხოლმეო და ბებოს არ უყვარს, უჟმურს ეძახისო. ბიძაჩემი კიდევ პირიქით, მხიარულია ძალიან და შავი შავი ყველაზე შავი. სულ იცინის და ანის ეხუტება, მაგრამ ანი სულ ჩუმად არის. რაც ჩამოვედით ჩემი სახელიც კი ვერ დაიმახსოვრა, სულ გონია მეზობლის ბავშვი ვარ.

წუხელ გავიგონეთ თურმე სკოლასთან მოუტაცია ბიძაჩემს. მანქანაში ჩასვეს და წამოიყვანა, ცოლად უნდა მოიყვანოს. ალბათ შეყვარებულები არიან. კიდევ ქორწილის ამბებზე ლაპარაკობდნენ ვინ უნდა დაპატიჟონ და ვინ არა. მერე ანიმ ტირილი დაიწყო და ყველა გაჩუმდა. დედაჩემი მივიდა და შეეკითხა “ანი შენ გინდა დარჩენა?” მე ვერ გავიგე სად უნდა დარჩენილიყო. ანი ტიროდა და ტიროდა. მერე დედამ უთხრა თქვი თუ არ გინდა და შენს მშობლებს გაყევი სახლშიო. ანიმ თქვა არ მინდა სახლშიო. ანუ რჩებიო? კიო დააქნია თავი და მაინც გააგრძელა ტირილი. ვერაფერი ვერ გავიგე თან მაგ დროს ჩემი ჯერი მოვიდა ნუგოს გასეირნების და რო დავბრუნდი მოსასმენად ისევ ქორწილზე ლაპარაკობდნენ, ვიღაც ნათესავებზე თქვეს არ დავპატიჟოთო, ეგენი ქორწილებში და გასვენებებში ფულს არ წერენ, მუქთა ხალხიაო. ფული როგორ უნდა დაწერონ? ქართულის მასწავლებელმა ჯერ კიდევ შარშან გვასწავლა, რომ წერენ მხოლოდ წიგნებს და ხატებს. სოფელში ალბათ არ სწავლობენ კარგად და არ იციან.

დღეს ანისთან მისი ორი დაქალია მოსული სტუმრად, შოკოლადები მოგვცეს ბავშვებს და თვითონ ანის ოთახში შეიკეტნენ. ანის და მერაბიკოს ოთახი მეორე სართულზეა, ბებიაჩემი სპალნას ეძახის, შიგნით სულ დალაგებულია და დგას დიდი საწოლი და სარკიანი კარადა, ბავშვებს არ გვიშვებენ ხოლმე სულ ჩაკეტილი იყო. ახლა გააღეს ბიძაჩემისთვის და ანისთვის. შარშან შევიპარეთ მე და ხათო და კარადაში ვიპოვეთ ნაირნაირი ხალათები და ტრუსიკები. მერე დედამ დაგვინახა და გამოგვყარა, თმებს დაგაწიწკნით კიდევ რომ შეხვიდეთ და აქ იბუჯუროთო.

შოკოლადები უცებ შევჭამეთ და ჯოკრის სათამაშოდ გადავედით გადაღმა. მამუკა და ნიკა არიან ჩამოსულები, მაგათ თურმე ბაბუა მოუკვდათ მეორე სოფელში და ბარემ აქაც გამოიარეს. ეგენიც თბილისში ცხოვრობენ. მამუკა ძაან მაღალი და დიდია, მე მგონი 15 წლის არის, ნიკა ჩემხელაა, ძმები არიან. დავიწყეთ თამაში და ამ დროს ვახო მოვიდა. ვახოც დიდია, 14 წლის, აქ ცხოვრობს და ძაან შავია იმიტო რო მაიკა არასდროს არ აცვია ხოლმე, ვა ჯოკერს თამაშობთო? გოგოები როდის მერე თამაშობენ ჯოკერსო. მამუკამ უთხრა რატო არ უნდა თამაშობდნენ კი მაგრამო? რა ქალის საქმეა ბიჭო ჯოკერიო, იმან უთხრა. ხათომ უთხრა შენ ვინ გეკითხება საერთოდო და გავაგრძელეთ თამაში. მერე ვახო ჩემზე გადმოვიდა და რამდენი წლის ხარო შენო, 12-ის ვარ, 13-ის ვხდები მალე მეთქი ვუპასუხე, არა უშავს დაგელოდები და რო გაიზრდები შეყვარებულები ვიყოთო. მაგას უკვე ყავს შეყვარებულიო ხათომ უთხრა. ვაა, ასეთ პატარას შეყვარებული გეთომარება უკვეო? ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, მე ძაან გავბრაზდი ვახოს ვუთხარი იდიოტი ხარ მეთქი და წამოვედი სახლში. ხათო გამომყვა სად მიდიხარ ვითამაშოთო, არ მინდა მეთქი დებილებთან თამაში. გზაში მკითხა თომარი რას ნიშნავსო.

— არაფერს.
— ოო აბა რატო გაბრაზდი? რამე ცუდს ნიშნავს?
— ხო. ძაან ცუდს ნიშნავს. გაიზრდები და გაიგებ.
— ოო მითხარი რა მეკო, შენ თუ არ მეტყვი მაშინ დედას ვკითხავ.
— გაგიჟდი? არ კითხო, კაი გეტყვი. თომარი ნიშნავს აი დიდები რო შვრებიან.
— რას შვრებიან?
— აუუუ. აი რო კოცნიან ერთმანეთს ტუჩებში და თან რო ხელებს უსვამენ.
— სად უსვამენ?
— აუ ხათო რა გჭირს არ გინახავს კინოში არასდროს?
— მინახავს ზემოდან რო აწევს ტიტველი კაცი ქალს. ეგ არის თომარი?
- არა, ეგ სხვა რამეა, თომარი არის ბიჭი რო ძუძუებზე და ტრაკზე უსვამს ხელს გოგოს და თან კოცნის ტუჩებში. ვსო. გაიგე ეხლა?
— აა. და შენ რო ძუძუები არ გაქვს ჯერ?
— ჰოდა ვახო არის იდიოტი და თორნიკეს რო ვეტყვი რაც მითხრა ნახავ რაც მოუვა.
— ჰო იდიოტია ვახო. ყველამ იცის, სკოლაში სულ გოგოებს დასდევს და ერთი მაკოცნინე ტუჩებშიო. დებილია. მაგრად ცემენ მაგას ერთხელაც იქნება. აუ წამო ანის მოვუსმინოთ რას ჭორაობს ერთი თავის დაქალებთან. არ გაინტერესებს?
— კი ძაან. მარა შეკეტილები იქნებიან სპალნაში და როგორ?
— ვიცი როგორც, — გაეცინა ხათოს და გაიქცა, მეც გავეკიდე.

მეორე სპალნაში შევედით, სადაც მეორე ბიძაჩემს და დეიდაჩემს სძინავთ, ანუ ხათოს დედას და მამას. აი შეხედეო, კედელთან მივიდა ხათო და გადაწია ფარდა, უკან კარი ყოფილა კედლის მაგივრად, და ღრიჭოში ჩანდა ანის ერთი დაქალი. ხმა ძლივს ისმოდა ძაან ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც გავიგონეთ. ანის ერთი დაქალი ყვებოდა რაღაცას.

— გიჟს ჰგავს, სულ მთვრალია. არ დამენახოს არასდროსო შენზე უთქვია, აქაც აპირებდა მოვარდნას, მაგრამ რა აზრი აქვსო ბიჭებმა გააჩერეს, ყველაფერი მოხდებოდაო.
— ჰო.
— შენ არ შეგხმიანებია?
— არა.
— ჰო, გაბრაზებული იქნება, რა უნდა გითხრას ისე. არც მოუწერია არაფერი?
— არაფერი.
— შენ მიწერე რამე?
— არა.
— რა უნდა ქნა?
— არაფერი.
— ანუ გადაწყვიტე რო რჩები?
— აბა რა ვქნა?
— არ ვიცი. ნიკუშა ძაან ცუდაა, არ გამოფხიზლებულა ერთი კვირააო ბიჭებმა თქვეს. მერაბიკოს ცემასაც აპირებდა მარა ვერ დაიჭირა ვერსად.
— რა აზრი აქვს?
— არ ვიცი მარა ძაან ცუდად როა კი თქვეს და. ისე მერაბიკო კაი ბიჭია?
— რავიცი, ჩვეულებრივი.
— და ნიკუშა არ გენატრება?
— გაჩუმდი გოგო, არ გაიგოს ვინმემ.

მერე ვეღარ გავიგონე, დედაჩემმა დამიძახა, რახან აქ ვართ ნათლიაშენი ვნახოთ წამოდიო. ახლოს ცხოვრობს ნათლიაჩემი. მარინა ჰქვია. დედაჩემის მეგობარია. მივედით და სტუმრები ჰყავდა. სუფრა ჰქონდათ გაშლილი ეზოში, ჟორა ბიძიამ მკითხა როდის თხოვდები მეკო უკვე დიდი გოგო ხარო, სკოლას რომ დავამთავრებ მეთქი, ყოჩაღო, გაუხარდა და სტუმრებმაც შემაქეს. მარინა ნათლიამ უთხრა რეებს ასწავლით ბავშვს ამხელა ხალხიო, მერე ცალკე გამიყვანა კანფეტები მაჩუქა და მითხრა ნათლია არ გათხოვდე ჯერ რა გეჩქარებაო. ისწავლე კარგად და სტუდენტი გახდიო. მე ვუთხარი კარგად ვსწავლობ მეთქი, და კარგი გოგო ხარო, გაუხარდა.

მალევე წამოვედით უკვე ღამდებოდა, ძილის წინ თორნიკეს დავუმესიჯე და მოვუყევი ამბები, ბევრი გულებიც მივწერე და იმან მარტო ერთი გული გამომიგზავნა. ვერ იტანს გრძელ მესიჯებს.

კომენტარები
6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი